"ეს წმინდა წყლის ფაშიზმია" - კვირის პალიტრა

"ეს წმინდა წყლის ფაშიზმია"

30 დეკემბერს, რუსეთ-აფხაზეთის კომისიის სხდომაზე, აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, - სანამ თბილისი სოხუმს 1992-1993 წლების ომის ზარალს, 13 მლრდ დოლარს არ აუნაზღაურებს, რფ-ის მოქალაქე ქართველები თავიანთ ქონებას აფხაზეთში ვერ დაიბრუნებენო.

რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი კომისია ოქტომბერში შეიქმნა რფ-ის იმ მოქალაქეების ქონებრივი დავების განსახილველად, რომლებმაც 90-იან წლებში დატოვეს აფხაზეთი. ბევრმა მათგანმა, მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მაგრამ აფხაზეთის ხელისუფლებამ განუცხადათ, - რადგან რფ-ის მოქალაქეები 15-20 წელია, არ იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს და არ უვლიდნენ საცხოვრებელს, აფხაზეთის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ დაკარგეს ქონების განკარგვის უფლება და ბინებს უკვე ახალი პატრონები ჰყავს. კომისიის თანათავმჯდომარე გახლავთ სოხუმში რფ-ის ელჩი სემიონ გრიგორიევი და აფხაზეთის ადმინისტრაციის მეთაური გრიგორი ენიკი.

კომისიის გადაწყვეტილებას მკვეთრი განცხადებები მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უპრეცედენტოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა: "ეს კომისია კი არა, კრიმინალური ბანდაა, რომელმაც უარი თქვა რფ-ის მოქალაქე ქართველების საჩივრების განხილვაზე ეთნიკური პრინციპით მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ეს ნამდვილი ფაშიზმია". საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ კი თქვა: "უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნით ყოფს. ასეთი რამ ევროპაში გერმანული ნაციზმის შემდეგ არ მომხდარა. ჩვენ ამ საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დავაყენებთ".

პრესკონფერენციაზე რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ქართველმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, - რატომ ყოფს მოსკოვი თავის მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნითო, მინისტრი დაჰპირდათ, რომ რუსეთი ეცდება, მიაღწიოს აფხაზეთში მცხოვრები მათი მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენას. "ვეცდებით, რომ ყველა კანონიერი პრეტენზია დაკმაყოფილდეს, ჩვენ რფ-ის მოქალაქეებს ეთნიკური და ეროვნული ნიშნით არ ვყოფთ", - განაცხადა მინისტრმა.

თუმცა ლავროვის განცხადების შემდეგაც გაურკვეველია, ნამდვილად დაადასტურა თუ არა რუსულ-აფხაზურმა კომისიამ სოხუმში გამოქვეყნებული გადაწყვეტილება (ეს ნიშნავს, რომ ამას მოსკოვიც ეთანხმება), თუ ეს მხოლოდ აფხაზური მხარის პოზიციაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტირებაზე უარი თქვეს - ჩვენი შეფის სიტყვებს ვერაფერს დავამატებთო...

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი