აშშ-ის უფრო აქტიურ დამოკიდებულებაზე საქართველოს კონფლიქტების მიმართ - კვირის პალიტრა

აშშ-ის უფრო აქტიურ დამოკიდებულებაზე საქართველოს კონფლიქტების მიმართ

საქართველო მომავალში ორი ურთიერთგამომრიცხავი პერსპექტივის არჩევის  წინაშეა.

პირველი ვარიანტი: ბერლინის თანამედროვე ვერსიის ტიპის გაყოფილი საქართველო. ამ ვერსიით კონფლიქტები განიხილება, როგორც ცივი ომი კავკასიაში, როგორც ხანგრძლივი და დიდწილად უსისხლო გამიჯვნა მხარეებისა, რომელთა შორის გარე ძალების დახმარებით იმდენად ღრმა და საფუძვლიანი განხეთქილებაა, რომ კომპრომისი თავიდანვე გამორიცხულია. ამ ვარიანტის თანახმად, კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარე დათმობაზე მიდის, მისი მცხოვრებლები ანგრევენ და ანადგურებენ ხელოვნურად შექმნილ კედლებს და დაბრკოლებებს, ხოლო მისი მთავრობა თავისი მფარველის და ქომაგის დასუსტების გამო თვითლიკვიდაციას აცხადებს.

სამწუხაროდ, 1989 წლის ბერლინის მსგავსი სიტუაციის დასასრული ქართული კონფლიქტებისთვის ნაკლებსავარაუდოა შორეულ მომავალშიც კი. თვითმმართველი წარმონაქმნების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებმა რაღაც მაგიური ხერხებით უნდა "გადალახონ" ცოტა ხნის წინანდელი ომითა და 1990-იან წლებში ქართველებთან ბრძოლებითა და კონფლიქტებით გამოწვეული წყენა და უკმაყოფილება. მათ მოუწევთ ასევე საქართველოს მთავრობის აღიარება საკუთარ მთავრობად და უარის თქმა დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობისკენ მისწრაფებაზე.

მეორეც: ასეთი სცენარის პირობებში რუსეთმა მოულოდნელად და რადიკალურად უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება, უარი უთხრას მათ ეკონომიკურ დახმარებაზე და ჯარები გაიყვანოს. ასეთი გზა და შედეგი რეალობისგან შორსაა. დაბოლოს, ამ შემთხვევაში საქართველოს მოუწევს მტკიცედ და მოთმინებით დაელოდოს ფრონტის ხაზზე თავის გარდაუვალ გამარჯვებას, დაელოდოს ბერლინი-1989-ის კავკასიაში განმეორებას. მაგრამ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ სტატუს კვოს შენარჩუნებაში კარგი არაფერია:

არც ქართველ ელიტას, არც ქართველ საზოგადოებას არ შეუძლია ქვეყანა დაურეგულირებელი კონფლიქტების შენარჩუნების პირობებში განავითაროს. ქვეყანამ, რომელიც ყაზარმულ მდგომარეობაშია, საეჭვოა საკუთარი ეკონომიკა წარმატებულად განავითაროს, დემოკრატიული გარდაქმნები განახორციელოს და ამავდროულად გაურკვეველი პერიოდით მსოფლიოს პერიფერიაზე დარჩეს. დროთა განმავლობაში ის შეიძლება საერთაშორისო აპათიის ობიექტიც გახდეს, რადგან დასავლელი მეგობრები დაიღლებიან იმისგან, რომ საქართველო ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებას კონფლიქტების, დავების გაღვივებისა და რუსეთთან მუდმივი ჩხუბისთვის იყენებს.

შესაბამისად, პირველი სცენარი -„საქართველო გაყოფილი ბერლინის როლში, "დაუსრულებელი კონფლიქტის" რეცეპტია. ეს იმით დასრულდება, რომ საქართველო დანაწევრებული დარჩება, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი რუსეთის იზოლირებული, გაღატაკებული და მილიტარიზებული პროტექტორატები იქნებიან, ხოლო რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება არ დასრულდება. ასეთი სცენარის პირობებში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრება მუდმივი საუბრებისა და ოცნებების თემა გახდება.

მეორე სცენარი კონფლიქტის ტრანსფორმაციას ითვალისწინებს, რომლის დროსაც დაძაბულობა შესუსტდება, სადემარკაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვდებიან, ნდობა განმტკიცდება, სავაჭრო კავშირები აღდგება და ხელისუფლებებს შორის კონტაქტი ნორმად ჩამოყალიბდება. ამ პროცესის წყალობით მხარეები არა მხოლოდ შეწყვეტენ მტრობას, არამედ წინსვლის გზებთან დაკავშირებით საერთო შეხედულებები ჩამოუყალიბდებათ.

წლების შემდეგ შესაძლოა, ამ პროცესს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში კონფლიქტების სამართლიანი და მშვიდობიანი გადაწყვეტა მოჰყვეს. შედეგად, სრულად აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ხალხები შერიგდებიან, შეიქმნება ის კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითმმართველობისთვის გარანტიებს შექმნის, საქართველოს უცხო ქვეყნის ჯარები დატოვებენ, რომლებიც იქ მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებიან, რუსულ-ქართული ურთიერთობები დარეგულირდება.

აშშ-ის ნაციონალური ინტერესებისთვის მეორე სცენარი აშკარად უპირატესია, თანაც მრავალი მიზეზის გამო: პირველი - აშშ-მა თავის თავზე აიღო საქართველოს კონფლიქტების მოგვარებისთვის ხელშეწყობის ვალდებულება ამ ქვეყნის აღიარებული საზღვრების ფარგლებში. თუკი ის ამ ვალდებულების შესრულების გზებს ვერ გამონახავს, მისი ავტორიტეტი შეილახება. მეორე - გაყოფილ, არასტაბილურ საქართველოს ამ არასტაბილურ რეგიონში სასტიკი კონფლიქტებისა და ძვრების ახალი სერიის გამოწვევა შეუძლია. მესამე - არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება სერიოზულ დაძაბულობას ქმნის მთელ საერთაშორისო სისტემაში და ხელს უშლის აშშ-ის სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების განხორციელებას. მეოთხე - 1991 წლიდან აშშ მუდმივად ლაპარაკობს იმაზე, რომ მისი მიზანი რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების რეალიზების ხელშეწყობაა. მოუგვარებელი კონფლიქტები ასეთ გარდაქმნებს ხელს უშლის როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.

მაგრამ, თუკი დავაკვირდებით ვაშინგტონის განცხადებებს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასრულების მომენტიდან ისმის, სინამდვილეში უპირატესობა აშკარად პირველ სცენარს -„ბერლინივით გაყოფილ საქართველოს“ ენიჭება. ობამას ადმინისტრაცია დაახლოებით ათი წლის წინ დაწყებული პოლიტიკის შაბლონს მისდევს. ჯერჯერობით კონფლიქტების ტრანსფორმაცია ამ რეგიონში მისი პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი არ გამხდარა. კულუარებში აქტიურად მუშაობენ მხარეებთან, რათა დაარწმუნონ ისინი უარი თქვან პროვოკაციულ ქმედებებზე და არსებული უთანხმოებანი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. ეს მიდგომა არასრულყოფილია და უნდა შეიცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის უნდობლობაა და მათგან ხშირად მტრული განცხადებები ისმის, აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მნიშვნელოვანი ზომების განხორციელებას შეუწყო ხელი. ომის შემდეგ დღეს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ აშშ-ის მიდგომა ქართული კონფლიქტების მიმართ უფრო აქტიური და მტკიცე გახდეს, რასაც სიტუაციაზე არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. მიზეზთა გამო, 2011 წლის დასაწყისში, შესაძლებლობათა უნიკალური სივრცე გაჩნდა არა კონფლიქტების მოსაგვარებლად, არამედ უახლოეს პერსპექტივაში პროგრესის მისაღწევად, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის დარეგულირებას უფრო შორეულ მომავალში. შექმნილი სიტუაციის გამოსაყენებლად, ობამას ადმინისტრაციამ მხარეებს გეგმა უნდა შესთავაზოს მოკლევადიან პერსპექტივაში პროგრესის მისაღწევად. ამ გეგმის მთავარ მომენტად კონფლიქტების არდაშვებისა და ნდობის აღდგენის გზები უნდა გახდეს. გეგმა სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება. დეტალები ჩვენს ანგარიშშია მოცემული. ეს კომპონენტებია:

- რუსეთმა უნდა ივალდებულოს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს;

- უნდა გაფორმდეს ორმხრივი შეთანხმებები საქართველოს მთავრობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებს შორის ჰუმანიტარული და ადამიანთა უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაზე;

- საქართველოს და რუსეთის დღევანდელ პოლიტიკაში, რომელიც პროგრესს აბრკოლებს, ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ასეთი გეგმის მიღება ყველა მხარის ინტერესში შედის. მისი რეალიზება კი არ მოითხოვს მხარეების პოზიციის გადახედვას იმ საკითხების ირგვლივ, რომელზეც ისინი ვერ თანხმდებიან.

"ამერიკის პროგრესის ცენტრი", აშშ