ცხინვალური აუტოდაფე - კვირის პალიტრა

ცხინვალური აუტოდაფე

ცხინვალში 10 სექტემბერს ბარბაროსული აქცია ჩატარდა - დიდ კოცონზე დაწვეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოტანილი ტონამდე წიგნი.

უმაღლესი სასწავლებლის და რესპუბლიკის ხელმძღვანელობა წიგნების დაწვას უარყოფს და ამ ფაქტს "უტილიზაციას" უწოდებს, ხოლო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო ამ ინციდენტის შემოწმება.

თვითმხილველები ჰყვებიან, - ცხინვალის უნივერსიტეტიდან ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წიგნები სასტუმრო "ალანთან" დაახვავეს და დაწვესო. სკკპ ისტორიის ძველ სახელმძღვანელოებთან ერთად ცეცხლმა შთანთქა "შუა საუკუნეების რელიგიური პოეზია" და გოეთეს ტომები. ინციდენტის მოწმე გაზეთ "XXI საუკუნის" მთავარი რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი დაინტერესდა, რა ხდებაო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო: "წიგნები ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო. იქიდან რამდენიმე წიგნი ავიღეთ, უმთავრესად უცხოური კლასიკა. ერთმა ტაქსის მძღოლმა თავისთვის "ფრანგული ლიტერატურის ისტორია" აირჩია".

უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ კოკოევმა განაცხადა, - ცხოვრებოვი ცრუობს, წიგნები არ დაგვიწვავსო. მან ჟურნალისტის განცხადებას პროვოკაცია და სამხრეთ ოსეთის საწინააღმდეგო პიარკამპანია უწოდა. თემურ ცხოვრებოვის აზრით, ამ "ბარბაროსულ აქციაზე" ყველაფერი იცოდა სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრმა ანატოლი კუსრაევმაც. მინისტრმა კი თქვა, - ჩამოწერილი ლიტერატურის უტილიზაცია კი მოხდა, მაგრამ  დაწვეს თუ არა წიგნები, არ ვიციო.

წიგნების უტილიზაციას უნივერსიტეტი მაშინ შეუდგა, რაც ცხინვალის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სამხრეთ ოსეთის უმაღლეს სასწავლებლებში რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და ინდოეთში საქველმოქმედო აქციებზე შეგროვებული წიგნის ჩამოტანას ელოდნენ. აქციის ბოლო ღონისძიება გოსდუმაში ჩატარდა: "რუსეთი რეალურად ეხმარება სამხრეთ ოსეთს საცხოვრებელი სახლების, გზების აღდგენაში, უშენებს გაზსადენს და უგროვებს წიგნებს, თავიდან უქმნის ბიბლიოთეკებს, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება", - განაცხადა საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა.

შეგროვილი 100 ათასი წიგნი სამ "კამაზში" ჩაეტია. ამ მანქანებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ცხინვალში 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში. ეტყობა, წიგნებით დატვირთული მანქანები ქალაქის ქუჩებში მოგრიხინე რუსული ტანკების ნაკვალევზე გაივლიან.