თბილისს მერკელის იმედი აქვს - კვირის პალიტრა

თბილისს მერკელის იმედი აქვს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილება სურს. მას იმედი აქვს გერმანიის კანცლერის კარგი კონტაქტებისა იმ ქვეყანასთან, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.

ამ კაცს ერთ ადგილზე მშვიდად ჯდომა არ შეუძლია. ახლაც სასტუმრო "ბავარიაში" წითელი ხავერდით გაწყობილ სავარძელში ირწევა. თბილისიდან ჩამოსული სტუმარი შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში - გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს უნდა შეხვდეს. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ კანცლერი ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების ტემპის დაჩქარებასა და რუსეთთან ახალი დიალოგის დაწყებაში დაეხმარება.

"ნებისმიერი კონტაქტი სჯობს კონფრონტაციას, - ამბობს სააკაშვილი და 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის გამო თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ სიტუაციას აღწერს, - მოსკოვი ისე იქცევა, თითქოს საერთოდ არ არსებობს საქართველოს მთავრობა... ჩვეულებრივ, რუსები მე გამირბიან, - ამბობს იგი, - გერმანიამ უნდა გამოიყენოს თავისი კონტაქტები და უთხრას რუსეთს, რომ უარი თქვას კონფრონტაციაზე, საზღვრებთან შეწყვიტოს შეიარაღების კონცენტრაცია და იზრუნოს დიალოგის შესაძლებლობაზე".

საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ მას მაინც მშვიდობიანი მოლაპარაკებები სურს. "არ არის აუცილებელი, უპირველესად მაინცდამაინც პრეზიდენტ მედვედევთან ან პრემიერ-მინისტრ პუტინთან შეხვედრა - ამ შემთხვევაში რანგს მნიშვნელობა არა აქვს. თუკი გერმანია წარმართავს ასეთ დიალოგს, საქართველო მოხარული“დარჩება", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

სააკაშვილი ამ საქმეში დასავლეთის დაინტერესებაზეც საუბრობს: მისი ქვეყანა "რეგიონში წამყვანი რეფორმატორია", დემოკრატიულია, "ავღანეთთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და სერიოზული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით".

მერკელისგან განსხვავებით, მას არ სურს საუბარი ეგვიპტეზე... მუბარაქისთვის რჩევის მიცემა ჩემი საქმე არ არისო, - ამბობს, თუმცა შემდეგ დასძენს, - "მნიშვნელოვანი არა შემდეგი თვეები, არამედ შემდეგი ათწლეულებია". საჭიროა ირანზე ფიქრი. "რევოლუციებისთვის ერთი სქემა არ არსებობს.

უკრაინაც შეეცადა ჩვენთვის მოებაძა, მაგრამ შედეგი განსხვავებული იყო. მნიშვნელოვანია "არა დროშების ფრიალი", არამედ გარდაქმნისა და რეფორმებისთვის აუცილებელი კრიტიკული მასის მოზღვავება (მისი ქვეყანა ამას მეშვიდე წელია, აკეთებს), თუმცა 2007 წელს მის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დარბევას დიდ უბედურებად არ მიიჩნევს და არც ნანობს. ამის შემდეგ მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და 2004 წელს მიღებული ხმების 96%-ის ნაცვლად მხოლოდ 53% მიიღო.

2013 წელს ის კენჭს ვეღარ იყრის, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს, რომლითაც პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლება აქვს. სააკაშვილიც იმას ხომ არ აპირებს, რაც მისმა საძულველმა რუსმა თანამოძმემ, პუტინმა გააკეთა? ის არ მალავს, რომ პრემიერმინისტრობა უნდა, თუმცა არ სურს საუბარი პირად მომავალზე - წინ რეფორმებით აღსავსე პრეზიდენტობის 2.5 წელი აქვს...

"დერ ტაგესშპიგელი", გერმანია