ევროპაში იმპერიის აჩრდილი დაძრწის - კვირის პალიტრა

ევროპაში იმპერიის აჩრდილი დაძრწის

ევროპამ თითქოს ეროვნული უმცირესობების პრობლემები ისტორიას ჩააბარა, მაგრამ უმნიშვნელო დავა, რომელიც ბოლო დღეებში უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის

გაჩაღდა, უფრო მასშტაბური ტენდენციის მაჩვენებელია. მშვიდობის შენების ევროპული პროექტი ჰაერშია გამოკიდებული, რადგან კონტინენტის სასაზღვრო რაიონებში ნაციონალური პრობლემები ბრუნდება.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს სლოვაკეთის ელჩი. მას უნდა განემარტა, თუ რატომ არ შეუშვა სლოვაკეთმა თავის ტერიტორიაზე უნგრეთის პრეზიდენტი ლასლო შოიომუ. ის ეთნიკური უნგრელებით დასახლებულ ქალაქ კომარნოში მიემგზავრებოდა, მაგრამ დუნაის ხიდიდან უკან მიაბრუნეს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ შოიომუ, რომელიც უნგრეთის დამაარსებლის, წმინდა იშტვანის ძეგლის გახსნაზე მიდიოდა, ამ ცერემონიალში მონაწილეობით სლოვაკეთის უნგრელ უმცირესობაში (მოსახლეობის 10%) არეულობის პროვოცირებას გეგმავდა. უნგრეთ-სლოვაკეთის დავას ღრმა ფესვები აქვს. ბუდაპეშტი დიდი ხანია, რაც მეზობელ რუმინეთსა და სლოვაკეთში მცხოვრებ თანამოძმე მადიარებთან კავშირის განმტკიცებას ცდილობს და მათ უნგრეთში განსაკუთრებულ უფლებებს სთავაზობს. ბრატისლავა ამას რევანშიზმის გამოვლინებად მიიჩნევს. დაძაბულობის ზრდის უშუალო მიზეზი მკაცრი სლოვაკური კანონია, რომელიც მალე შევა ძალაში. კანონი უზარმაზარ ჯარიმებს ითვალისწინებს მათ მიმართ, ვინც სლოვაკური ენის განვითარებას შეაფერხებს. უნგრულენოვანი მოსახლეობის აზრით, ეს მათ ენობრივ უფლებებს ბღალავს.

აღმოსავლეთსა და სამხრეთში სიტუაცია უფრო რთულდება. იქ ევროკავშირის გაფართოების პროცესი შეჩერდა. რუსეთი უკრაინაში, მოლდავეთში, ბალტიისპირეთსა და კავკასიაში დასამკვიდრებლად ეროვნულ უმცირესობებს შირმად და მარიონეტებად იყენებს. კრემლმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მას უცხოეთში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ინტერვენციის ნებას აძლევს.

უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით თავის დამშვიდება სახიფათო შედეგების მომტანია. პრობლემები შესაძლოა წლების მანძილზე დაგროვდეს და მოულოდნელად აფეთქდეს. ევროპამ უნდა მოითხოვოს უმცირესობების დაცვა როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე მის გარეთაც.