თბილისი ახალ თამაშს გეგმავს? - კვირის პალიტრა

თბილისი ახალ თამაშს გეგმავს?

ოსებს, რუსების დიდი ხნის მოკავშირეებს კავკასიაში, უამრავი მიზეზი აქვთ, არ უყვარდეთ საქართველო და მისი პრეზიდენტი. ეს ეთნიკური ჯგუფი კავკასიის მთებში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ორჯერ ეომა. მეორე ომი 2008 წელს ოსების დასაცავად რუსეთის არმიის საქართველოში შეჭრით დასრულდა.

...ნოემბრის ბოლოს ოსი ალანი შინ დასაბრუნებლად საქართველოს სასაზღვრო პუნქტ ზემო ლარსში რიგს ელოდებოდა. ბევრ ოსს სააკაშვილი სძულს. ალანს ასეთი განცდა აღარ აქვს, მაგრამ ხმამაღლა მისი სახელის წარმოთქმა მაინც უჭირს. "მადლობა უთხარით მას", - თქვა მან და თავი თბილისისკენ გადაიქნია.

ალანი საქართველოში 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა და სააკაშვილის მადლიერია, რომ აქ ძმის მონახულება შეაძლებინა - კავკასიის რეგიონში მოსახლე რუსეთის მოქალაქეთა ნაწილს საქართველოში უვიზო გადაადგილება შეუძლია. საქართველოს ამ ცალმხრივი, მოულოდნელი ნაბიჯისთვის მოსკოვი მზად არ იყო.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ქართველებმა თავი დამარცხებულად და მიტოვებულებად იგრძნეს, რადგან მეტისმეტად დიდ იმედებს ამყარებდნენ ამერიკელებთან მეგობრობაზე და ჩანს, სულელურად სჯეროდათ, რომ უკვე ნატოს წევრების პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მაგრამ საქართველომ უზარმაზარ მეზობელთან მარტოდმარტო ომში საკუთარი ტერიტორიის 20% დაკარგა და გადაწყვიტა, ახალი კურსი აერჩია. სააკაშვილმა "ერთიანი კავკასიის" მისეული ხედვა სექტემბერში გაეროს ასამბლეის სხდომაზე წარმოაჩინა.

"ერთიანი კავკასია, რომელიც ევროპას ეკუთვნის, ოდესმე მიჰბაძავს საქართველოს გზას და თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს შეუერთდება", - თქვა  მან. ეს სიტყვები ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ რუსეთმა მასში საფრთხე დაინახა. თუკი სააკაშვილი წარმატებას მიაღწევს, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები მართლაც ამ„ქართულ გზას“მიჰბაძავენ, რაც სააკაშვილისთვის დემოკრატიზაციას, თავისუფალ ბაზარს, თავისუფალ მედიას და დასავლეთთან მეგობრობას გულისხმობს, მალე რუსეთის გავლენა მის სამხრეთ საზღვრებთან გაქრება.

კრემლი მიხვდა, რომ თუკი ჩრდილოკავკასიელებზე იგივე წესი არ გავრცელდება, რაც რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებზე და ისინი ორიენტაციას თბილისზე აიღებენ, როგორც გასაღების ბაზრის, შემოსავლების, ძალაუფლების და პრესტიჟის წყაროზე, მოსკოვს კიდევ უფრო გაუჭირდება მათი გულის მოგება. ამიტომაც დღეს უკვე მნიშვნელოვნად აფინანსებს ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ბიუჯეტებს და ადგილობრივ პოლიტიკოსებს მოქმედების უპრეცედენტო თავისუფლებას აძლევს.

ცოტაც და ყველაფერი ძალიან ძვირი და არაკომფორტული გახდება და მოსკოვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, სადაც მას სამხედრო ბაზები აქვს, ნაკლები ყურადღების დახარჯვა და შესაბამისად, საქართველოზე ზეწოლის ნაწილობრივ შემსუბუქება მოუწევს.

საქართველოში უვიზო გადაადგილების უფლებამ ჩრდილოკავკასიელ რუსეთის მოქალაქეებს გზა გაუხსნა მანამდე მათთვის დახურული ახალი ბაზრებისკენ. თბილისში რუსეთის მოქალაქეები ჩადიან ავტომობილების უფრო იაფად შესაძენად. ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი შიშობს, რომ რუსეთი ვიზების გაუქმებით ისარგებლებს და საქართველოში საკუთარ აგენტებს ჩანერგავს, სხვადასხვა მეთოდით შეეცდება ქართული სახელმწიფო წყობის შერყევას.

გარდა ამისა, მთების ამ მხარეს რუსული გავლენის შესუსტება შეიძლება ეთნოკონფლიქტებით დასრულდეს. თუკი საქართველოს პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გაზრდის ეთნოკონფლიქტების ნაპრალს, შედეგები შეიძლება უკონტროლო გახდეს.

ქართველებს რეალურად ძალუძთ თბილისი მთელი კავკასიის დედაქალაქად აქციონ, მაგრამ ეყოფათ კი პასუხისმგებლობა იმ ძალაუფლებისთვის, რასაც ეს როლი მიანიჭებთ?

"ფორინ ეფეირსი", აშშ