პური და ურთიერთგაგება - კვირის პალიტრა

პური და ურთიერთგაგება

შესაძლოა, ხანდახან ისინი ვერ თანხმდებიან ანბანის შექმნის პირველობაზე, ტერიტორიაზე, ღვინის კულტურაზე... მაგრამ, საბოლოოდ, საქართველოსა და სომხეთს აქვთ ერთი თემა, რომელზეც ულაპარაკოდ ესმით ერთმანეთისა - ეს პურისადმი სიყვარულია. ერევანში აფასებენ ქართულ, ტრადიციულ თონის პურს და ამავე სახელით მოიხსენიებენ - პური.

ეს წამიერი გატაცება როდია. ჩანს, ქართველები ამას მიხვდნენ და მაღალი ხელფასით მოხიბლული ბევრი ხაბაზი სომხეთში ჩავიდა, რათა თონის პურის საიდუმლო აქაურებს გააცნოს.

დასავლეთში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო ადვილად ირევა და ითქვიფება ერთმანეთში, მოვლენათა ასეთი განვითარება რევოლუციურ ძვრად არ განიხილება, მაგრამ კავკასიაში, სადაც ეროვნული სამზარეულოს საზღვრებს ხშირად გეოგრაფიულზე არანაკლები მონდომებით იცავენ, ეს ფენომენი ცვლილების პოტენციალს შეიცავს. "სომხეთში სამუშაოდ რომ მომიწვიეს, გამიკვირდა, - ამბობს თბილისელი ხაბაზი ბაქარ ბოდაველი, რომელიც ერევანში 8 თვის წინ ჩავიდა. ის ცომს აბრტყელებს, 1,5 მ სიღრმის თონეში თავდაყირა ეკიდება და კედელზე აკრავს, - აქ პირველად ვარ. ვერც კი წარმომედგინა, როგორ ცხოვრობდნენ. ახლა ყველაფერს შევეჩვიე". ეს ენასაც გულისხმობს. მუშტრები სიყვარულით ესალმებიან: - "ბარევ, ბაქარ!" (გამარჯობა, ბაქარ!). ბოდაველი კი, ყურიან პურებს, რომლებსაც საქართველოში შოთის პურს უწოდებენ, ღუმელიდან იღებს და გასაგრილებლად ქართული საცხობებისთვის ტიპურ ხის თაროებზე აწყობს.

რესტორანმა, რომელმაც ბოდაველი მიიწვია, მას ერევნის ცენტრში ბინა დაუქირავა და თვეში დაახლოებით 1.000 დოლარს უხდის, რაც დიდი სიმდიდრეა იმასთან შედარებით, რასაც თბილისში უხდიდნენ. "აქ იმდენს მიხდიან, რომ ფულის დაზოგვაც კი შემიძლია", - ამბობს ის.

პურის ცხობა საქართველოში ისეთივე ხელოვნებაა, როგორიც ბაგეტებისა - საფრანგეთში. ისინი არც ცელოფანშია შეფუთული, არც კონსერვანტებს შეიცავს, არც საღებავს და არც ვიტამინებს.

"\კონსერვანტების არარსებობა იმას ნიშნავს, რომ პური თაროზე რამდენიმე საათს თუ ყოვნდება... ქართულ კულტურაში პური თაყვანისცემის ობიექტია", - წერდა დარა გოლდშტეინი, კულინარიის მკვლევარი თავის საეტაპო წიგნში ქართულ სამზარეულოზე "ქართული სუფრა".

როგორც ჩანს, პურისადმი ამ თაყვანისცემამ ერევანშიც გადმოინაცვლა.

"როცა პურს უყურებ, ასე გგონია, გეძახის, - აღფრთოვანებით ამბობს მაღაზიის გამყიდველი ანუშ პოღოსიანი, რომელიც ერევანში ქართულ საცხობში მუშაობს. პოღოსიანი ამტკიცებს, რომ მოთხოვნის შესაბამისად, დაახლოებით პურის 30 მაღაზია ერევნის იმ უბანში, სადაც თვითონ მუშაობს, ანუ არაბკირში, მიზანმიმართულად ყიდის ქართულ პურს (ერთი პური 200-230 დრამი ან 55-64 ცენტი ღირს).

ერევნის  მთავრობა არ აზუსტებს ქართული საცხობების ბიზნესრეგისტრაციებს, თუმცა აცხადებს, რომ შარშან სომხეთის დედაქალაქში 30 საცხობი იყო. "ქართული თონის რაოდენობა თვალდათვალ იზრდება", - ამბობს ქალაქის მთავრობის ვაჭრობისა და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არმენ სარქისიანი.

მყიდველები ამბობენ, რომ ქართული პურის მიმზიდველობა ნაწილობრივ მისი მარილიანობით აიხსნება, რაც განასხვავებს მას უმარილო სომხური ლავაშისგან და ზოგადად უმარილო პურის სხვა სახეობებისგან. ხშირად თონიდან ახალამოყრილს ყიდულობენ. სითბო და სურნელი უფრო მიმზიდველს ხდის მას.

"ერთადერთი პური, რომელსაც ვყიდულობთ ქართულია, - ამბობს ერთი ქალი, რომელიც ქართულ პურს ერევნის ცენტრალურ ბაზართან პაწაწინა მაღაზიაში ყიდულობს, -”რაღა თქმა უნდა, ჩვენი ლავაშიც ძალიან პოპულარული და გემრიელია, მაგრამ ბავშვებს ქართული პური ურჩევნიათ".

სომხები მიჩვეულნი არიან, რომ ხალხი სამუშაოს საშოვნელად ქვეყნიდან მიდის და არა პირიქით, ამიტომ ეს მოვლენა ეამაყებათ.

"ევრაზიანეტ", აშშ