დარბევები მოსკოვში - კვირის პალიტრა

დარბევები მოსკოვში

11 დეკემბერს მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე მომხდარ არეულობას 15 დეკემბრის არასანქცირებული აქციები მოჰყვა, რომელიც ეთნიკური ექსტრემიზმისა და რასობრივი შეუწყნარებლობის აშკარა გამოვლინება იყო.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სამყაროში ექსტრემიზმი ერთ-ერთ გლობალურ გამოწვევად გვევლინება, რომლის ნეგატიური შედეგი უკვე ევროპის ბევრმა სახელმწიფომ იწვნია. ეთნიკური ექსტრემიზმი, როგორც ნაციონალური და რელიგიური დაპირისპირების გამოვლინების უკიდურესი ფორმა, იწვევს არასტაბილურობას საზოგადოებაში, ხელს უწყობს სახელმწიფოებრიობის დასუსტებას, დეზინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, პროპაგანდას უწევს სეპარატისტულ განწყობებს, რითაც აფერხებს საზოგადოების დემოკრატიულად განვითარების პროცესს.

რუსეთში 182 ეროვნების ხალხი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ასწლეულების მანძილზე სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე დამკვიდრდა. როგორც ეთნიკური გაერთიანებები, ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. ექსტრემიზმი კი სწორედ ამ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების, მისი ტერიტორიული ერთიანობის, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საფრთხეს ქმნის.

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, თუ 2004 წელს რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრემიზმის 130 შემთხვევა დაფიქსირდა, 2005 წელს - 152, 2006 წელს - 230, ხოლო 2009 წელს - 548.

2010 წლის პირველ ნახევარში მთელ რუსეთში აგრესიული ქსენოფობიის 90 თავდასხმა დაფიქსირდა, 22 კაცი დაიღუპა, 105 დაიჭრა.  ექსტრემისტული თავდასხმები უფრო ჭარბად ხდება მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში, ნიჟეგოროდის ოლქში, სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში, ალთაის მხარეში, ვლადივოსტოკსა და იაროსლავლის ოლქში.

ჩრდილო კავკასიის ერები, მიუხედავად იმისა, რომ რფ-ის მოქალაქეები არიან და ათწლეულობით ცხოვრობენ რუსეთის დედაქალაქში ან რუსეთის სხვა ქალაქებში, "თავისიანებად" და "ადგილობრივებად" მაინც არ ითვლებიან.

ასეთია რფ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ამავე გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა ორმა მესამედმა განაცხადა, რომ არ შეიძლება "თავისიანები" ეწოდოს ამიერკავკასიიდან ჩამოსულებს: სომხებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს. გამოკითხულთა 68% თვლის, რომ შუა აზიის მცხოვრებლებს საერთოდ არ უწერიათ რუსეთში "თავისიანებად" შერაცხვა. სავარაუდოა, რომ "ჩამოსულების" რუსეთში დაბადებული ბავშვებიც ყოველთვის "უცხოებად" დარჩებიან...

რესპონდენტთა გამოკითხვები ცხადყოფს, რომ რუსეთში ეთნიკური ტოლერანტობის ხარისხი ძალიან დაბალია, საჭიროა, სახელმწიფო სახელისუფლებო შტოების, სამართალდამცავი სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება, საზოგადოებასა და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ინფორმაციულ-პროპაგანდული მუშაობის ჩასატარებლად.

უნდა აუხსნან მათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ეთნოკულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და განვითარება.

ცოდნა ხომ საუკეთესო საშუალებაა შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის პროფილაქტიკისთვის.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი