შეხვედრა შედგა - კვირის პალიტრა

შეხვედრა შედგა

"ამერიკელი დიპლომატის, რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად კერძო ვიზიტით ვაშინგტონში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბედმა გაუღიმა, რადგან პანაშვიდს ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები და სამხედროები.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი თავიდან ჭოჭმანობდა პრეზიდენტ ობამასთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით. "მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავის ვაშინგტონში დაშვების შემდეგაც კი დაობდნენ ადმინისტრაციაში, უმაღლესი რანგის რომელი პირი უნდა შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტს", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირი.

ამერიკის საელჩომ მოსკოვში ადმინისტრაციას ურჩია, თავი აერიდებინათ უმაღლეს დონეზე შეხვედრებისთვის და პრეზიდენტი მიეღო სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთ მოადგილეს. საელჩოს აზრით, მიხეილ სააკაშვილის თეთრ სახლში მიწვევას შესაძლოა "მოსკოვის გაუთვალისწინებელი რეაქცია" მოჰყოლოდა... მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი მაინც შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. რიჩარდ ჰოლბრუკთან გამოთხოვების ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებმა 25 წუთი ისაუბრეს.

შეხვედრაში მონაწილეობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხები, კავკასიის პრობლემები და ავღანეთში საერთაშორისო ძალების საქმიანობა. ქართული მხარეც ამტკიცებს, რომ საქართველოს აშშ-ისგან მხოლოდ ეკონომიკური დახმარება სჭირდება. მაგრამ ვაშინგტონში არავინ მალავს, რომ უკანასკნელ დროს საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა აშშ-თან სრულმასშტაბიანი სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის განახლება, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაიყინა.

2010 წლის ნოემბერში ლისაბონში, ნატოს სამიტზე, სააკაშვილმა რუსეთის შესაძლო აგრესიისგან თავის დასაცავად ალიანსის წევრებისგან აუცილებელი შეიარაღება მოითხოვა. პრეზიდენტის თხოვნას თბილისში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმაც დაუჭირა მხარი. ჩვენი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის საკვანძო საკითხი სწორედ თბილისისთვის იარაღის მიყიდვა იყო, თუმცა, პენტაგონმა უარყო ცნობა საქართველო-ამერიკის საიარაღო გარიგებისთვის მზადების შესახებ.

აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ დაგვიდასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თეთრ სახლს ვრცელი მოხსენება გადასცა, რომელშიც დასაბუთებულია თბილისისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების გადაცემის აუცილებლობა. მაგრამ საკითხი არ შეეხება ათეული მილიონობით დოლარის კონტრაქტის გაფორმებას, როგორც ამას რუსეთის სააგენტოები ამტკიცებენ, თბილისის მოთხოვნები გაცილებით მოკრძალებულია.

ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ ბარაქ ობამამ უშიშროების საბჭოს დაავალა შეაფასოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხები და მოამზადოს შესაბამისი მოხსენება.

"კომერსანტი", რუსეთი