ლიბერმანი იმუქრება... - კვირის პალიტრა

ლიბერმანი იმუქრება...

ასეთი სერიოზული კონფლიქტი, რაც ახლა საქართველოსა და ისრაელს შორის წამოიჭრა, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის მანძილზე არასოდეს ყოფილა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა საქართველოს ხელისუფლებას ქართველი დიდმოხელისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის გამო დაკავებული ორი ისრაელელი ბიზნესმენის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.

ისრაელში დარწმუნებული არიან, რომ ბიზნესმენები საქართველოს სპეცსამსახურების პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ და თბილისს სერიოზული უსიამოვნებებით ემუქრებიან.

კომპანია Nirrnetco (Overseas) LTD-ის თავმჯდომარე ზეევ ფრენკელი და თურქეთის საპატიო კონსული ეილათში (ისრაელი), რონი ფუქსი (რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულნი ენერგომატარებლებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში) 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას დააპატიმრეს - ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძეს ელოდებოდნენ.

ბიზნესმენები საქართველოში პირადად ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურის მიწვევით იმყოფებოდნენ. მსოფლიო ბანკის არბიტრაჟის დადებითი გადაწყვეტილებით გულმოცემულ ბიზნესმენებს იმედი ჰქონდათ, რომ დაასრულებდნენ მოლაპარაკებებს იმ 96,4 მლნ დოლარის მიღებაზე, რაც მათ ეკუთვნოდათ კომპენსაციის სახით ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დადებული კონტრაქტის დარღვევის გამო - ლაპარაკია ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების და საქართველოს ყველა მილსადენის მართვის უფლების კონტრაქტზე, რომელიც ფუქსმა და ფრენკელმა ზვიად გამსახურდიას მთავრობასთან 1991 წელს დადეს. მაგრამ მომდევნო წელს ოფიციალურმა თბილისმა კონტრაქტი გააუქმა.

თავად ბიზნესმენები აცხადებენ, რომ კონტრაქტის შესრულებას ხელი შეუშალა დოკუმენტით გაუთვალისწინებელმა ფორსმაჟორულმა ვითარებამ - სამხედრო გადატრიალებამ, გამსახურდიას დამხობამ და საქართველოში სამოქალაქო ომმა. მათი აზრით, ედუარდ შევარდნაძის მთავრობას ამის გამო კონტრაქტის გაუქმების უფლებას არ ჰქონდა. მთელი ამ წლების მანძილზე ფუქსი და ფრენკელი კომპენსაციის მიღებას ცდილობენ, ჯერ ედუარდ შევარდნაძის მთავრობისგან, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციისგან.

ბიზნესმენთა დაპატიმრებისთანავე საქართველოს შსს-მ გამოაქვეყნა ავთანდილ ხარაიძის ფუქსთან და ფრენკელთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, რომელიც შედგა რამდენიმე კვირით ადრე სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში. ჩანაწერიდან ჩანს, რომ ბიზნესმენებმა ქართველ მოხელეს 7 მლნ დოლარი შესთავაზეს და დაჰპირდნენ, მმართველი პარტიის ფონდში კიდევ 18 მლნ დოლარს გადავრიცხავთ, ოღონდ ფულის დროულად გადარიცხვის შესახებ საერთაშორისო არბიტრაჟის ვერდიქტს ნუ გაასაჩივრებთო.

ზეევ ფრენკელის ადვოკატი მორდეხაი ცივინი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობამ ბიზნესმენებს ხაფანგი დაუგო, რადგან ფულის გადახდა არ უნდა. აღსანიშნავია, რომ რონ ფუქსის ადვოკატთა ჯგუფს კონსულტაციას უწევს გრეგორი კრეიგი, პრეზიდენტ ბარაქ ობამას მთავარი იურიდიული მრჩეველი.

თავისი მოქალაქეების დასაცავად ისრაელის ხელისუფლებაც ჩაერთო. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ჯერ კიდევ შარშან დაურეკა მიხეილ სააკაშვილს და ამ სიტუაციის გარკვევა სთხოვა, ხოლო სასამართლოს წინ, იანვრის დასაწყისში, საქმეში ჩაერთო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანიც.

"ისრაელელ ბიზნესმენებს უკვე ეშინიათ საქმის წამოწყება საქართველოსთან, ეს კი ყველა იმ ეკონომიკური კონტაქტის დარღვევას მოასწავებს, რაც ბოლო დროს სწრაფი ტემპით ვითარდებოდა", - ამბობს ის.

ისრაელის საინფორმაციო საშუალებებს უფრო მკაცრი ზომების მიღება სურთ. მათი აზრით, საჭიროა, ევროკავშირსა და აშშ-ს ეთხოვოს საქართველოს საბანკო ანგარიშების გაყინვა და ამ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა მანამ, სანამ ისინი ფუქსსა და ფრენკელს არ გაათავისუფლებენ.

თავისი კონსულის დაპატიმრების გამო უკმაყოფილება თურქეთმაც გამოხატა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარებისგან თავს იკავებს.

"ნოვაია გაზეტა", რუსეთი