საქართველო-ევროკავშირის 2011 წლის პერსპექტივები - კვირის პალიტრა

საქართველო-ევროკავშირის 2011 წლის პერსპექტივები

2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ ევროკავშირში გაერთიანება თბილისისთვის აშკარა პრიორიტეტად იქცა, მაგრამ ურთიერთობები, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა, ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი. აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სჭირდება ყველა მხარეს რეალურად ეს ურთიერთობები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილმა საქართველოსთვის მისი ნატოში გაწევრების ამბიციები გადაფარა.

ევროკავშირთან მიახლოება არა მხოლოდ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად იქცა, არამედ რეალური უსაფრთხოების ელემენტად, რუსეთის გეოპოლიტიკური დესპოტიზმისგან თავდაცვისა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიების ანექსიის შეჩერების მცდელობად. ევროკავშირი ამ თვალსაზრისით ერთგვარ ბუფერად იქცა ნატოსა და რუსეთს შორის.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ანალიზისას აუცილებელია ხაზი გაესვას ამ ურთიერთობათა ასიმეტრიას. ესაა ურთიერთობა უზარმაზარი საერთაშორისო ორგანიზაციისა და პაწაწინა, დიდი პრობლემების მქონე ქვეყნისა, თუმცა სავსებით შესაძლებელია ამ პრობლემათა გადაწყვეტა. ამ ურთიერთობებში ევროკავშირი საქართველოსთვის რესურსია, მაგრამ საქართველოსაც აქვს შესაძლებლობები, რომლებიც ცენტრალურ აზიაში გაზრდის ევროკავშირის გავლენას.

უპირველესად, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გამო და იმის გამოც, რომ მას დემოკრატიული ღირებულებებისადმი მყარი განწყობა აქვს. დასავლურაზიური ახალი კავშირის შექმნის გეგმების ფონზე (ეს კავშირი აშკარად ანტიევროპული ბუნებისაა და ცდილობს, ახალ გეოპოლიტიკურ ღერძში რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ჩათრევას) საქართველო ისევ ევროპული საზოგადოებისთვის  ევროპული ცივილიზაციის საზღვრების დამცველის როლს ასრულებს. ასეთია მისი ისტორიული და სტრატეგიული როლი. ქვეყანა ამ როლს 2 ათასი წელია მონდომებით ასრულებდა და ამის გამო სასტიკი საზღაურიც გაიღო.

დღეს საქართველოს ემუქრება პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის სრული დაკარგვა, მთელი მისი ტერიტორიის ოკუპაცია, მისი სახელმწიფოებრიობის განადგურება.

ევროკავშირი რამდენადაა მზად ამ საფრთხეებთან დაპირისპირებისთვის? საქართველოს გადასახედიდან ევროკავშირი ის ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ნეგატიურად განვითარების პროცესი აღკვეთოს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მისი რესურსები დამაკმაყოფილებელი მასშტაბისა არ იყო, ხოლო ის, რაც ევროკავშირს გააჩნდა, ეფექტიანად არ გამოიყენებოდა.

ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის მარცხის შემდეგ, რაც 2008 წლის ომის მერე მოხდა, ინტეგრაცია ევროკავშირში იმ ერთადერთ სპეციფიკურ სტრატეგიულ მიზნად იქცა, რომლის დეკლარირებაც საქართველოს მთავრობას შეუძლია ისე, რომ გარე ზეწოლის რისკი არ გამოიწვიოს.

ამ პოლიტიკისთვის უფრო ადრე რომ მიემართათ და ნატოს მხარდამჭერი ექსტრემიზმი ასე აშკარა არ ყოფილიყო, შესაძლოა ომი არც დაწყებულიყო, მაგრამ პასუხისმგებლობა ამის გამო შეიძლება დაეკისროს არა მხოლოდ სააკაშვილის გუნდს (ეს უთანხმოება უფრო ადრე, შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო), არამედ იმ დასავლელ პოლიტიკოსებსაც, რომლებმაც ვერ მოახერხეს რუსეთის ყველაზე შესაძლო, საბაზისო ნაბიჯების პროგნოზირება, შედეგად ქართველი პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური ექსტრემიზმი  მოულოდნელ ვითარებაში აღმოჩნდა და ისინი ჩაერთვნენ ისეთი კონტროლირებადი სივრცეების განვითარებაში, როგორიცაა ტურიზმის ინფრასტრუქტურა.

ეს სამუშაო მათ საკმაოდ კარგად შეასრულეს. ამ ეტაპზე ისინი ევროკავშირისგან ახალ ინვესტიციებს ელიან, რათა შექმნან ქვეყნის ისეთი მიმზიდველი იმიჯი, რომელიც, პოლიტიკური გრავიტაციის თეორიის თანახმად, დანარჩენ მსოფლიოს მიიზიდავს. ცხადია, უსაფრთხოების პრობლემა ჯერ კიდევ პრიორიტეტად რჩება და როგორც აღინიშნა, მინიმალური ამოცანა შემდგომი ოკუპაციის პრევენცია, ხოლო მაქსიმალური - ევროკავშირის დახმარებით, იმ სივრცეებზე თუნდაც ნაწილობრივი კონტროლის აღდგენაა, რომელსაც მანამდე საქართველო აკონტროლებდა.

მომავალი ხუთი-ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის პრიორიტეტი არა მხოლოდ პოლიტიკურ რეჟიმებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა იყოს. კიდევ ერთ ამოცანად ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბების მხარდაჭერა უნდა იქცეს.

ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმ წარსული წლების შეცდომებს, როდესაც აზერბაიჯანში, სომხეთსა  და საქართველოში სამხრეთ კავკასიის პარტნიორობის განვითარების მცდელობის პირველი ტალღა შეფერხდა. ბოლო ორ-სამ წელიწადში სამხრეთ კავკასიაში რეგიონულმა ინიციატივებმა ტემპი შეანელა და არ მოიტანა მოსალოდნელი შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფორმატში ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, სამხრეთ კავკასიაში ინტეგრაციული პროცესები აღსანიშნავი არაა.

იმის ცოდნამ, თუ რამდენად არაეფექტიანად ვითარდებოდა პარტნიორობა სამხრეთ კავკასიაში, რამდენიმე წლის წინ შემდეგი კითხვა გააჩინა: როგორ უნდა იარონ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ევროკავშირისკენ, ერთად თუ ინდივიდუალურად? თუმცა რეგიონული ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს და ახალი კავკასიური ინსტიტუტებიც იქმნება, რაც კარგია.

რეგიონული უსაფრთხოების სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი კავკასიური ორგანიზაციების სოციალური სტრუქტურის განვითარების დინამიკას უფრო ფართოდ იკვლევს. ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს კავკასიური პარტნიორობის ფორმატების დივერსიფიკაციას და თავადაც სცადოს მათი განვითარება და განმტკიცება. ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მის ქმედებებს კავკასიასა და საქართველოში. ესენია: საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაცია, ანტიდასავლური მთავრობა, მოსკოვის ლობის გამარჯვება და მოსკოვის მიერ საქართველოს დამორჩილება.

"ევროპეან დიალოგუე", ბელგია