ამერიკა - ომის წლისთავის აღსანიშნავად... - კვირის პალიტრა

ამერიკა - ომის წლისთავის აღსანიშნავად...

Коммерсант

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის წლისთავზე საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე დაძაბული ვითარება ძალიან აშფოთებს ვაშინგტონს. თეთრ სახლს შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების ეშინია, სწორედ ამაზე ესაუბრა ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაურეკა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. რუსეთთან ურთიერთობაში "გადატვირთვაზე" ფსონის დადების შემდეგ ვაშინგტონს სულაც არ აძლევს ხელს რეგიონში მდგომარეობის გამწვავება, თან არც საქართველოსთვის მხარდაჭერაზე იტყვის უარს.

4 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას დაურეკა დაბადების დღის მისალოცად. მადლობის შემდეგ ობამა ორივე მხარისთვის ნაკლებსასიამოვნო, კავკასიის საკითხს შეეხო. აშშ-ის პრეზიდენტს არ დავიწყებია, რომ შარშან, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი დაბადების დღის აღნიშვნას ოჯახთან ერთად ჰავაის კუნძულებზე აპირებდა, საქართველოში ომი დაიწყო. ობამას შვებულება არ შეუწყვეტია, მხოლოდ  ჟურნალისტებთან გამოვიდა და ორივე მხარეს მშვიდობისკენ ფრთხილად მოუწოდა. მისმა მეტოქე-რესპუბლიკელებმა მაშინვე სისუსტეში დაადანაშაულეს, რის გამოც საგრძნობლად დაეცა ობამას რეიტინგი.

ამჯერად უკვე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაუყოვნებლივ გამოხატა შეშფოთება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე დაძაბულობის გამო. "პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იქნება კრიზისული მენეჯმენტის ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიც არის ინციდენტების თავიდან აცილების და მასზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმი; ასევე თქვა, რომ აუცილებელია საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამ საუბრის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირდა: ქართული დემოკრატიისადმი მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, - დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისგან ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოსო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილის ცნობით, ბაიდენს მკაფიოდ უთქვამს, რომ "ქვეყნის ერთიანობის აღდგენა სამხედრო გზით შეუძლებელია". იმავე დღეს, საქართველოსთან დაკავშირებით, სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის სხდომაზე მოხსენება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუმ. მან უარყო რუსეთის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ საქართველოს აიარაღებს, მაგრამ არც ის გამოურიცხავს, რომ მომავალში შეიძლება აშშ-მა თბილისს "თავდაცვითი შეიარაღება" გადასცეს. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა მხოლოდ საქართველოში ომის შედეგად დანგრეული სახლების, ინფრასტრუქტურის, ლტოლვილთა დაბინავებისთვის და პოლიციის აღდგენისთვის არის გამიზნული. გარდა ამისა, ვერშბოუმ თქვა, რომ პენტაგონი საქართველოს ეხმარება იმ ქვედანაყოფების აღჭურვაში, რომლებსაც ავღანეთში მოუწევთ ბრძოლა. ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი: - ეს სრული სიმართლე არ არის. ჩვენი მონაცემებით, აშშ-დან იარაღის მიწოდება გრძელდება, ეს კი ეჭვებს ბადებს და შესაბამისი ზომების მიღებას გვაიძულებსო. კარასინი აფრთხილებს ყველას - რფ-ის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მითითების თანახმად, რუსეთი იმ ქვეყანასთან, რომელიც საქართველოს შეიარაღებას მიაწვდის, სამხედრო ტექნიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეზღუდავსო.

მეორე მტკივნეული საკითხი ორივე მხარისთვის გახლავთ ამერიკელთა სურვილი - მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში. გამორიცხული არ არის, რომ ობამამ მედვედევთან ამაზეც ისაუბრა. ცნობილია, რომ რუსეთი კატეგორიულად უარობს ევროკავშირის მისიასთან აშშ-ის სამხედროების მიერთებას, სამაგიეროდ, მომხრეა საქართველო. ნატოში რუსეთის წარმომადგენლის, დმიტრი როგოზინის აზრით, სააკაშვილს ამერიკელები "მძევლად სჭირდება". მას უნდა, რომ ისინი იქ "ჩაიხოცონ"...