რუსეთის დაზვერვა ჩეხეთში პოზიციას აძლიერებს - კვირის პალიტრა

რუსეთის დაზვერვა ჩეხეთში პოზიციას აძლიერებს

რუსეთის ჯაშუშები ჩეხეთის რესპუბლიკაში დღითი დღე აქტიურდებიან. ცდილობენ, კონტაქტი დაამყარონ დეპუტატებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

რუსეთის მზვერავები ჩეხეთში თავისი ქვეყნის საელჩოს ოფიციალური თანამშრომლები არიან.

ჩეხეთის უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახურის მონაცემებით, რუსები არა მარტო ყურადღებით ადევნებენ თვალს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არამედ მასზე გავლენის მოხდენასაც ცდილობენ. რუსეთის საიდუმლო სამსახურები დაუბრუნდნენ საბჭოური პერიოდის მუშაობის მეთოდებს. ამჟამინდელი ვითარება გასული საუკუნის 80-იანი წლებისას ჰგავს, როცა საბჭოთა დაზვერვა მთელი მსოფლიოს მშვიდობიან მოძრაობაზე ახდენდა გავლენას. რუსი ჯაშუშები ცდილობენ, შეაღწიონ სამოქალაქო გაერთიანებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში.

"კეთილშობილი იდეების ნიღბით ადამიანებს ხშირად სრულიად სხვა მიზნით იყენებენ", - ნათქვამია ჩეხეთის უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახურის მოხსენებაში. იგულისხმება მოძრაობა, რომელმაც ჩეხეთის ტერიტორიაზე ამერიკული რადარების აგების წინააღმდეგ გაილაშქრა. უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახურის მონაცემები გამოქვეყნდა ჩეხეთიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებიდან ორი დღის შემდეგ. ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ორივე დიპლომატი რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.