საეკლესიო განხეთქილება - კვირის პალიტრა

საეკლესიო განხეთქილება

საქართველოდან აფხაზეთის პოლიტიკურ გამოყოფას საეკლესიო განხეთქილება მოჰყვა - აფხაზმა მღვდელმსახურებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ამასთან, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებზე კრემლის პოზიციისგან განსხვავებული აზრი აქვს. მოსკოვის საპატრიარქოს არაერთხელ განუცხადებია, - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიერი საზღვრები ხელშეუხებელიაო.

როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ აფლია ამბობს, გასულ სამშაბათს, აფხაზეთის სასულიერო პირთა საერთო კრებაზე გადაწყდა, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია გამოვიდეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობიდან, დაერქვას აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ორი საკათედრო ტაძრით - სოხუმის და ბიჭვინთისა. ბესარიონი აცხადებს: - აფხაზ მღვდელმსახურებს არასოდეს მიაჩნდათ თავისი ეკლესია ქართულის ნაწილად... ქართული ეკლესია სტალინმა გამოიგონა, ჩვენ არც მოსკოვის საპატრიარქოსთან და არც არავისთან კონსულტაციები არ გაგვიმართავს. პატრიარქ კირილეს აუცილებლად მივმართავთ აღიარების თხოვნითო. კითხვას, ხომ არ გეშინიათ, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია უარს იტყვის აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაზეო, სასულიერო პირმა უპასუხა, - მე მხოლოდ ღმერთის მეშინიაო.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის აფხაზეთის ეკლესიის აღიარება მეტად საჩოთირო საკითხია, რადგან ქართული ეკლესია მათი მთავარი მოკავშირეა უკრაინაში, მოლდავეთსა და ესტონეთში ეკლესიურ სეპარატიზმთან ბრძოლაში. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ილარიონ ვოლოკამელმა განაცხადა, - პოლიტიკური საზღვრების შეცვლა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს საეკლესიო კანონიკური საზღვრებიო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "აღიარებს ქართული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით". ჯერ კიდევ შარშან, აწ განსვენებულმა რუსეთის პატრიარქმა, ალექსი მეორემაც უარი განაცხადა აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე. დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი კი ამბობს, აფხაზეთის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრა მხოლოდ ქართულ ეკლესიასთან მოლაპარაკების შემდეგ შეიძლებაო.

საინფორმაციო სააგენტოებმა ბესარიონს "ეპარქიის მეთაური" უწოდეს, რაც, რასაკვირველია, არასწორია, რადგან ეპარქიას ოფიციალური მეთაური ჰყავს - მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რომელიც 1993 წლიდან, ცნობილი მიზეზების გამო, იძულებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იცხოვროს.

ამჟამად რესპუბლიკაში არც ერთი ეპისკოპოსი არ არის, რაც, კანონით, არ იძლევა აქ არათუ ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის, არამედ ახალი მღვდლების ხელდასხმის უფლებასაც. მეტიც, აფხაზი სამღვდელოების ნებისმიერი ქმედება, თუ ის თავის ეპისკოპოსთან არ არის შეთანხმებული - უკანონოა. ყოველივე ეს აფხაზეთის მართლმადიდებელ მრევლს უამრავ პრობლემას უქმნის და საეკლესიო კანონებს არღვევს. ეტყობა, ამიტომაც სცადეს აფხაზმა მღვდლებმა პოლიტიკოსების მსგავსად (საეკლესიო კანონმდებლობის გვერდის ავლით) არალეგალურად განზრახულის აღსრულება. აფხაზეთის მღვდლების დემარშზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა: "მსგავსი განცხადება სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, რადგან დედაეკლესიიდან გამოყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება არავის აქვს".

დეკანოზ ნიკოლაი ბალაშოვის აზრით, მოსკოვის საპატრიარქო აფხაზ მღვდლებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ამჯერად არ აპირებს. "ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ქართულ ეკლესიასთან, ორივე მხარე ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხის განხილვისას ისეთი გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ, რომელიც აფხაზეთის მრევლს უმოძღვროდ არ დატოვებს". ბალაშოვმა თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ისიც ჩართულია, მაგრამ ის კი აღარ დაუზუსტებია, მონაწილეობს თუ არა ამ მოლაპარაკებებში 1993 წელს აფხაზეთიდან დევნილი მეუფე დანიელი.

აფხაზეთის სამღვდელოების გადაწყვეტილებას სიხარულით დაუჭირეს მხარი სამხრეთ ოსეთში. ალანიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ (ფუხაევი) თქვა, - აფხაზები სწორად მოიქცნენ, პოლიტიკურის შემდეგ სულიერი დამოუკიდებლობა რომ მოითხოვესო. მისი აზრით, მოსკოვის პატრიარქის უარის შემთხვევში, აფხაზებს მესამე მხარისთვის მიმართვა შეუძლიათ, როგორც ეს ოსებმა გააკეთეს. საქმე ის არის, რომ ოთხი წლის წინ ალანიის ეპარქიამაც მოისურვა ქართული მართლმადიდებლი ეკლესიიდან გასვლა და ძველი ალანიის ეკლესიის მემკვიდრედ მხოლოდ საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა.