აშშ-ის ანტისარაკეტო ფარი - კვირის პალიტრა

აშშ-ის ანტისარაკეტო ფარი

რესპუბლიკური პარტიის წევრი ოთხი ამერიკელი სენატორის არაოფიციალურმა წინადადებამ, ანტისარაკეტო თავდაცვის სარადარო სისტემის საქართველოში განთავსებაზე, თბილისის მოწონება, ხოლო მოსკოვის გულისწყრომა გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია დღეს ძალიან ფრთხილად ეკიდება ანტისარაკეტო ფარზე საუბარს. ის ცდილობს, ცენტრალურ ევროპაში საკუთარი მოკავშირეების ბუნდოვანი დაპირებებით დამშვიდებას და, ამავდროულად, რუსეთის გაღიზიანებასაც ერიდება. თუმცა ადმინისტრაციას მოუწევს ტონის შეცვლა, თუკი რესპუბლიკელები ანტისარაკეტო ფარს  2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დისკუსიის ცენტრალურ თემად აქცევენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, 7 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისი დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის რადარის განთავსებით. ამ განცხადებით ის რესპუბლიკელი სენატორების - ჯონ კილის, ჯეიმს რიშის, მარკ კერკის და ჯეიმს ინჰოფის -  არაოფიციალურ წინადადებას გამოეხმაურა. სენატორებმა ინიციატივა თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეითსის სახელზე გაგზავნილ ღია წერილში ჩამოაყალიბეს.

რუსეთმაც რეაგირება არ დააყოვნა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ამ სისტემის განთავსებას ნეგატიური შედეგები მოჰყვება რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ეს არგუმენტი დაადასტურა და დასძინა, რომ მოსკოვს მოუწევს ახლახან ხელმოწერილი შთAღთ-ის (სტრატეგიული შეიარაღების შემცირება) ახალი ხელშეკრულების ფარგლებში საკუთარი ვალდებულებების გადახედვა.

სენატორების წინადადება, ქართული მხარის სწრაფი თანხმობა და რუსეთის კიდევ უფრო სწრაფი რეაქცია იმაზე მიუთითებს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავ მნიშვნელოვანი უთანხმოებაა. სისტემის განთავსებასა და მის შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებული დავის უკან რუსეთ-ამერიკის ფუნდამენტური გეოპოლიტიკური კონკურენცია იმალება.

ქვეყნები ერთმანეთს ცივი ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გამო ებრძვიან. ოთხი ამერიკელი სენატორი ვერ გადაწყვეტს სტრატეგიული სამხედრო ობიექტების განთავსების საკითხს, მაგრამ ამ წერილის გამოქვეყნებით მათ თემა პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად აქციეს.

ამ ინიციატივით სენატორები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სისტემის რადარს საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში განათავსებს, თუკი იმის გარანტია ექნება, რომ მონაცემებს ისრაელი ვერ გამოიყენებს. ისრაელში უკვე განთავსებულია  X სიხშირის დიაპაზონის მობილური ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის რადარი.

რადგან რადარის განთავსებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, ხოლო რადარის განთავსებამდე კიდევ უფრო მეტი, ეს დისკუსია არსებულ პოზიციებს და შესაძლო შეხედულებებს უფრო ასახავს, ვიდრე საბოლოო და კონკრეტულ შეთანხმებებს. თუმცა სენატორებმა საკუთარ წერილში არსებული შესაძლებლობა გამოიყენეს და ხელისუფლებას რადარის განთავსებისთვის საქართველოს ტერიტორიის ალტერნატიულ ვარიანტად განხილვა შესთავაზეს.

"სტრატფორი", აშშ