პოსტსაბჭოთა კონფლიქტები - კვირის პალიტრა

პოსტსაბჭოთა კონფლიქტები

2010 წელი პროდასავლური ოპტიმიზმის ტალღაზე მთავრდება: რუსეთს ერთი ნაბიჯიღა აკლია მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად, მზად არის ნატოსთან სათანამშრომლოდ, რადიკალური ისტორიული ნაბიჯები გადადგა პოლონეთთან შესარიგებლად.

ამავე წელს, რუსეთის ინტეგრაციული მოკავშირის, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ჩატარდა ეუთოს სამიტი. ღონისძიება ნაკლებშინაარსიანი, მაგრამ მეტად სიმბოლური გახლდათ, რადგან ეს იყო დსთ-ის ქვეყნებში ჩატარებული პირველი სტატუსიანი ფორუმი.

პოსტსაბჭოთა კონფლიქტების დარეგულირების პროცესები ყოველთვის აღიქმებოდა როგორც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაახლოების გრადუსის მიმანიშნებელი მთავარი ინდიკატორი.

მოსკოვი, ისევე როგორც ბრიუსელი და ვაშინგტონი, არასოდეს ყოფილა დარეგულირების უპირობო ოპერატორი, რადგან შერიგებისთვის გასაღები თავად მოკონფლიქტე საზოგადოებებშია; მაგრამ საჭიროა იმის გარკვევა, სად და როდის გაუშვეს ხელიდან რუსეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობის დათბობის პოლიტიკური შანსი.

რა გვაქვს დღეისათვის? გასულ ათწლეულში პრაქტიკულად ჩაიშალა დნესტრისპირეთის პროექტი, საქართველოზე გავლენის მოპოვება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე დახურდავდა. თავისთავად ეს შედეგია, მაგრამ პოლიტიკურ სიბრტყეში საქართველოს დაკარგვა ამ შენაძენს აუფასურებს. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი მოსკოვის ჩარევით უფრო გამძაფრდა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლემა საჯილდაო ქვაა დასავლელ პარტნიორებთან დიალოგში. აშკარაა, რომ სააკაშვილი დიდხანს იქნება. მაგრამ საჭიროა შემუშავდეს სცენარი დიალოგისა, რომელიც 2013 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან შეიძლება გაიმართოს.

საქართველოზე გავლენის წინანდელი ბალანსი დარღვეულია, საჭიროა ახლის შექმნა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არ შეიძლება მოექცეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დისკრეტულ, ნახევრად აღიარებულ ჩრდილში. რუსეთის მთავარი ამოცანაა, ეს პროექტი ლეგიტიმური გახდეს არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის, არამედ პირველ რიგში საქართველოსთვის.

ამისათვის რუსეთს უნდა შეეძლოს კავკასიის ამ რეგიონის მიმზიდველი სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმირება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. შეძლებს კი რუსეთი მოდერნიზაციის პროცესში გავლენის ასეთ სუბიექტად ქცევას? გულუბრყვილოდ ჟღერს, უფრო სწორად, ამბიციურად, მაგრამ პოლიტიკამ სწორედ ასეთი მიზნები უნდა დასახოს.

"კომერსანტი", რუსეთი