ყავის რესპუბლიკა - კვირის პალიტრა

ყავის რესპუბლიკა

შავი ზღვის სუბტროპიკული სანაპიროს ყველაზე მიმზიდველ აფხაზეთს 1993 წლიდან მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არანაირი კანონიერი ადგილი არ უკავია.

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოსთან ტრაგიკულ სამოქალაქო ომში აფხაზებმა და მათმა მოკავშირეებმა, ძირითადად, სომხებმა და რუსებმა დე ფაქტო სახელმწიფო ააშენეს.

სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და აქ მისი სამხედრო წარმომადგენლობა მკვეთრად გაზარდა, თუმცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის აფხაზეთი ჯერ კიდევ სუვერენული საქართველოს ნაწილი და, შესაბამისად, უკანონო იურიდიული ობიექტია.

2008 წლის შემდეგ აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი (აფხაზები მას სუხუმს ეძახიან) უფრო მოწესრიგებული ჩანს. მაღაზიები და კაფეები მუშაობს, დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მაგრამ ქალაქს "გამოცოცხლებულს" მაინც ვერ უწოდებ. შავი ზღვის სანაპიროზე ახალშეღებილი სასტუმროების, მაღაზიებისა და პალმების გასწვრივ, სანაპირო კაფე "აკოფთან"“(მისი ბოლო სომეხი მფლობელის სახელი), რომელსაც რუსულად "ბრეხალოვკას" ეძახიან, აფხაზეთის ოთომანური ისტორიის ამ სასიამოვნო რელიქტში ბრტყელქუდიანი მამაკაცები დომინოს ან ნარდს აჭახუნებენ, თუთუნს ახრჩოლებენ, თურქულ ყავას წრუპავენ და პოლიტიკაზე საუბრობენ. აფხაზებს საქართველოზე ლაპარაკი არ უყვართ. ფიქრობენ - კონფლიქტი მათ სასარგებლოდ გადაწყდა და მალე ამას მთელი მსოფლიო მიხვდება.

აშკარაა, 2008 წელს რუსეთთან ურთიერთობებში დაწყებული ხანმოკლე თაფლობის თვე დასრულდა. ამ კონკრეტულ მომენტში მოსკოვი და სოხუმი დაობენ ეთნიკურად რუსი მოსახლეობის საკუთრების უფლებებზე, რომელმაც დიდწილად საკუთარი საცხოვრებლები 1992 წლის ომამდე დატოვა. პრობლემებია ასევე იმ უძრავი ქონების იჯარასთან დაკავშირებით, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე აქირავებს.

ახლახან საჯაროდ იკამათეს აფხაზმა ისტორიკოსმა სტანისლავ ლაკობამ და სახელმწიფო დუმის რუსმა დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა იმის თაობაზე, თუ როგორაა ფორმულირებული ისტორიის სახელმძღვანელოებში მე-19 საუკუნეში რუსულ-აფხაზური კონფლიქტები. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი და აფხაზეთი ერთმანეთზე უარს იტყვიან.

აფხაზეთს რუსეთი სჭირდება გარე სამყაროსთან კავშირისთვის, სუბსიდიებისა და პენსიების და, რაც მთავარია, უსაფრთხოების წყაროდ. მოსკოვმა კი ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა აფხაზეთში - რუსეთს სჭირდება აფხაზეთის აეროპორტი და სასტუმროები სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის.

აფხაზური ელიტა დღემდე ოცნებობს გარე სამყაროსთან კავშირზე რუსეთის მიღმა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, აფხაზებს სულ უფრო უჭირთ ევროპასა და აშშ-ში გასამგზავრებელი ვიზების მიღება. აფხაზებს, რომლებსაც უცხოეთში გამგზავრებისთვის რუსული დოკუმენტები აქვთ, სულ უფრო ნაკლები საკონსულო იღებს, ხოლო კომპრომისული გადაწყვეტილებების სფეროში პროგრესი ძალიან უმნიშვნელოა. სტუდენტები, რომლებიც აფხაზეთში ინგლისურს სწავლობენ, ინგლისურენოვან ქვეყნებში ვერ მიემგზავრებიან.

აფხაზეთის ეთნიკური პოლიტიკა ორიენტირებულია ოთომანური საზოგადოების ტრადიციებზე, სადაც ორი ყველაზე დიდი ეთნოსიდან ერთ-ერთი - აფხაზები, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სექტორს მართავენ, ხოლო მეორე - სომხები კი დიდწილად ბიზნესსაქმიანობას ეწევიან.

შეძლებს კი აფხაზური მთავრობა იმის რეალურად მართვას, რაც დღეს მის განკარგულებაშია? თუკი აფხაზეთი კვლავ ყავის რესპუბლიკად დარჩება, მხოლოდ ილაპარაკებს და დანარჩენ სამყაროს შორიდან დააკვირდება, მის მომავალს სხვები გადაწყვეტენ.

"ფორეინ პოლისი", აშშ