გაერო პანკისელ ჩეჩნებს მეფუტკრეობას ასწავლის - კვირის პალიტრა

გაერო პანკისელ ჩეჩნებს მეფუტკრეობას ასწავლის

ლტოლვილთა საქმეებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველომ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, საქართველოს ღარიბ რეგიონებში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის დახვეწის პროექტი დაამუშავა.

პროექტი, რომელიც პანკისის ხეობაში განხორციელდება, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეუმსუბუქებს ცხოვრებას და სამაგალითო გახდება მსგავსი ღონისძიებების გასატარებლად.

ლტოლვილთა გაეროს კომისარიატი პანკისელ ჩეჩნებს 1999 წლიდან ეხმარება. მაშინ  ჩეჩნეთიდან გამოქცეულმა დაახლოებით 8 000-მა კაცმა საქართველოს ამ რეგიონს შეაფარა თავი. მათი უმეტესობა მერე ისევ ჩეჩნეთში დაბრუნდა, ზოგი კი დასავლეთ ევროპაში დაფუძნდა, მაგრამ 800 კაცი ქისტებთან ერთად დღემდე იქ ცხოვრობს.

"დადგა დრო, გვერდში დავუდგეთ საქართველოს ამ მშვენიერ, მაგრამ ღარიბ კუთხეში მობინადრე არა მარტო ლტოლვილებს, არამედ ყველა აქაურს, - განაცხადა გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს წევრმა პიტერ ნიკოლაუსმა, რომლის მისია საქართველოში მთავრდება, - სწორედ ამაში დაგვეხმარებიან კოლეგები გაეროს განვითარების პროგრამიდან".

ამ ორი ორგანიზაციის მიერ დეკემბრის დასაწყისში ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, გაიხსნება საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც მოსახლეობა შეძლებს სპეციალური განათლების მიღებას და პროფესიული ჩვევების განვითარებას. ამ რაიონში წარმატებით შეიძლება განვითარდეს სადურგლო საქმიანობა, კერვა, მეფუტკრეობა.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეცხოველეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა. სასწავლო ცენტრებში ლტოლვილებს და ადგილობრივ მოსახლეობას ასწავლიან, როგორ მოუარონ მერძეულ ძროხებს, შეასწავლიან ვეტერინარიის საფუძვლებს, გააცნობენ მეურნეობის წარმართვის ახალ ტექნოლოგიებს. ყველაფერი ეს კი დიდ წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში.

"უნჰი, შვეიცარია