"ტალიავინის დასკვნასთან შედარებით ყველა რეზოლუცია წვრილმანია" - კვირის პალიტრა

"ტალიავინის დასკვნასთან შედარებით ყველა რეზოლუცია წვრილმანია"

ვინ დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთში,  საქართველომ თუ რუსეთმა? ამ კითხვის პასუხი 1,6 მლნ ევრო ღირს. ამდენი დახარჯა ევროკომისიამ აგვისტოს კონფლიქტის მიზეზების გამოსაძიებლად. საგანგებო კომისიამ ცხრა თვე იმუშავა და მალე შემაჯამებელ მოხსენებასაც წარმოადგენს.

მისი შინაარსი მკაცრადაა გასაიდუმლოებული - კომისიის წევრები ჟურნალისტებს არ იკარებენ და არც კულუარებში ჭორაობენ. მოხსენება ორი თვის წინ უნდა წარედგინათ, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა. სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ შეიძლება ეს დასკვნა გასაიდუმლოვდეს და მხოლოდ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წევრები შეიტყობენ, თუ ვინ ისროლა პირველმა ტყვია შარშან აგვისტოში.

ჯერჯერობით რუსეთიცა და საქართველოც დარწმუნებულნი არიან, რომ დასკვნები მათ სასარგებლოდ იქნება გამოტანილი. ისე, რუსეთი არაფერს კარგავს. აგვისტოს ომის შემდეგ ევროპოლიტიკოსებმა ის არაერთხელ დაადანაშაულეს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში და აგრესორიც უწოდეს.

თუ "სიმართლის მისიად" წოდებულმა ევროკომისიამ კრემლი ომის წამომწყებად დაასახელა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა უფრო გამწვავდება. ამას სანქციები ნამდვილად არ მოჰყვება, კრიტიკას კი კრემლი მიჩვეულია. სხვა საქმეა  საქართველო. თუ ევროკავშირი იტყვის, რომ თბილისია დამნაშავე, ეს დასავლეთში საქართველოს იმიჯს, ხოლო ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტს შეარყევს.

ჯერჯერობით, დიპლომატიურ ბრძოლაში საქართველო იმარჯვებს. 9 სექტემბერს გაეროს სახელმწიფო ასამბლეამ საქართველოს რეზოლუციის პროექტი მიიღო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ. იმავე დღეს ეუთოს მონიტორინგის კომისიამ მოიწონა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის არ ასრულებს ასამბლეის წინა რეზოლუციებს და არ გაჰყავს თავისი ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. განიხილებოდა კიდევ უფრო მკაცრი ვარიანტი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება. მაგრამ მოსკოვს არც რბილი გადაწყვეტილება ეპიტნავება, თან მასში ქართველებს კიდევ შეუძლიათ შეიტანონ შესწორებები, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებითაც.

თუმცა ყველა რეზოლუცია წვრილმანია იმ დოკუმენტებთან შედარებით, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ამ თვის ბოლოს წარუდგენს. ოფიციალური ინფორმაციით ორთვიანი შეფერხება გამოიწვია საქართველოდან და რუსეთიდან მიწოდებულმა დამატებითმა მტკიცებულებებმა. პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსეი მაკარკინი კი დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში კომისია ამდენ ხანს ფორმულირებების დახვეწას უნდება, რათა ისინი ნაკლებფეთქებადი გახადოს. "ევროპელებს რუსეთის იზოლირება არ ენდომებათ და არც სააკაშვილისთვის ცხვირწინ კარის მიჯახუნება სურთ. ამიტომაც კომპრომისის მოსაძებნად აიღეს ტაიმაუტი". რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი ამბობს,  - ევროპელებს ორი თვე დოკუმენტის დასაჩეხად და საერთოდ კასტრირებისთვის დასჭირდათო.

რუსეთში ბევრს ეგონა, რომ მოხსენება ომის გაჩაღების ბრალს მთლიანად საქართველოს დააკისრებდა. დუმის ერთ-ერთი დეპუტატი იმასაც ირწმუნებოდა, - ხელთ მაქვს მოხსენების ნაწილი, სადაც საქართველო აგრესიაშია დადანაშაულებული, რუსეთი კი თავს იცავდაო. საქართველო საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მოხსენების მომზადების პროცესში მთელი ცხრა თვის მანძილზე კომისიის ექსპერტები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამხედროებთან, პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან. ეკითხებოდნენ თვითმხილველებს, შემოიარეს ყველა დასახლებული პუნქტი, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. კიევში, პარიზში, ვაშინგტონში ესაუბრნენ სახელმწიფო დეპარტამენტის დიდმოხელეებს - დენიელ ფრიდს, მეთიუ ბრაიზას.

კომისიის ხელთ არსებული მასალები ათასობით გვერდს შეადგენს. ასევე აქვთ ასობით სხვადასხვა ენაზე გადაღებული აუდიო და ვიდეომასალა. ინფორმაციის უმეტესი ნაწილი თბილისიდან არის მიწოდებული. რუსული ვერსიის ლობისტები კი უმეტესად ამბის მოყოლით შემოიფარგლებიან.

ჯერ არავინ იცის, რა შედეგს გამოიღებს ყოველივე ეს: კომისიის წევრები შებოჭილნი არიან კონტრაქტით, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებთან მიკარება აკრძალულია. გარდა ამისა, არც ერთ მათგანს არ ეცოდინება, როგორი დასკვნები იქნება დოკუმენტის შემაჯამებელ ვერსიაში. თითოეული ექსპერტი წერს მოხსენების თავის ნაწილს. ფინალურ ვერსიაში რა უნდა შევიდეს და რა არა, ამას ტალიავინი გადაწყვეტს.

უმეტეს ექსპერტთა აზრით, საბოლოოდ ორივე მხარეს მოხვდება. "მოხსენებაში ნათქვამი იქნება, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ იქვე აღინიშნება, რომ ეს რუსეთის და მისი მარიონეტის, სამხრეთ ოსეთის პროვოცირებით მოხდა, რომ რუსეთი მზად იყო ამ ომისთვის და მხოლოდ მიზეზს უცდიდა", - ვარაუდობს ბრიუსელში ევროპული პოლიტიკური კვლევის ცენტრის ექსპერტი მაიკლ ემერსონი. გერმანელი ანალიტიკოსი შტეფან მაისტერი კი ამბობს, "კომისია, დაამტკიცებს, რომ სააკაშვილმა იცრუა, მაგრამ თან რუსეთს გააკრიტიკებს არაპროპორციული რეაქციის გამო - მისი ჯარი კონფლიქტის ზონას კარგა მანძილით გასცდა და სისტემატურად ანადგურებდა საქართველოს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს".

ანალიტიკოსთა აზრით, თუ სააკაშვილის სიცრუე დასაბუთდება, ის დასავლეთის ნდობას დაკარგავს. ჟენევის საერთაშორისო კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის პროფესორი ანდრე ლიბიხი ამბობს, რომ მოხსენება ნატოში საქართველოს მოხვედრის შანსს შეამცირებს, თუმცა მას ამისი იმედი არც ადრე ჰქონია: "დასავლეთში სააკაშვილს უმართავად და თავნებად მიიჩნევენ, ნატოს კი გადაუწყვეტელ კონფლიქტებში ჩართვის სურვილი არა აქვს". ლიბიხი ფიქრობს, რომ მოხსენება უპირველესად ქართული ოპოზიციისთვის იქნება ხელსაყრელი.

ქართული სოციოლოგიური ცენტრის, გორბი-ს ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია დარწმუნებულია, რომ თუ საქართველოს ომის წამომწყებად დაასახელებენ, სიტუაცია ფეთქებადი გახდება. ზომიერი ოპოზიციაც კი იძულებული შეიქნება ქუჩაში გამოვიდეს, ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ზაფხულამდე გაიმართება, - ამბობს ფაჩულია, მაგრამ თან ეჭვობს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება დასავლეთისთვის იქნება ხელსაყრელი. შვეიცარიელი პოლიტოლოგი ანდრე ლიბიხი მიიჩნევს, რომ საქმე აქამდე არ მივა: "ოპოზიციის შეტევას სააკაშვილმა გაუძლო, კრიტიკის ამ ულუფასაც გაუძლებს". ხოლო თუ მოხსენების შინაარსი მხოლოდ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წევრებისთვის გახდება ცნობილი, საქართველოს საზოგადოება ვერასდროს გაიგებს დასკვნების შინაარსს.