ლინგვისტური რევოლუცია - კვირის პალიტრა

ლინგვისტური რევოლუცია

თბილისი, საქართველო. ახალი მასწავლებელი, რომელმაც ახლახან მუშაობა 161-ე სკოლაში დაიწყო, სიტყვებს ქართულად ძლივს წარმოთქვამდა, ფაქტობრივად, არაფერი იცოდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე და იოლად იკარგებოდა ამ მთაგორიანი დედაქალაქის დაქსაქსულ ქუჩებში, თუმცა ის იმ ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო ინიციატივის (თუ სოციალური ექსპერიმენტის არა) ეპიცენტრში გახლდათ, რაც კი ოდესმე ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩატარებულა.

მასწავლებელმა დებორა კრუზმა მოუსვენარი თინეიჯერები მოხიბლა. ის იყო უცხოელი, რომელიც მათ დანარჩენ მსოფლიოსთან და ერთი არაწესიერი ზმნის მეორესთან დაკავშირებაში უნდა დახმარებოდა. კრუზი სიეტლიდანაა და ერთ-ერთია იმ ინგლისურენოვან მასწავლებლებს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ლინგვისტური რევოლუციისთვის დაიქირავა. მიზანი: საქართველოს ისეთ ქვეყნად ქცევა, სადაც ინგლისური ისევე იქნება გავრცელებული, როგორც შვედეთში და ამ პროცესში რუსულის, როგორც მეორე წამყვანი ენის, განდევნაა. "ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მართლაც ნოვაციაა", - ამბობს 58 წლის კრუზი. საუბარში მისი ერთ-ერთი მოსწავლე, 15 წლის თეკლა იორდანიშვილი ერევა, - ინგლისური საერთაშორისო ენაა და ჩვენ ის გვჭირდება.

ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ისეთ პროგრამებს ჰგავს, როგორებიცაა: "მშვიდობის კორპუსი" და "ასწავლე ამერიკისთვის", მასწავლებლები უფასოდ ცხოვრობენ ქართულ ოჯახებში და სტიპენდიის სახით თვეში 275 დოლარს იღებენ.

ინგლისურის ბევრი მასწავლებელი თავის ძალისხმევაზე პირველი გამოხმაურებებით კმაყოფილია. ზოგიერთი მასწავლებელი კი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემით იმედგაცრუებულია. საქართველო დღემდე შედარებით ღარიბი ქვეყანაა. განვითარებადი სახელმწიფოების მსგავსად, ინგლისურის ადგილობრივი მასწავლებლები თავადაც ცუდად საუბრობენ ინგლისურად, ბავშვებს ავალებენ სიტყვების დაზეპირებას და ნაკლებად მონაწილეობენ დიალოგში. მოზარდებს, რომლებიც ინგლისურს წლების განმავლობაში სწავლობდნენ, წინადადების წარმოთქმაც კი არ შეუძლიათ.

ამ ახალი მასწავლებლებიდან ერთ-ერთს, რომელიც სოფლის სკოლაში ასწავლის, სადაც დანგრეული კლასებია და სახელმძღვანელოები ფაქტობრივად არ არსებობს, კითხვები უჩნდება იმ განსაკუთრებულ ყურადღებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინგლისურის მიმართ იჩენს.

"ეს დაახლოებით იგივეა, რაც სამზარეულოს აშენებამდე ესპრესოს აპარატის ყიდვა", - ამბობს 23 წლის ჯეიმს ნორტონი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერიდან.

"აქ მრავალი დაბრკოლებაა, რაც უცხოელ მასწავლებლებს ეფექტიანად მუშაობაში ხელს უშლის, - წერს ელექტრონულ წერილში ბ-ნი ნორტონი, - ხშირად ვფიქრობ, ხომ არ ჯობდა ხელისუფლებას ჯერ ფუნდამენტურ საკითხებზე გაემახვილებინა ყურადღება, ისეთზე, როგორიცაა ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოს ყიდვა ან პედაგოგების წვრთნა სწავლების თანამედროვე მეთოდებში (თარგმნის და დამახსოვრების დოქტრინების ნაცვლად, რომელიც დღეს უპირატესია), ქართველი მასწავლებლებისთვის ნორმალური ხელფასების გადახდა, შეფასების უფრო ხარისხიანი მაჩვენებლების შემოღება და ა.შ.". ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი წუხილის მიუხედავად, საქართველოში გატარებული დროით კმაყოფილია, არაფერს ნანობს და დარწმუნებულია, რომ შეძლო თავისი მოსწავლეების ინტელექტუალური დონის ამაღლება. მას სხვებიც ეთანხმებიან.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ