"საქართველოს გადასარჩენად..." - კვირის პალიტრა

"საქართველოს გადასარჩენად..."

- ქალბატონო ნინო, "პოკლონაია გორაზე" მონუმენტის გახსნის ცერემონიაში თქვენმა მონაწილეობამ თბილისი განარისხა. კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ კოლაბორაციონალიზმში დაგდოთ ბრალი - იმ ხალხს უკრავს კვერს, ვინც საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინაო. რატომ გადაწყვიტეთ ცერემონიაში მონაწილეობა და ეთანხმებით თუ არა ასეთ ბრალდებებს?

- ცხადია, არა. საერთოდ არ მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, ვისი წყალობითაც საქართველოში რუსეთის ჯარები დგანან (შეიძლება ყველაზე ნაკლებად ეს კულტურის მინისტრს ეხებოდეს). ჩვენი მთავრობა რომ ჭკვიანურად და ღირსეულად მოქცეულიყო, ამ ომს თავიდან ავიცილებდით. კულტურის მინისტრი კი მაშინ უნდა აღშფოთებულიყო, როცა დიდი სამამულო ომის მემორიალს ანგრევდნენ ქუთაისში, რასაც დედა-შვილი შეეწირა. იმ ადგილზე კი პარლამენტის აშენებას აპირებენ, თითქოს ამით უნდა თქვან, ჩვენთვის სულერთია, ვინ მოკვდება, ვინ დარჩებაო.

- ბუნებრივია, რომ ძეგლის დანგრევის გამო აღშფოთდით, მიესალმეთ მოსკოვში მის აღდგენას, მაგრამ სულ სხვაა რუსეთის ოფიციალურ პირებთან ერთად დგომა. ბ-ნი რურუაც საზოგადოებრივ აზრს გამოხატავს. რამდენად სწორია თქვენი ასეთ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა? გავიგეთ, რომ პუტინსაც შეხვდით. რაზე ილაპარაკეთ?

- ძალიანაც სწორად მიმაჩნია ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგების მცდელობა და ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ არ განმეორდეს 2008 წლის ტრაგედია. ძალიან კმაყოფილი ვარ პუტინთან შეხვედრით, ასევე წინა შეხვედრებითაც. მაშინაც და ახლაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები გაკეთდა.

რუსეთს ჩვენთან ურთიერთობის გამოკეთება სურს, კარგად ესმის, რომ ახლა ჩიხური სიტუაციაა. რასაკვირველია, რუსეთში ზოგიერთი ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა რუსეთისთვის არის ხელსაყრელი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არიან პოლიტიკოსები, მათ შორის, ყოფილი ხელმძღვანელებიც, რომელთაც ესმით, რომ დღევანდელი ურთიერთობა არანორმალურია და არც ერთ ჩვენგანს არ წაადგება.

- რუსეთის ხელისუფლება რაიმეს ხომ არ დაგპირებიათ 2013 წლისთვის ოპოზიციის დასახმარებლად?

- არა მგონია, ამ საკითხზე ღირდეს რუსეთის ხელისუფლებასთან საუბარი. ეს საქართველოს შინა საქმეა.

- სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მოსკოვში კონფერენციაზე თქვა, საქართველო მორიგი პროვოკაციებისთვის ემზადებაო. უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე და გამალებით იარაღდებაო. ამაზე რას გვეტყვით?

- პროვოკაციები ორივე მხრიდან უხვად იყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა... ის, როგორც წესი, თავის შეცდომებზე არ სწავლობს, მაგრამ, მგონია, 2008 წლის საბედისწერო შეცდომას არ გაიმეორებს, რადგან ეს უკვე სააკაშვილის ხელმძღვანელობის დასასრული იქნება - მათ უნდათ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამგვარი პროვოკაციები საქართველოს მხრიდან არ განმეორდება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ ოპოზიციაში განხეთქილებაა, თქვენმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ გამოაქვეყნა ცნობები სააკაშვილისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის შეხვედრისა და გარიგების შესახებ. თურმე თქვენც ხართ ამ ამბავში გარეული...

- ჯერ ერთი, მგონია, რომ ოპოზიცია ერთიანი არც შეიძლება იყოს. მაგრამ ახლა მე სახალხო კრების დროშის ქვეშ ვარ გაერთიანებული, სადაც მეორე, ძალიან სერიოზული პარტია "ეროვნული ფორუმია".

სახალხო კრებას კი სათავეში დიდად პატივსაცემი ადამიანი - მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი უდგას. სახალხო კრების თავმჯდომარეა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი. ასეთი და მათი მსგავსი ხალხი უკან არ დაიხევს, განხეთქილებაზე ლაპარაკი კი...

ძალიან პატივს ვცემ თქვენს გადაცემებს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ აქედან ყველაფერი ადეკვატურად არ მოჩანს. კერძო საუბრებშიც მესმის, რომ საქართველოში სერიოზული რეფორმები ტარდება, რომ პატრული ქრთამს არ იღებს, რომ საქართველოში...

- კი, მაგრამ, რეფორმები ხომ ტარდება.

- დიახ, რეფორმები იყო, იმიტომ, რომ 2008 წლამდე მე ვიყავი ხელისუფლებაში. მაგრამ მერე ამ რეფორმებმა სულ სხვა ხასიათი მიიღო, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ნაცვლად სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის გაძლიერება დაიწყო. მართალია, პატრული ქრთამს არ იღებს, მაგრამ ახლა საქართველოში ელიტური კორუფციაა გამეფებული. ბიზნესი დაშინებულია. აბა, ვინმემ გაბედოს და დააფინანსოს ოპოზიცია. მეორე დღესვე მიადგება საგადასახადო პოლიცია.

მაგრამ მაინც ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიის შუქურაა. აი, კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად დიდი დემოკრატია სააკაშვილი. მან პირველთაგანმა მიულოცა ლუკაშენკოს პრეზიდენტობა... სამწუხაროდ, ჩვენთან მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ჩემი მოვალეობა კი საქართველოში მდგომარეობის გამოსწორებაა.

"ეხო მოსკვი", რუსეთი