არც კი განიხილეს... - კვირის პალიტრა

არც კი განიხილეს...

ადამიანის უფლებების დამცველმა ევროპის სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთიდან შესული 1549 სარჩელის განხილვაზე.

სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასულ კვირაში გახდა ცნობილი. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა 3300 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შემდეგ ოქტომბრის პირველ დღეებში იქნა შეტანილი. სარჩელისთვის ფართო სამართლებრივი ბაზა შეიქმნა. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან გამომძიებლები ჩავიდნენ. ორი თვე მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოსახლეობის დაკითხვა, დოკუმენტურად გაფორმდა ფაქტები, ომის შედეგები.

სწორედ მაშინ მიმართეს რფ-ს გენპროკურატურის წარმომადგენლებმა ჩრდილოკავკასიელ ადვოკატებს, მოემზადებინათ საჩივრები სტრასბურგისთვის. მაგრამ დოკუმენტები ნაჩქარევად, ერთ თვეში მომზადდა, პრინციპით - "რაც მეტი, მით უკეთესი", რამაც განაპირობა მათი ბედი... ექსპერტი ვარვარა პახომენკო ამბობს: - "ჩვენ იმ ადვოკატებს შევხვდით, შევთავაზეთ დახმარება, რადგან ევროსასამართლოსთან მუშაობის გამოცდილება გვქონდა, მაგრამ მათ კატეგორიულად განაცხადეს, - ეს საქმეები მომგებიანია, ამისთვის ათასობით დოლარს დაგვპირდნენო. ერთ-ერთმა ადვოკატმა საქმეების მოყიდვაც კი შემოგვთავაზა".

რუსეთის ადამიანის უფლებადამცველებიც აცხადებენ, რომ სარჩელების უმეტესობა არასწორად იყო შედგენილი, აკლდა მტკიცებულებები, ხშირად საქმის არსის ელემენტარული ინფორმაციაც არ იყო დაფიქსირებული.

ამავე დროს, პახომენკო ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ მზადდებოდა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან. თბილისიდან სტრასბურგში რუსული არმიისგან დაზარალებული ათასობით ადამიანის საჩივრიდან მხოლოდ 150 სარჩელი გაიგზავნა. ექსპერტი ამბობს, რომ სარჩელები წელიწად-ნახევარი მზადდებოდა, გავლილი ჰქონდა ყველა სამართლებრივი საფეხური და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყველა ინსტანცია. სამხრეთ ოსეთში კი ამის გაკეთება ზედმეტად მიიჩნიეს. ეგონათ, რომ რადგან საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთიდან გაგზავნილი სარჩელები ჩეჩნებმა მოიგეს, იგივე მოხდებოდა სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშიც. მათ არ გაითვალისწინეს, რომ მოგებული ჩეჩნური საჩივრები სწორად და პროფესიონალურად იყო შედგენილი, თან ახლდა დამამტკიცებელი ფაქტებიც.

სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ქიოევმა ევროსასამართლოს უარს 1549 სარჩელის განხილვაზე, "პოლიტიზებული" და "უსამართლო" უწოდა.

რუსეთის გოსდუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული ტრიუკია და პოლიტიზებული პოზიცია, რომელიც აშკარად ანტირუსული მიმართულებისაა. "ევროპის საბჭო კარგა ხანია ცდილობს სტრასბურგის სასამართლოს სახით სტრუქტურა შექმნას, მაგრამ არ გამოსდის თავად სასამართლოს ქმედების გამო".

"კომერსანტი", რუსეთი