მაინც რა არის ნაურუ? - კვირის პალიტრა

მაინც რა არის ნაურუ?

ნაურუ ოკეანიის კუნძულია, სადაც რუსული კრიმინალური მილიარდების "გარეცხვა" ხდება და სადაც დღემდე ელიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის დაპირებულ ფულს.

ზუსტად ერთი წლის წინ, 15 და 16 დეკემბერს მსოფლიოს ციცქნა სუვერენულმა სახელმწიფო ნაურუმ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის, კირენ კეკეს სახით დიპლომატიური კავშირები დაამყარა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის მთავარი პარტნიორი გახდა. მოსკოვის ხელისუფლებამ განაცხადა, ამ რესპუბლიკების აღიარებისგან დამოუკიდებლად ვაპირებთ ნაურუს ჰუმანიტარულ დახმარებასო.

მინისტრის განმარტებით, აუღიარებელი რესპუბლიკების ბედით რუსეთთან კავშირის შემდეგ დაინტერესდნენ. ნახევარწლიანი დაკვირვებით მიხვდნენ, რომ ორივე რესპუბლიკა ისტორიულად დამოუკიდებელი იყო და საქართველოს ნაწილად თავი არასდროს მიაჩნდათ. "ჩვენ თვითონ გადავიტანეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების მხარდაჭერა, - ამბობს კეკე, რომელსაც საახალწლოდ ჰალსტუხზე ირმებშებმულ მარხილში მჯდომი სანტა-კლაუსი ახატია. მინისტრი კატეგორიულად აცხადებს: დამოუკიდებლობის აღიარებას და მატერიალურ დახმარებას ერთმანეთში ნუ აურევთო, რაზეც ჩვენ შევეპასუხეთ - სწორედაც რომ ერთი საკითხიაო...

ცოტა რამ ნაურუს შესახებ: 21 კვკმ-იან კუნძულზე 10,5 ათასი კაცი ცხოვრობს. სახელმწიფოს დედაქალაქი არ გააჩნია - აქ ქალაქები არ არსებობს. სამაგიეროდ, 14 დასახლებული ადგილი-ოლქია. მმართველ ოლქად ითვლება იარენი, სადაც ქუჩები არ არის. გზა კი კარგია, ოღონდ ერთი, რომელიც 19 კმ-იან სანაპიროს გასდევს. ქვეყანას მტკნარი წყალი არ აქვს, არც ელექტროსადგურები\, სამაგიეროდ, აქვს ხუთი გენერატორი, რომელთაგან მხოლოდ სამი მუშაობს.

ნაურუს არც ვალუტა აქვს (ავსტრალიური დოლარი მოქმედებს), ერთადერთი ბანკი 10 წლის წინ გაკოტრდა. სალაპარაკო ენა ორია - ნაურუული და ინგლისური. სამაგიეროდ, ნაურუში სრული დემოკრატიაა - არც გადასახადებს იხდიან, მედიცინა და განათლებაც უფასოა.

პარლამენტს და მთავრობას სამი წლით ირჩევენ. მთავრობა კი პრეზიდენტს ნიშნავს. ცენზურა არ არსებობს. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ნაურუს მთავარი საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებრივი შენობების კედლებზე გაკეთებული წარწერები იყო. თებერვლიდან გამოდის ყოველთვიური გაზეთი მწინენ კო, ამუშავდა "ნაურუს რადიო" და ტელევიზია.

აქაურები რუსებს "დიდ ძმას" ეძახიან, მაგრამ ოცი გამოკითხული ნაურუელიდან ოთხს თუ გაუგონია სიტყვები "აფხაზეთი" და "ოსეთი", მათგან ერთი - საგარეო საქმეთა მინისტრი კეკეა...

"ნოვაია გაზეტა", რუსეთი