ცივი ომის აჩრდილი აშშ-ის სანაპიროზე - კვირის პალიტრა

ცივი ომის აჩრდილი აშშ-ის სანაპიროზე

Times

ამერიკისა და ბრიტანეთის მიმდებარე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დროდადრო სტრატეგიული ბომბდამშენ "ტუ-95"-ის, ხოლო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან

"აკულას" კლასის ორი სუბმარინის გამოჩენამ მსოფლიო შეაშფოთა. ერთმა რუსმა გენერალმა ამ ფაქტს "ჩვეულებრივი პატრულირება" უწოდა, მსოფლიო კი მოსკოვის სამხედრო ზრახვების გამო დაიძაბა.

"აკულას" ბორტზე ტორპედოებისა და ფრთიანი რაკეტების განლაგება შეუძლია და ისეთი დანადგარი აქვს, რომელიც მის აღმოჩენას შეუძლებელს ხდის. "აკულას" ამერიკული ეკვივალენტია წყალქვეშა ატომური ნავი "ლოს-ანჯელესი".

წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური, ამჟამად "საბრძოლო ხომალდების" სპეციალისტი, კომანდორი სტივენ სონდერსი ამბობს: "აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან "აკულას" კლასის წყალქვეშა ნავების გამოჩენა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პოლიტიკური და სამხედრო სვლა არის - ასეთი სვლები ზემოდან ბრძანების გარეშე არ ხდება. უეჭველია, რომ რუსეთის ფლოტი თავისი იმიჯის განმტკიცებას ცდილობს".

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა თქვა, რომ წყალქვეშა ნავების პატრულირება დაიწყო 2007 წელსაც, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტრატეგიული ბომბდამშენების ფრენების განახლება ბრძანა. 2007 წელს, როცა ეს ბომბდამშენები მიუახლოვდნენ დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეს, სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები წამსვე აფრინდნენ ცაში მათ გასაცილებლად.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აღმოჩენილ სუბმარინებს ასაფორიაქებელი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ როგორც პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, ყოველთვის, როცა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები რაღაც უჩვეულოს აკეთებენ, ეს შეშფოთებას იწვევს. "ჩვენ ვიცით, სად არიან ისინი და მათი თვალყურის დევნების საშუალებებიც გაგვაჩნია, მაგრამ თავად მათი იქ ყოფნის ფაქტი გვაღელვებს", - ამბობენ ისინი.

ამერიკელი სამხედრო ისტორიკოსის, წყალქვეშა ომების ექსპერტ ნორმან პოლმარის აზრით, 15 წლის მანძილზე ეს რუსეთის პირველი ატომური წყალქვეშა ნავი არ არის, რომელიც ამერიკის სანაპიროსთან გამოჩნდა. შარშან ატომურმა სარაკეტო კრეისერმა "პეტრე დიდმა" კარიბის ზღვის რაიონში, ხომალდ "ადმირალ ჩაბანენკოსთან" და სხვა გემებთან ერთად ვენესუელის სამხედრო საზღვაო ძალების ერთობლივ სწავლებებში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო "ცივი ომის" შემდეგ რეგიონში სამხედრო ძლიერების პირველი დემონსტრირება.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მაინცდამაინც რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ამ წყალქვეშა ნავების გამოჩენით რუსეთს ოკუპირებული საქართველოს უფრო მეტად დაშინება უნდა. შეიძლება რუსეთს საქართველოს დაპყრობა სურს, ამ სვლით კი ამერიკას შეაშინებს, რათა მან არაფერი იღონოს საქართველოს დასახმარებლად.