შავი ზღვა რკალში მოექცევა - კვირის პალიტრა

შავი ზღვა რკალში მოექცევა

პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს "შავი ზღვის გარშემო წრიული ავტომაგისტრალის კოორდინირებული განვითარების მემორანდუმის რატიფიკაციის" შესახებ. 7 ათას კმ-ზე მეტი სიგრძის ტრასამ უნდა გააერთიანოს შავიზღვისპირეთის ქვეყნები და გაააქტიუროს მათი ეკონომიკური და ტურისტული კავშირები.

მემორანდუმის მიხედვით იგეგმება წრიული მაღალგამშვებუნარიანი, დაახლოებით 7140 კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობა. ტრასა გაივლის სტამბოლს, ტრაპიზონს (თურქეთი), ბათუმს, ფოთს (საქართველო), ნოვოროსიისკს, დონის როსტოვს, ტაგანროგს (რუსეთი), მარიუპოლს, მელიტოპოლსა და ოდესას (უკრაინა), კიშინიოვს (მოლდავეთი), ბუქარესტს (რუმინეთი), ხასკოვოს (ბულგარეთი), კომოტინის და ალექსანდრუპოლისს (საბერძნეთი), ედირნეს (თურქეთი). პროექტის მონაწილეთა აზრით, მისი განხორციელება ხელს შეუწყობს შავიზღვისპირეთის რეგიონის და მთელი ევროპული კონტინენტის ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას.

კეთილი განზრახვების მიუხედავად, წრიული მაგისტრალის მშენებლობას არაერთი წინაღობა შეხვდება, მატერიალურიც და პოლიტიკურიც. მათ შორის მთავარი საქართველოს პოზიციაა. ექსპერტების აზრით, არის ისტორიული ასპექტიც, მაგალითად, ყარსის 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აჭარის საგარეო გარანტად, რომლის ტერიტორიაზეც ტრასა გაივლის, გამოდიან რუსეთი და თურქეთი.

ანუ გზის გაყვანა ამ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოხდეს. დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი კატეგორიულად აცხადებს, რომ "ყარსის ხელშეკრულების ხსენება XXI საუკუნეში მხოლოდ ისტორიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება. მისი მოხსენიება უფრო მუქარას ჰგავს, ვიდრე თანამშრომლობის სურვილს. ჩვენ თურქეთთან ვმეგობრობთ და ყარსის ხელშეკრულების პუნქტების განხილვამდე საქმე არ მივა - ძალიან ბევრი ქვეყანა აღმოჩნდება გარეული".

საინჟინრო კომპანია Bღ(2ღ)-ის მთავარი ინჟინრის ანდრეი სმირნოვის თქმით, საქართველო მთავარ როლს თამაშობს ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტში: "წრიული გზა, ცხადია, უპირველესია ამ პროექტში, მაგრამ მის მნიშვნელობას ზრდის რადიალური განშტოებები, - განმარტავს ის. ერთ-ერთი ასეთი განშტოება დაგეგმილია საქართველოს ტერიტორიაზე. საუბარია ახალციხე-გიუმრი-ერევანი-რაზდანი-თბილისის მარშრუტზე. ეს გზა საქართველოს მეშვეობით სომხეთს დააკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან.

რაც სომხეთის იზოლირების პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ვარიანტია. სატრანსპორტო არტერიის ამუშავებაში დაინტერესებულია არა მარტო ერევანი, არამედ სტამბოლი, ბაქო და სომხეთის მხარდამჭერი მოსკოვიც. თუ გავითვალისწინებთ დაინტერესებული ქვეყნების რაოდენობას, თბილისზე დიდი ზეწოლა იქნება, ამიტომ რუსეთს და საქართველოს ავტომაგისტრალის სრულფასოვანი პროექტისთვის მაინც მოუწევთ კომპრომისის მოძებნა". კომპანია "ფინექსპერტიზის" გენერალური დირექტორის, აგვან მიქაელიანის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო არ უნდა შეეწინააღმდეგოს ამ პროექტს.

"ის ახლა აქტიურად ავითარებს ზღვისპირა ინფრასტრუქტურას, აღადგენს სასტუმროებს, მომსახურებას. თუ იქ რუსეთიდან არ ჩავლენ, მხოლოდ სომხებისა და აზერბაიჯანელებისგან ბევრს ვერაფერს იშოვიან". ამასთან, დღეს საქართველო, თავისი კურორტებით, თურქეთსაც კი შეუძლია გაუწიოს კონკურენცია, - დარწმუნებულია მიქაელიანი.

"კომერსანტი", რუსეთი