"რუსეთის იმპერიის დაჩოქება მოინდომა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის იმპერიის დაჩოქება მოინდომა"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანული Der Tagess[ingel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება სურს, მაგრამ, ამავე დროს, თბილისმა ბოლო თვეებში საგრძნობლად გააძლიერა ანტირუსული პროპაგანდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც.

საქართველოს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ანტირუსული რიტორიკა რეჟიმს ყველაფრის რუსეთზე გადაბრალებაში ეხმარება.

ოპოზიციური პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს, იმედი აქვს, რომ სოციალური დაძაბულობა გაიზარდა და სააკაშვილს ხელისუფლების დატოვება ამ წლის ბოლომდე მოუწევს:

- მე არ ვნანობ, რომ "ვარდების რევოლუციის" სათავესთან ვიდექი სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად. "ვარდების რევოლუციას" სავსებით მართებული მოთხოვნები ჰქონდა: სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ბრძოლა კორუფციასთან. სააკაშვილმა ამ მოთხოვნებისგან ნელ-ნელა გადაუხვია. რევოლუციის შემდეგ 45 დღე პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი პირველი ვიზიტი რფ-ში და მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა.

ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყებოდა. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. მე დაწვრილებით ვესაუბრე სააკაშვილს იმ პერსპექტივებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობდა. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიის დაჩოქებას მოინდომებდა. ამის შემდეგ ყველაფერი უკუღმა წავიდა. მგონია, რომ რევოლუციას სწორი პერსპექტივები ჰქონდა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის სწორად წარსამართავად. მაგრამ მეც და ზურაბ ჟვანიამაც საბედისწერო შეცდომები დავუშვით. ჟვანიას სააკაშვილის საპირწონედ, ხელისუფლების თავის ხელში თავმოყრის იმედი ჰქონდა. სწორედ ეს იყო მისი მთავარი შეცდომა.

საქართველოში არც დემოკრატიაა, არც სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი სამართალი. იმასთან, რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიას კავშირი არა აქვს.

- ნატოს ლისაბონის სამიტზე სააკაშვილმა რუსეთთან დიალოგის მზადყოფნაზე ილაპარაკა. შეიძლება ეს განცხადება სერიოზულად მივიღოთ?

- სააკაშვილის არც ერთი სიტყვისა არ მჯერა. არც ერთი სიტყვის, რასაც რუსეთთან დაკავშირებით ამბობს. აბა, რა აზრი აქვს იმ არაადეკვატური ადამიანის ნათქვამს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ტყუის. ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ლაპარაკობს და იქვე შეურაცხყოფს მას, როცა ეხება მოსკოვისთვის ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიც ჩრდილოეთი კავკასიაა. რასაკვირველია, არავითარ დიალოგზე ლაპარაკიც არ შეიძლება.

- დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდით. იქ პოლიტიკურ ლიდერებსაც შეხვდით. რაიმე შედეგს თუ მიაღწიეთ?

- კმაყოფილი ვარ იქ ყოფნით, ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მომავლის ჩემეული ხედვა სავსებით სწორია. უცხო ქვეყნების ბევრი ლიდერი საქართველოს სერიოზულად არ აღიქვამს. მათ მშვენივრად იციან, რეალურად რა მდგომარეობაა საქართველოში. სამწუხაროდ, "ქართული საკითხი" ბოლო თაროზეა შემოდებული. არც ნატოში შესვლის შანსი გვაქვს.

"ვზგლიადი", რუსეთი

(იბეჭდება შემოკლებით)