ვნებათაღელვა დიდოელთა გამო - კვირის პალიტრა

ვნებათაღელვა დიდოელთა გამო

საქართველოს პარლამენტის თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა მსოფლიოს დიდოელთა ლიდერის მაჰომედ ჰამზათოვის სიკვდილის გამოძიებაში მონაწილეობა სთხოვა.

შარშანწინ, დაღესტნის ეროვნული უმცირესობის - დიდოელების კულტურული ავტონომიის ლიდერმა, 76 წლის მაჰომედ ჰამზათოვმა დახმარებისთვის თბილისს მიმართა; ამიტომაც ფიქრობენ, რომ მისი გარდაცვალება შემთხვევითი არ იყო. მაგრამ ქართველი პარლამენტარების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანების კიდევ ერთი მცდელობა.

თავის ბოლო ინტერვიუში ჰამზათოვი ამბობს, რომ მან საქართველოს შემადგენლობაში შესვლა კი არ ითხოვა, არამედ ტრიბუნა, რათა მსოფლიოსთვის გაეცნო დიდოელთა მდგომარეობა და მსოფლიო საზოგადოებრიობას ეღიარებინა დიდოელთა თვითმყოფადობა. ჰამზათოვი მსჯელობს იმაზე, რომ საჭიროა ხელი შეეწყოს  გაქრობის პირას მყოფი ხალხის ენისა და კულტურის შენარჩუნებას. ეს ხნიერი კაცის განწირული ღაღადია, კაცისა, რომელმაც თავის სიცოცხლე სამართლიანობის აღდგენას მიუძღვნა. ეტყობა, რუსეთში ტრიბუნის მიღწევის იმედი გადაწურული ჰქონდა.

"საქართველოს პარლამენტი ვინმეს კერძო დუქანი კი არ არის, - ამბობს ჰამზათოვი ზემოხსენებულ ინტერვიუში, - ის, უპირველესად, ქართველი ხალხის დემოკრატიულობის გამომხატველია. საქართველოს პარლამენტის იურიდიული პატრონი სააკაშვილი კი არა, საქართველოს ხალხია. ამიტომაც საქართველოს პარლამენტის გამოყენება კეთილშობილური მიზნებისთვის - ჩემი დიდოელი ხალხის კანონიერი უფლებების და ინტერესების დასაცავად, ანტირუსული ჟესტი არ არის. პირიქით! ანტირუსულ ჟესტად მე მიმაჩნია დაღესტნელი და ფედერალური მოხელეების ქმედებები, რომლებიც ჩვენს პრობლემებს არად აგდებენ".

დიდოელთა პრობლემამ უკიდურეს წერტილს მიაღწია. მცირერიცხოვანი ხალხი გაქრობის პირზეა. ფაქტია, რომ დაღესტანში მათი და სხვა მცირერიცხოვანი ხალხის გადასარჩენად კარდინალურ ზომებს არავინ მიიღებს. ასეთ ვითარებაში, როგორც ყოველთვის, მოსკოვის (თუ საქართველოს?) იმედი უნდა ვიქონიოთ. სჭირდება თუ არა რუსეთს მის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უძველესი ხალხის გაქრობით გამოწვეული უსიამოვნება - ამას დრო გვიჩვენებს.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი