საუკუნოდ უკვდავყოფილნი - კვირის პალიტრა

საუკუნოდ უკვდავყოფილნი

21 დეკემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა "პოკლონაია გორაზე" დიდ სამამულო ომში რუსების და ქართველების ფაშისტებთან ბრძოლისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

ნახევრად შიშველი ქალიშვილივით გამოიყურებოდა "პოკლონაია გორაზე" ჰაიჰარად ქსოვილმიფარებული მონუმენტი, საიდანაც მოჩანდა ავტომატიანი და საბჭოთა დროშას ჩაბღაუჭებული, ნახევრად დანგრეული რაიხსტაგის წვეტზე მოქცეული ეგოროვი და ქანთარია. უკვე მისტიკურად გვეჩვენება ის კანონზომიერი ფაქტი, რომ ომის ბოლო დღის ერთ-ერთი გმირი სწორედ ქართველი გახლდათ.

ყურადღება მიიპყრო იმან,  რომ ქანთარია ეგოროვზე რამდენიმე სანტიმეტრით დაბალია. იქვე მდგარ მოქანდაკეებს - სალავატ შჩერბაკოვს და ანდრეი კოვალჩუკს ვკითხეთ, შემთხვევითია ეს განსხვავებაო და - არა, ეს ხომ თითქმის პოლიტიკური საკითხია... ეთნოსები... ხომ გესმით, ვინც უნდა იყოს, ცოტათი მაღალიო...

- როგორ მოასწარით ასეთ მოკლე დროში ჯარისკაცებიანი და რაიხსტაგიანი მონუმენტის გაკეთება, თანაც ქუთაისში აფეთქებული მონუმენტის მსგავსისა, - ვკითხეთ.

- გინესის რეკორდების წიგნში ვართ შესაყვანი. ძალიან ვჩქარობდით, ქუთაისში აფეთქებული ძეგლის წლისთავისთვის უნდა მოგვესწრო, - თქვა ნიკოლაევმა, შჩერბაკოვმა დაუმატა, - თანაც, დღეს სტალინის დაბადების დღეც არის და სააკაშვილისაცო...

- და სტალინური პრემიის აღდგენის დღეც, - მოგვახარა ამ პროექტის კიდევ ერთმა გულშემატკივარმა ბ-ნმა არხიპოვმა და მოქანდაკეებზე მიგვითითა, - აი, თქვენ წინ პირველი ლაურეატები დგანანო. ამასობაში, მონუმენტის გახსნის ცერემონიაც დაიწყო. დიქტორმა მისი მთავარი მონაწილეები წარადგინა: მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაშვილი. ქ-ნი ბურჯანაძე შეკრთა, მაგრამ არა იმიტომ, რომ უეცრად ქარბუქი ამოვარდა, მას კი თხლად ეცვა.

- აგრეთვე აქ იმყოფება ბ-ნი ნაგოიდელი! - საზეიმოდ დასჭექა დიქტორმა. ნოღაიდელმა ეს გაუგებრობა არც კი შეიმჩნია.

კიდევ კარგი, რომ დიქტორმა სწორად წარმოთქვა ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის გვარი და სახელი, რომელმაც არა მარტო ცნობილი ფილმი "ჯარისკაცის მამა" გადაიღო, არამედ მოსკოვში ქართული სათვისტომოს ლიდერ მიხეილ ხუბუტიასთან ერთად ფილმის "მოსკოვი-თბილისის" გადაღებას აპირებს. ანუ ჩხეიძემ, კიკაბიძისგან განსხვავებით, არჩევანი არა თბილისის, არამედ მოსკოვის სასარგებლოდ გააკეთა...

გაუმარჯოს ხალხთა შორის მეგობრობასო, - ისმოდა აქა-იქ.

ბოლოს, პუტინმა და სობიანინმა ძეგლს საბურველი ჩამოხსნეს. მონუმენტი შთამომავლებისთვის გაშიშვლდა. ბურჯანაძე კი, თავისი ფეხსაცმელებით, 100-იან ყინვაში, სავსებით გაშიშვლებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

P.S. სპეციალურმა კორესპონდენტმა ანდრეი კოლესნიკოვმა წინადადება წამოაყენა, საქართველოს ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი ნინო ბურჯანაძე, რომელიც იმ ყინვაში ცერემონიაზე თხელ წინდებსა ("ჩულოჩკი") და ფეხსაცმელში ("ტუფელკი") გამოწყობილი მოვიდა, გენერალ კარბიშევის ორდენით დავაჯილდოოთო.

ცნობისთვის: გენერალი კარბიშევი მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში წამებით მოკლეს გერმანელმა ფაშისტებმა. შუა ზამთარში, სხვა ტყვეებთან ერთად, ცივი წყლის შხაპის ქვეშ დედიშობილები დააყენეს და მერე საცვლების ამარა მთელი ღამე მოედანზე გააჩერეს...

"კომერსანტი", რუსეთი