ერთმანეთს დაერივნენ... - კვირის პალიტრა

ერთმანეთს დაერივნენ...

ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე ცნობილ ოპოზიციონერს ტელევიზიით ორმაგ თამაშში დასდო ბრალი. ახლა ქვეყანა მიხეილ სააკაშვილთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრის ვიდეოჩანაწერის ჩვენებას ელოდება. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ჩანაწერები პრეზიდენტსაც აქვს და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც.

ნინო ბურჯანაძის შავ სიაში არიან: პრეზიდენტობის ექსკანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პოლიტემიგრანტი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი რფ-ში ეროსი კიწმარიშვილი. ამ პოლიტიკოსებმა ცოტა ხნის წინ შექმნეს ოპოზიციური "ქართული პარტია" და განაცხადეს, სააკაშვილის რეჟიმის რეალური მოწინააღმდეგეები ვართო. დღევანდლამდე "ქართული პარტიის" საქმიანობა მხოლოდ საკუთარი თავის პიარით შემოიფარგლებოდა და საზოგადოებას პროტესტის ახალი ტალღის აგორებას ჰპირდებოდა. ის, რომ ჭრელ ოპოზიციურ ბანაკში ყველაფერი რიგზე არ იყო, კარგა ხანია, ნათელია.

სააკაშვილის გადადგომის საერთო მიზან-სურვილმაც  კი ვერ გააერთიანა მოწინააღმდეგეები. საფიქრალია, რომ ოპოზიციონერთა უმეტესობა სააკაშვილზე მეტად ერთმანეთს არ ენდობოდა, ალბათ იმიტომ, რომ იცოდნენ, რაზეა წამსვლელი პრეზიდენტი და ნაკლებად წარმოედგინათ მასთან ბრძოლაში რას იზამდნენ სიტუაციური მოკავშირეები. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო წლებში კალეიდოსკოპური სისწრაფით შემდგარი ყველანაირი ოპოზიციური ალიანსები ისეთივე მსხვრევადი აღმოჩნდა, როგორიც ამ სათამაშოს მოზაიკა.

ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ცნობა, 2008-2009 წლების მრავალათასიანი მანიფესტაციების დღეებში სააკაშვილისა და ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის შესახებ, დაემთხვა წიკილეაკს-ის აღმოჩენებს. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გაზეთში სკანდალური საიტიდან "დაუმუშავებელი" ინფორმაცია მოხვდა: პუბლიკაციაში ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ მოსთხოვა გაჩეჩილაძემ სააკაშვილს პრემიერმინისტრობა, 5 მლნ დოლარი მაშინვე და 10-12 მლნ - მოგვიანებით, საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად, სამაგიეროდ კი "საპროტესტო აქციების შეჩერებას" დაჰპირდა. თანაც, თითქოს გაჩეჩილაძეს მოთხოვნები წერილობით მიუწოდებია...

დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ გაზეთმა თავისი "ვიკილიკსის" ვინაობა გაამჟღავნა - ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე.

ცხადია, ის, რაც ერთი წლის წინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, რაღაც კითხვებს ბადებს. მაგალითად, 2009 წლის 26 მაისს ოპოზიციის ლიდერებმა 75 000-კაციანი "დინამოს" სტადიონის მომხრეებით შევსება შეძლეს. სტადიონის შემოგარენში კი ტევა არ იყო. მაგრამ მერე რატომღაც ლევან გაჩეჩილაძის ძმამ, იმ პოლიტიკური სეზონის მთავარმა კრეატორმა, მომღერალმა გიორგიმ, შეკრებილებს რჩევის მისაღებად პატრიარქთან წასვლა შესთავაზა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გაოგნებული დარჩა - ოპოზიციას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, უმცროსმა გაჩეჩილაძემ კი დაარღვიაო. მოკლედ, უცნაურობები ნამდვილად იყო. ამავე დროს, საეჭვოა, ლევან გაჩეჩილაძე თუ სრულ ჭკუაზე იყო, თავისი ანგარებიანი მოთხოვნები ქაღალდზე ჩამოეწიკწიკებინა და ისეთი უტყუარი სამხილი დაეტოვებინა, რომელიც მის ამბიციებს დაუსვამდა ჯვარს.

თუმცა, მისი მოწინააღმდეგეები აღნიშნავდნენ, რომ ერთ დროს ბიზნესწრეებში (გაჩეჩილაძე კი ოდესღაც ბიზნესმენობდა) საუბრის დროს მიღებული იყო რომელიმე საკითხის გადაწყვეტის საფასურის წერილობითი მითითება, - იქნებ ლევანის სულში ბიზნესმენმა გაიღვიძა და სააკაშვილთან მოლაპარაკებისას ამ "დახვეწილი ჟესტის" გამოყენება გადაწყვიტაო, - ამბობდნენ.

ლევან გაჩეჩილაძე ბრალდებებს უარყოფს და პირდაპირ ეთერს ითხოვს სააკაშვილთან და ბურჯანაძესთან საკამათოდ. კიწმარიშვილი კი ბიწაძე-ბურჯანაძეს ადანაშაულებს - სააკაშვილის დაკვეთას ასრულებენო...

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი