უშედეგო დისკუსია - კვირის პალიტრა

უშედეგო დისკუსია

16 დეკემბერს, ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიების მე-14 რაუნდი, რომლის მთავარი თემა ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების საკითხი იყო, უშედეგოდ დასრულდა.

რუსეთის არაკონსტრუქციულმა“და ცინიკურმა განცხადებებმა საქართველოს დელეგაციას იმედი გაუცრუა და შეაშფოთა. ეს გაწბილება შედეგია საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა "არასაკმარისად მტკიცე" პოზიციებისა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, ახალი სამშვიდობო ინიციატივა წამოაყენა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, ცალმხრივად ივალდებულოს ძალის გამოუყენებლობა, თბილისმა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოსთხოვა რუსეთის ფედერაციასაც, როგორც კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარეს.

საქართველოს დელეგაციამ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-14 რაუნდზეც დააყენა, მაგრამ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, 16 დეკემბერს რუსეთის ქმედებები არაკონსტრუქციულობის ყველანაირ საზღვარს გასცდა და იმედგაცრუება და შეშფოთება გამოიწვია: "ჩვენ ვისმენთ ცინიკურ განცხადებებს, რომ, თურმე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ვთვლით, რომ როდესაც ასეთი განცხადებები გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს შეშფოთების საგანია ყველასათვის და რეაქცია ამაზე უნდა იყოს უფრო მყარი და მკაფიო."

გიგა ბოკერიას თქმით, - უფრო მყარი და მკაფიო პოზიციის გამოვლენას საქართველოს დელეგაცია 16 დეკემბერს ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებისგან მოელოდა, მაგრამ მე-14 რაუნდზე ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლების პოზიციები არასაკმარისად მტკიცე იყო, რამაც საქართველოს დელეგაცია გააწბილა:

"პოზიცია, რომელსაც თანათავმჯდომარეები აფიქსირებენ, უნდა იყოს ბევრად უფრო მკაფიო და მყარი. ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი იმედგაცრუება ამასთან დაკავშირებით. გვაქვს მყარი პოზიცია, რომ დაინტერესებული ვართ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებით, მაგრამ, ბუნებრივია, მარტო გაგრძელება არ არის საქმე.

უნდა იყოს არსებითი დისკუსია იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც საშიშროებას უქმნის უსაფრთხოებას, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები და, ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ რაუნდებში თანათავმჯდომარეები უფრო მკაფიო და მყარ პოზიციას დაიკავებენ. ეს აუცილებელია, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ. ასეთ შედეგებს წარსულში ჰქონდა ადგილი და ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რაუნდისას ეს არ ყოფილა და ეს არის პრობლემა".

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის დისკუსიებზე მწუხარებით აღნიშნავს, რომ რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენელთა მხრიდან მე-14 რაუნდზე იგნორირება მოხდა ისეთი საკითხებისაც, როგორიც არის, მაგალითად, ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევა, ან რუსი მაიორის მთავარი როლი საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აფეთქებების სერიაში. თუმცა, გიგა ბოკერია იმედს არ კარგავს, რომ საერთაშორისო მასშტაბის ამ ფაქტებზე რუსეთის ფედერაციას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს რეაგირება.

16 დეკემბერს, მთელი დღის დისკუსიის შედეგად, მხარეები მხოლოდ ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მორიგი, მე-15 რაუნდი 2011 წლის 3-4 მარტს გაიმართება.

რადიო "თავისუფალი ევროპა"