რუსულ-ფრანგულ გარიგებას აკრიტიკებენ - კვირის პალიტრა

რუსულ-ფრანგულ გარიგებას აკრიტიკებენ

შობის დღესასწაულის წინ, საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის სადესანტო ხომალდების მიყიდვის გამოცხადებით, უმაღლეს სამთავრობო დონეზე გარიგების ორგანიზატორები რამდენიმემილიონიანი კონტრაქტით ისე ტრაბახობენ, როგორც საფეხბურთო მატჩის გამარჯვებულები.

"საფრანგეთმა გაიმარჯვა", - ნათქვამია ელისეს სასახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. თუმცა ოპონენტებმა, განსაკუთრებით რუსეთის მეზობლებმა, ანუ საქართველომ, ესტონეთმა და ლიტვამ, განგაში ატეხეს - ამგვარად საფრანგეთი გზას უხსნის სხვა დასავლურ ქვეყნებს, რუსეთს მიჰყიდონ ყველაფერი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ უახლესი სამხედრო აღჭურვილობით დაწყებული, ნავთობსადენზე უფლებებით დამთავრებულიო.

"ეს სკანდალია, - განაცხადა ფრანგმა ფილოსოფოსმა ანდრე გლუკსმანმა, - დრო საგანგებოდ შეირჩა. ის საქმიან სამყაროში საშობაო არდადეგებს დაამთხვიეს, რათა ყველა "ბინძური დეტალი" დაემალათ. რუსეთისგან ეს უცხოეთში იარაღის შეძენასთან დაკავშირებული პირველი მსხვილი გარიგებაა, ისევე როგორც ნატოს წევრი ქვეყნისგან იარაღის ყიდვის პირველი შემთხვევა, რაც ერთ დროს საბჭოთა სამხედრო ძლიერების საპირწონედ შექმნილი ალიანსის როლის ცვლილებაზე მიუთითებს."

"ამ ნაბიჯის გადადგმა ნაადრევი იყო. ის ხომ პრეცედენტს შექმნის, - აცხადებს ლიტვის თავდაცვის მინისტრი რასა იუკნიავიჩენე, - ადრე ნატოს ჩინოსნები გვარწმუნებდნენ, ეს გარიგება მგრძნობიარე ტექნოლოგიებს არ მოიცავსო,„მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ ასე არ არის".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა: "ვიმედოვნებთ, რუსეთი გემებს საერთაშორისო სამართლის და თავდაცვის მექანიზმების შესაბამისად გამოიყენებს, მაგრამ მის დღევანდელ ხელისუფლებას ყველაფერს ვერ ანდობ. ის საერთაშორისო კანონებისადმი უდიერი დამოკიდებულებითაა ცნობილი".

ამ კონტრაქტთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ დავაზე ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ამერიკელების საიდუმლო დიპლომატიურ არხებში მოხვდა, ჭიკიLეაკს-მა უკვე გამოაქვეყნა. 2010 წლის თებერვალში, თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ეს საკითხი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ერვე მორენოსთან საუბარში წამოჭრა.

თუკი ელჩის წერილში ფაქტები დამახინჯებული არ არის, ბატონმა გეითსმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებდა საქართველოსთან დაზავების პირობებს, რომელიც სარკოზის შუამავლობით განისაზღვრა. გეითსის დამოკიდებულება გარიგების ორგანიზატორების მიმართ აგდებული იყო: "რუსული დემოკრატია აღარ არსებობს, ხოლო მთავრობა ოლიგარქია, რომელიც სპეცსამსახურების კარნახით მოქმედებს".

"ნიუ-იორკ თაიმსი", აშშ