აფხაზეთი - ძლიერ მმართველთა დაპირებები - კვირის პალიტრა

აფხაზეთი - ძლიერ მმართველთა დაპირებები

მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ვერავინ დააბრალებს, რომ თანამიმდევრულნი არიან პატარა "გამოყოფილ სახელმწიფოებთან" დამოკიდებულებაში, სადაც ინდივიდუალური ორმხრივი ურთიერთობები და გეოპოლიტიკა ყოველთვის პრევალირებს თვითგამორკვევის საკითხებისადმი პრინციპულ მიდგომებზე.

შესაბამისად, მოსკოვის მეგობრობა სერბეთთან ხაზს უსვამს კოსოვოს დამოუკიდებლობასთან მის გაშმაგებულ შეურიგებლობას მაშინ, როცა მისმა მტრულმა დამოკიდებულებამ საქართველოს მიმართ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუწყო ხელი. ამერიკაც ანალოგიური სქემით ხელმძღვანელობდა, როდესაც სერბეთს სასტიკად სჯიდა აგრესიისა და ურჩობის გამო, ახლა კი კოსოვოს სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის ავანგარდშია და ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ არ შეიძლება ზესახელმწიფოთა ინტერესების გამო შეიზღუდოს ან დამახინჯდეს დისკუსია თვითგამორკვევაზე იქ, სადაც გეოპოლიტიკა გულზე არ ეხატებათ.

ისეთი ტერიტორიების მომავალი, როგორიც აფხაზეთია, მხოლოდ მათ საკუთარ პირობებთან კავშირში უნდა განიხილებოდეს და არა ზესახელმწიფოების კონკურენციის თვალსაზრისით. საპირისპირო შემთხვევაში კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობები მარცხით დასრულდება. თუკი თვითგამორკვევის თემას თავს ავარიდებთ და ფოკუსირებას მოვახდენთ კონფლიქტის მხოლოდ რუსულ-ქართულ განზომილებაზე, მალე დავინახავთ, რომ ვიდრე დასავლეთი რიტუალურ რეჟიმში იმეორებს საქართველოს არგუმენტებს მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიზნით და საკუთარი ფანტაზიების სფეროში რჩება (რომლის არსიც ისაა, რომ აფხაზეთი კვლავ საქართველოს ნაწილია), რუსეთი რეგიონს სწრაფად შთანთქავს. ისინიც, ვინც მეტი თვითგამორკვევისკენ მიისწრაფვიან და ისინიც, ვინც ამას ეწინააღმდეგებიან, სულელურად მოიქცევიან, თუკი ძლიერ მმართველთა დაპირებებს დაუჯერებენ.

მათთვის უმჯობესი იქნება, თუ საკუთარ პრობლემებს მიხედავენ, მათ კარწინ არსებულ სიტუაციას დააკვირდებიან და ადგილობრივ დონეზე დაუჭერენ მხარს კონფლიქტების გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას. მათ უნდა განამტკიცონ მმართველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ხარისხი, გააუმჯობესონ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სიტუაცია და იფიქრონ იმ სიღრმისეულ მიზეზებზე, რომელთა გამოც კონფლიქტი ჩნდება და ვითარდება. ეს დავაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნება, მაგრამ ის ისეთი სიტუაციის შექმნას უზრუნველყოფს, როდესაც საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად მათ მეტი საფუძველი გაუჩნდებათ, თუკი გეოპოლიტიკური ვარსკვლავები სხვაფრად აციმციმდებიან.

"ოუფენ დემოკრესი", აშშ