არალეგალები - პოლიტიკური აქცენტით - კვირის პალიტრა

არალეგალები - პოლიტიკური აქცენტით

კრასნოდარის საოლქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ვეფხვაძე და გივი ქუთათელაძე (საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრის, ვახტანგ ქუთათელაძის ვაჟი) ბრალდებულად ცნო რფ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და 2,5 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით.

ბრალდებულებმა ბრალეულობა აღიარეს და სასამართლოში განაცხადეს, - საზღვარი რუსეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის სათხოვნელად გადავკვეთეთ, რადგანაც ჩვენც და ჩვენი ოჯახის წევრებიც სახელისუფლებო სტრუქტურების ზეწოლას განვიცდითო...

თავის საბოლოო სიტყვაში 30 წლის თბილისელმა ბიზნესმენმა, გივი ქუთათელაძემ განაცხადა, - ვაღიარებ ჩემს ნამოქმედარს და ვინანიებ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდაო. უფრო დაწვრილებით, თუ რამ აიძულა ამ საქციელის ჩადენა, არ ამბობს. მეორე ბრალდებულმა, ალექსანდრე ვეფხვაძემ საბოლოო სიტყვაში ილაპარაკა საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებასა და მისი ნაცნობებისა და ნათესავების წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიებზე.

გივი ქუთათელაძის ადვოკატმა ალექსანდრ კიჩატიმ უფრო გარკვეული ვერსია წამოაყენა: "საქმე ეხება მის ოჯახს, მამამისს საქართველოში მაღალი თანამდებობები ეჭირა, იყო შევარდნაძის პირადი დაცვის უფროსი, გადადგომის შემდეგ კი დაუფარავად აკრიტიკებდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. მას არაერთხელ გაუგონია ქვეყნის პირველ პირთაგან, რომ მისნაირი და მისი შვილის მსგავსი ხალხი ახლანდელ ხელისუფლებას არ სჭირდება", - განაცხადა დამცველმა.

ალექსანდრე ვეფხვაძემ თქვა, რომ შარშან, აპრილში, მეგობრებთან ერთად თბილისის ერთ-ერთ კაფეში დაბადების დღეს აღნიშნავდა. ამ დროს ქუჩიდან ჩხუბის ხმა მოესმა. გავიდა თუ არა კაფედან, მაშინვე ვიღაც კაცებმა ხელბორკილის დადება დაუპირეს.

მას და მის მეგობრებს ეგონათ, ინციდენტი ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებაო და მაშინვე გაიქცნენ. რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მონაცემებით, რომელიც ინტერპოლიდან მიიღეს, ვეფხვაძემ, ქუთათელაძემ და და მისმა ნაცნობებმა შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, რაც ჩხუბით და პოლიციისთვის იარაღის წართმევით დასრულდა. ორივე ახალგაზრდაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

შარშანდელი აპრილიდან ვეფხვაძე და ქუთათელაძე ნათესავებთან იმალებოდნენ, მერე კი რუსეთში გამგზავრება გადაწყვიტეს. როგორც სასამართლოში განმარტეს, საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარათ უცნობი - მან ისინი აფხაზეთში გადაიყვანა, მერე ყალბი პასპორტები დაუმზადა და მიასწავლა მდინარე ფსოუზე გადასასვლელიც, სადაც რუსეთის სახელმწიფო საზღვარი გადის.

21 სექტემბრის ღამით, ვეფხვაძემ და ქუთათელაძემ მდინარე გადალახეს. ადლერის რაიონის სოფელ ნიჟნაია შილოვკასთან ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს. გამოძიების მსვლელობისას საქართველოს ორივე მოქალაქემ თავისი ბრალეულობა აღიარა და განაცხადა, რომ საზღვრის გადაკვეთისთანავე  აპირებდნენ რუსეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ ეს.

ბრალმდებელმა ვერა კუხარმა ახსნა-განმარტებებს გამოგონილი უწოდა და ვეფხვაძისთვის თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა კოლონიაში 2,5 წლით სასჯელის მოხდით, ქუთათელაძისთვის კი 3 წლით. სასამართლოს განაჩენი უფრო მკაცრი აღმოჩნდა - ბრალდებულებს ისეთივე ვადები დაუწესეს, რასაც ბრალდება ითხოვდა, მაგრამ საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით.

ბრალდებულთა ადვოკატებს, ალექსანდრ კიჩატის და არამ გაზაროვს ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, გაასაჩივრონ თუ არა განაჩენი. დაცვის მონაცემებით, გამოძიების პროცესში ორივე ბრალდებულმა ლტოლვილის სტატუსის მიღების იმედით დოკუმენტები რუსეთის  სათანადო ინსტანციებში წარადგინა.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი