Amnesty International-ი მოუწოდებს... - კვირის პალიტრა

Amnesty International-ი მოუწოდებს...

Amnesty International-ი მიესალმა 2010 წლის ოქტომბერში სტანდარტულ ქმედებათა პროცედურების (SOP) მიღებას (ეს პროცედურები არეგულირებს გამოსახლებასა და ბინებში განთავსების სტანდარტებს) საქართველოში, მაგრამ შეშფოთებულია იმით, რომ ეს მოთხოვნები ბოლოდროინდელი გამოსახლებისას, ჩანს, ბოლომდე არ იყო დაცული.

20-დან 24-იანვრამდე დაახლოებით 600 კაცი გამოასახლეს 22 შენობიდან. დევნილთა უმეტესობა ამ ბინებში 2008 წლის ომის შემდეგ აფარებდა თავს, ბევრიც 1990-იანი წლების მოვლენების შედეგად იქცნენ იძულებით გადაადგილებულ პირებად. საქართველოს მთავრობის განცხადებით, შენობები დაკავებული იყო შესაბამისი სახელისუფლებო ნებართვის გარეშე.

გამოსახლებაზე სამთვიანი მორატორიუმის შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოსცა წერილობითი შეტყობინება 22 შენობის მცხოვრებთა დაგეგმილ გამოსახლებაზე და დაკავებული ფართობების გათავისუფლება 10 დღეში მოითხოვა. აქვე იყო დაპირება შესაბამისი დახმარების შესახებ.

დეკემბერში, საპროტესტო გამოსვლების გამო, მთავრობამ გამოსახლება იანვრისთვის გადადო და, შესაბამისად, დაგეგმილი გამოსახლება შეტყობინებაში მითითებული დროს არ განხორციელებულა. ამიტომ ხელისუფლებას უნდა დაეგზავნა ახალი შეტყობინება, რათა დაინტერესებულ პირებს აუცილებელი სამზადისის საშუალება მისცემოდათ, მაგრამ დევნილთა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მეთვალყურეთა ცნობით, ვინც აკვირდებოდა გამოსახლებას, უმეტეს შემთხვევებში პოლიციამ დაინტერესებულ მხარეს გამოსახლების ზუსტი ვადის შესახებ მხოლოდ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინა.

20 იანვრის დილას დაახლოებით 100 ოჯახი გამოასახლეს ორხევის საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან და ბაგების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლიდან. არსებული ცნობების თანახმად, გამოსახლება ორხევში 7:00 საათზე, ხოლო ბაგებში - 7:30 საათზე დაიწყო. იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოკითხვების თანახმად, პოლიციის ოფიცრები ორივე შენობას 19 იანვარს გვიან ღამით ეწვივნენ, რათა მობინადრეებისთვის მეორე დილით დაგეგმილი გამოსახლების შესახებ ეცნობებინათ.

Amnesty International-ი შეშფოთებულია იმითაც, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამოსახლებამდე უზრუნველეყო ყველა ოჯახი ფინანსური დახმარებით.  შOP-ის 6.9.1 მუხლის თანახმად, დაგეგმილი გამოსახლება არ შეიძლება ჩატარდეს, თუ "ფინანსური დახმარების მომლოდინე ყველა პირმა არ მიიღო ის ფიზიკურად 10 დღის განმავლობაში".

კონკრეტულად კი Amnesty International-ი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს: დარწმუნდეს, რომ შესაბამის პირებს წინასწარ გადაეცათ შესაბამისი ინფორმაცია გასახლების ზუსტი თარიღის შესახებ, უზრუნველყოს კონსულტაციები და იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობა სტაბილურ საცხოვრებელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების პროცესში;

უზრუნველყოს გამოსახლება ეროვნულ და საერთაშორისო უფლებადაცვით სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში; უზრუნველყოს გამოსახლებულებისთვის შესაფერისი ფინანსური დახმარებისა და ადეკვატური საცხოვრებლის გადაცემა, როგორც გადაუდებელი საჭიროება; დარწმუნდეს, რომ დამკვირვებლებს აქვთ გამოსახლების პროცესზე სრული და შეუფერხებელი მეთვალყურეობის საშუალება; დარწმუნდეს, რომ გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლები კოლექტიურ ცენტრებსა და ახალ დასახლებებში აკმაყოფილებს დასახლებული ადგილის კრიტერიუმებს, აქვს სათანადო მდებარეობა და არსებობს წყლის, სანიტარიული და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის მოხმარების პირობები.

"ამნესტი ინტერნეშენელ", აშშ