კიბერომის პირველი გაკვეთილი - კვირის პალიტრა

კიბერომის პირველი გაკვეთილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი მრავალი ასპექტით XX საუკუნის შუა წლებთან დაბრუნება იყო. პროპაგანდითა და ეთნიკური დაძაბულობით გაღვივებული სასაზღვრო დავა სასტიკ მოვლენად გარდაიქმნა, შეიარაღებულ ბლიცკრიგად - "პირველმა ვინ ისროლას" სტილში, საჰაერო დარტყმებით, დამარცხებულისგან მშვიდობის თხოვნით, დაზავების დოკუმენტზე ხელმოწერებით და ტრიუმფატორების მხრიდან ზოგიერთი ტერიტორიის ოკუპაციით.

მოკლედ, ეს იყო 1939 წელი, მაგრამ ამ პატარა ომის ერთი ასპექტი სრულად შეესაბამებოდა XXI საუკუნის სულისკვეთებას. საუბარია რუსეთის მიერ საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის არსენალში თავდასხმითი კიბეროპერაციების ჩართვაზე. ეს ომი იმის წინასწარი დემონსტრაცია იყო, თუ როგორ გამოიყენებენ შეიარაღებული ძალები საინფორმაციო ომებს და კიბეროპერაციებს მომავალში, რისთვის უნდა მოემზადონ მეთაურები და პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელნი.

Small Wars Journal-ში დევიდ ჰოლისი, დაზვერვის სფეროში თავდაცვის მინისტრის მოადგილის განყოფილების პოლიტიკური ანალიტიკოსი აღწერს, თუ როგორ ჩართო რუსეთის ხელისუფლებამ კიბერსივრცის ოპერაციები საკუთარ გეგმაში საქართველოს წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდასხმითი კიბეროპერაციები საქართველოს ომში ცხადი იყო, ისინი მესამე მხარის მოზიდვისა და სერვერების გაერთიანების ფართო სპექტრის საშუალებით შეტევების განხორციელების მარშრუტის შექმნით შეინიღბა, რაც კიბეროპერაციებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა. საბოლოო ჯამში ქართველი და სხვა სპეციალისტები ვერ ამტკიცებენ, რომ ამ კიბერთავდასხმებს სწორედ რუსეთის მთავრობა ახორციელებდა. კრემლი უარყოფს კონფლიქტში კიბერიარაღის გამოყენებას, რაც ცოტა უცნაურია. როდესაც რუსული ტანკები ქართულ სოფლებში დაქროდნენ, რუსეთის თვითმფრინავები კი საქართველოში სამიზნეებს ბომბავდნენ, რაღაც კომპიუტერული აქტივობის აღიარება რა პრობლემაა?

ჰოლისის ცნობით, რუსეთის შეტევითი ოპერაციები კიბერსივრცეში უშუალოდ ტიპური სამხედრო მოქმედებების გაჩაღებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. რუსეთის კიბერდაზვერვის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვან ადგილებში ამოცნობის პროცედურები ჩაატარეს და შეესივნენ ქართულ სამხედრო და სამთავრობო ქსელებს იმ მონაცემთა მოსაძიებლად, რომელიც მათ დაწყებული კამპანიის დროს გამოადგებოდათ. ამ ხნის განმავლობაში, რუსეთის მთავრობამ მოხალისეთა კიბერრაზმების, არასამთავრობო უშტატო ჰაკერების ორგანიზებაც დაიწყო, რომლებიც კამპანიას მხარს დაუჭერდნენ და ამავდროულად სამთავრობო ოპერაციებისთვის ერთგვარი ფარის ფუნქციას შეასრულებდნენ. ამ პერიოდში ხელისუფლება და კიბერრაზმები ქართულ სამიზნეებზე თავდასხმის რეპეტიციებს გადიოდნენ.

როდესაც 7 აგვისტოს ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა, რუსეთის მთავრობამ და არარეგულარულმა ძალებმა ქართულ სამხედრო და სამთავრებო ვებგვერდებზე ისეთი ტიპის თავდასხმები გამართეს, როგორიცაა უარი მომსახურებაზე. ამ თავდასხმებმა შეაჩერა საინფორმაციო ნაკადების გადაცემა სამხედრო ქვედანაყოფებსა და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამსახურს შორის. უშუალოდ სამხედრო ოპერაციების დაწყებამდე სამოქალაქო მოსახლეობაში პანიკის დასათესად რუსული კიბერძალები სამოქალაქო ვებგვერდებსაც დაესხნენ თავს. რუსებმა იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ მათ შეუძლიათ ქართველი საზოგადოების შერყევა როგორც უშუალოდ საბრძოლო, ასევე კომპიუტერული ოპერაციების დახმარებით და ჯერჯერობით თავს იკავებენ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივზე, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან. ამ სამიზნის რეზერვში დატოვებით რუსებმა ქართველ პოლიტიკოსებს ომის სწრაფად დასრულების სტიმული გაუჩინეს.

საქართველოს, რომელიც ყველა მიმართულებით - ჰაერში, ხმელეთსა და შავი ზღვის სანაპიროზე რუსული ძალის უპირატესობას წააწყდა, ფაქტობრივად, არ გააჩნდა ძალისმიერი წინააღმდეგობის არანაირი შესაძლებლობა. ის მხოლოდ სტრატეგიული კომუნიკაციების იმედად რჩებოდა, რათა რუსეთის სამხედრო აგრესიის პროცესში სასტიკ მოპყრობაზე მსოფლიოსთვის თანაგრძნობის აღმძვრელი გზავნილები გადაეცა. ჰოლისი წერს, რომ რუსეთმა კიბეროპერაციები ეფექტიანად გამოიყენა იმისთვის, რომ მსგავსი გზავნილების შედგენასა და გავრცელებაში ქართული ხელისუფლებისთვის ხელი შეეშალა, რითაც საქართველოს მოუსპო ბოლო იმედი სტრატეგიული უპირატესობისა.

ჰოლისი აღნიშნავს, რომ კიბეროპერაციების ეფექტიანობა, განსაკუთრებით ისეთი ტიპის თავდასხმებისა, როგორიცაა უარი მომსახურებაზე, შეიძლება ძალიან სწრაფმავალი იყო. კიბერთავდამსხმელ ძალებსა და WikiLeaks-ის პროექტის დამცველებს შორის ბოლოდროინდელ ბრძოლებში, ორივე მხარე ერთმანეთს ძირითადად "ფუჭ ტყვიებს ესროდა", მაგრამ 2008 წლის აგვისტოში რუსმა სტრატეგებმა მოახდინეს კიბერსივრცის ოპერაციების მყარი ინტეგრაცია თავიანთ სამხედრო, დიპლომატიურ და სტრატეგიულ ოპერაციებთან და კომპიუტერული სისტემები დააზიანეს თავისთვის საჭირო მომენტებში. ქართული ეპიზოდი საუკეთესო მასალაა კიბერსივრცის მებრძოლთათვის შესასწავლად, რომლებიც მსგავსი ახალი კონფლიქტისთვის მოემზადებიან.

"ფორინ პოლისი", აშშ