მზადაა თუ არა საქართველო? - კვირის პალიტრა

მზადაა თუ არა საქართველო?

ზოგიერთი პოლიტიკოსის ვარაუდით, საქართველოში ბოლო დროს ფასების, ტარიფებისა და გადასახადების ზრდა მასშტაბური სოციალური არეულობის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. ასეც რომ იყოს, ჩნდება კითხვა, შეძლებს კი კონკურენციით შეპყრობილი და ერთმანეთისადმი უნდობლობით გამსჭვალული ოპოზიცია საზოგადოებრივი უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენებას?

3 იანვარს თბილისში, პოლიციის მიერ 1992-93 წლების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანების დარბევამ და დაკავებამ, რომლებიც სოციალური შეღავათების გაუქმებას აპროტესტებდნენ, ცხადყო პროტესტის პოტენციალი და იმ არათანაზომადი პოლიტიკური ძალების სპექტრი, რომლებიც მზად არიან ხალხის უკმაყოფილების ნებისმიერი გამოვლინება თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, ასევე ხელისუფლების მგრძნობელობა მთავრობის პოლიტიკის ნებისმიერ კრიტიკაზე.

"პროტესტი გამოიწვია 2011 წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარებების, რომლითაც მანამდე ომის ვეტერანები სარგებლობდნენ\ და სპეციალური ჰოსპიტლის გაუქმებამ, სადაც მათ მკურნალობის უფლება ჰქონდათ", -  განაცხადა ოპოზიციური  პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

ამავდროულად, საარსებო მინიმუმმა ოქტომბერში ბოლო 7 წლის განმავლობაში უმაღლეს ზღვარს მიაღწია და 1-ელ დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა” იწინასწარმეტყველა, რომ ყოველწლიური ინფლაცია ორნიშნა რიცხვს (10.6%) დიდწილად აგვისტოში პურზე ფასის 16%-იანი ზრდის გამო მიაღწევს. 17 დეკემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ ფასები ხალხს ყოველდღიურად კბენს“ და ინფლაცია გაიზრდება. მისი თქმით, ეს ზრდა საკვებსა და საწვავზე მსოფლიო ფასების ზრდამ გამოიწვია და უარყო ოპოზიციის პოპულისტური“განცხადებები, თითქოს ის მთავრობის შეცდომების შედეგია.

თბილისის მოქალაქეები წყალზე, დასუფთავებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაზრდილი ტარიფების პირისპირაც აღმოჩნდნენ. 1-ელი დეკემბრიდან წყლით უწყვეტი მომარაგების მქონეთ ყოველთვიურად ოჯახის ერთ წევრზე 3.15 ლარის გადახდა უწევთ.

1-ელი იანვრიდან თბილისში გაორმაგდა დასუფთავების გადასახადი ოჯახის ერთ წევრზე 1.2 ლარიდან 2.5 ლარამდე, დეკემბრის დასაწყისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადი 25%-ით გაიზარდა - 40-დან 50 თეთრამდე.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა პროტესტის გამომწვევი ერთადერთი შესაძლო მიზეზი არ არის. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბარამიძემ, ნოემბრის ბოლოს, პრაღაში განაცხადა, რომ ავღანეთში ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალთა ოპერაციის ფარგლებში ქართველი სამხედროების გაგზავნა პოპულარული არ არის“და მოგვიწევს ამისთვის პოლიტიკური საფასურის გადახდაო. გაზეთ "კვირის პალიტრის" გამოკითხვით ("კავკას-პრესი", 11/X) - 404 რესპონდენტიდან 67.2%-მა განაცხადა, რომ საქართველომ ავღანეთიდან ჯარი უნდა გამოიყვანოს.

რადიო "თავისუფლების" საქართველოს ბიუროს უწყვეტი ინტერნეტგამოკითხვის თანახმად, 466 რესპონდენტიდან 25.1%-მა განაცხადა, რომ ზოგადად სიტუაცია 2010 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა. კიდევ 27.9%-ის აზრით, სიტუაცია გაუარესდა და არა გაუმჯობესდა. გამოკითხულთა მხოლოდ 6.7% აცხადებს, რომ ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

კავკასიის საკითხებში ცნობილი ექსპერტი თომას დე ვაალი აღნიშნავს: ქართული ოპოზიცია მარწუხებშია მოქცეული ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების თვალსაზრისით, ამავდროულად, მან დაკარგა მხარდაჭერა და ნდობა იმის გამო, რომ ვერ ახერხებს გრძელვადიანი ტაქტიკური ალიანსების შექმნას; რამდენიმე ოპოზიციურმა ფიგურამ, რომლებიც 2008 წლის მაისში პარლამენტში აირჩიეს, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ცალკეული პოლიტიკოსები არათანამიმდევრულები არიან, მკვეთრად იცვლიან პოლიტიკურ პოზიციებს და ერთმანეთს საჯაროდ მტრობენ.

ამიტომ ისმის კითხვა: მზად არის საქართველო ახალი საპროტესტო ტალღისთვის?

რადიო "თავისუფალი ევროპა"