"შოთს ნუ ეხუმრები... მასთან ერთად ყველა საჭმელი უფრო გემრიელი ხდება" - რას წერს ყაზახური გამოცემა ქართულ პურზე?
16-05-2020
"შოთს ნუ ეხუმრები... მასთან ერთად ყველა საჭმელი უფრო გემრიელი ხდება" - რას წერს ყაზახური გამოცემა ქართულ პურზე?
ყაზახეთის გაზეთ "ქარავან"-ში ("Караван") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "შოთს ნუ ეხუმრები: ქართული პურის საიდუმლო ყაზახეთში" (ავტორი - ვიქტორ ვოლოგოდსკი), რომელშიც გადმოცემულია ქალაქ უსტ-კამენოგორსკში არსებული ქართული პურის საცხობის "თონის პურის" მფლობელის პაატა ბლუაშვილის საქმიანობა.

ავტორი პირადად ეწვია ხაბაზს საცხობში და ესაუბრა. პაატა ბლუაშვილი მას აცნობს ქართული პურის გამოცხობის ტრადიციებს, რეცეპტებს...
"ჰკითხეთ ყოველ კავკასიელს - ის დაგიდასტურებთ, რომ შოთის პურთან ერთად ჭამის დროს ყველა საჭმელი უფრო გემრიელი ხდება. პაატასათვის შოთის პური მამაკაცთან ასოცირდება.
რატომ? იმიტომ, რომ როცა კახელი მეომრები მტერთან საბრძოლველად მიდიოდნენ, საგზლად თან შოთის პური მიჰქონდათ. ამით აიხსნება შოთის პურის გარეგნული ფორმა - მას მოკეცავდი და აბგაში ჩადებდი. საქართველოში შოთის პურს მრავალი ათასი წლის ისტორია აქვს. ყოველ შემთხვევაში, პაატა დარწმუნებულია, რომ ასეთ ნავისებურ პურებს ჯერ კიდევ პირველი
საუკუნიდან აცხობდნენ", - ნათქვამია სტატიაში.
პაატა ბლუაშვილი
"კახეთში და საერთოდ, მთელ საქართველოში ყოველ დასახლებულ პუნქტში თონე აუცილებლად არის. ხაბაზების საქმიანობას შეგიძლიათ ღია კარიდან ან პატარა სარკმლიდან უყუროთ. პაატა, შეიძლება ითქვას, ხაბაზების დინასტიის წარმომადგენელია: მამამისი, პაპამისი და პაპისპაპა ხაბაზები იყვნენ. მან უსტ-კამენოგორსკში ქართული კულტურის ნაწილი ჩამოიტანა, თონის სპეციალისტი წამოიყვანა და საცხობი ტრადიციულად მოაწყო" - წერს ავტორი და იქვე მკითხველებს აფრთხილებს: "შოთის ყიდვის შემდეგ მთავარი პრობლემა მისი სახლამდე მიტანაა: ისეთი შებრაწული, არომატული და გემრიელია, ვერ მოითმენთ და შეიძლება გზაში შემოგეჭამოთ".

"ქართული პური მრავალნაირია: არის შოთი, არის მრგვალი, არის დედას პური... ზოგი მრგვალ პურს ლავაშს უწოდებს. არავითარ შემთხვევაში! ლავაშს უფრო სომხური წარმოშობა აქვს, ის გაბრტყელებული თხელი ცომისგანაა მომზადებული და მასში ყველისგან ან ხორცისგან მომზადებული სხვადასხვა საჭმელია გახვეული შიგთავსის სახით. შოთის პური, მრგვალი პური და დედას პური - ეს უკვე კლასიკური ქართული პურის სახეებია, რომლებიც კახეთიდან თითქმის 5 ათასი კილომეტრის მოშორებით, უსტ-კამენოგორსკში დიდი სიყვარულით და საქმის ცოდნით ცხვება... უბანში ისეთი არომატი დგას, უკვე შორიდან მიხვდები..." - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ


გრიშა
17 მაისი 2020 13:45
თუნა მართალია. დედას პური ზოგს მშობელი დედასთან დაკავშირებული ანუ დედის გამომცხვარი ჰგონია.... ააქ იგულისხმება ცომის ასმფუებელი პურის დედო ისე როგორც მაწვნის დედო....შედედება და ა.შ.
ტოტიკა
17 მაისი 2020 11:30
თოთის პურია სწორი დასახელება და საქართველოში მას მთვარის ღვთაების თოთის საპატივცემულოდ აცხობდნენ უხსოვარი დროიდან შემდეგი წესით: ოჯახის უფროსი ქალი, დედა, ცომს მოზელდა ღამით და ბანზე დგამდა რომ მთვარეს დაეხედა მისთვის, თანაც ამოვიდოდა,გაფუვდებოდა დილამდე, დილას კი აცხობდნენ თონეში. აძლევდნენ მოგრძო ფორმას რომელიც გამოცხობის შემდეგ ღებულობდა ახალი მთვარის ფორმას. ეს რიტუალი რომელიღაც გარკვეულ პერიოდში,მთვარის კულტის, თოთის საპატივცემულოდ ხდებოდა და შემდეგ ჩვეულებრივ ტრადიციად იქცა. პურის სახელს რაც შეეხება: შოთი , თოთის სახე ცვლილი ფორმაა!
რამაზი
16 მაისი 2020 14:32
თუნას. შოთი თუ შოთის პური? ჩემი აზრით, მაინცდამაინც დიდი შეცდომა არ უნდა იყოს. ისე, მაინც ჩავხედოთ ეროვნული ბიბლიოთეკის განმარტებით ლექსიკონში: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=3365

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები