"პირველი კავკასიური საინფორმაციო" ეთერშია - კვირის პალიტრა

"პირველი კავკასიური საინფორმაციო" ეთერშია

25 იანვრიდან სატელევიზიო ეთერს უბრუნდება "პირველი კავკასიურის" მემკვიდრე "პირველი კავკასიური საინფორმაციო" მაუწყებლობა.

საქართველო კვლავ უშვებს რუსულენოვან არხს და რადგან მისი მიზანია რუსეთისთვის საინფორმაციო წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის კავკასიის რეგიონში, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რეგიონში მაუწყებლობის აღდგენა კიდევ უფრო გაამწვავებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას.

რუსულენოვანი არხი იმაუწყებლებს თანამგზავრ ჰოტ ბირდ ე 13-ის საშუალებით, ამავე დროს დაიწყება მაუწყებლობა ინტერნეტითაც. "ჩვენ ვიწყებთ მაუწყებლობას იმავე კომპანიის, ეურელსატ-ის თანამგზავრიდან. იმედი გვაქვს, რომ პრობლემები აღარ შეგვექმნება. ტელეარხი იმაუწყებლებს არა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთში, არამედ უფრო ფართოდ. ჩვენ გავალთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებზე, უკრაინასა და ბელორუსიაზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, რუსეთის ევროპულ ნაწილზე, თურქეთსა და ირანზე", - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ინგა ნიკაღოსიანი. ტელეარხის სახეები კვლავ იქნებიან ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ოლეგ პანფილოვი და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის ქვრივი ალა დუდაევა. "პირველ კავკასიურ საინფორმაციოს" კორპუნქტები ექნება ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, კიევში, მახაჩყალაში, ანკარაში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ვლადიკავკაზსა და თეირანში.

ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს მიერ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისთვის უვიზო რეჟიმის გამოცხადების კვალდაკვალ ჩრდილოეთ კავკასიაში მაუწყებლობის აღდგენა - რეგიონში თავისი გავლენის გასაძლიერებლად თბილისის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. "ოფიციალური ვერსიით, არხის მიზანია, ჩრდილოეთ კავკასიასა და ეუთოს ქვეყნებს ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს კულტურის, ისტორიისა და პოლიტიკის შესახებ", - ამბობს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე, ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის აზრით კი "სააკაშვილმა მოსკოვის საწინააღმდეგო თამაში წამოიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს ძალიან საშიშია, რაც შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს."

"ლენტა.რუ", რუსეთი