"კავკასიის სინგაპური"? - კვირის პალიტრა

"კავკასიის სინგაპური"?

მართალია, საქართველოში სიტუაცია ბევრ სფეროში გაუმჯობესდა, მაგრამ "კავკასიის სინგაპურად" გადაქცევის გზაზე ბევრი დაბრკოლებაა. პირველ რიგში ეს გეოგრაფიაა:

ორივე ქვეყანას მსგავსი გეოპოლიტიკური გამოწვევები და შესაძლებლობები აქვს. საქართველო შედარებით პატარაა და მსხვილი რეგიონული და მსოფლიო მოთამაშეების (რუსეთის, თურქეთისა და ირანის) გზაჯვარედინზე მდებარეობს. სინგაპურის მსგავსად, არც საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები და ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მარშრუტის შუაგულში იმყოფება.

საქართველოს ენერგეტიკული რესურსებისა და სხვა საქონლის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის პოტენციალი კი აქვს, მაგრამ, სინგაპურისგან განსხვავებით, ეს მცირე მასშტაბებში შეიძლება განხორციელდეს.

ევროპა ენერგომიწოდებების დივერსიფიკაციას მიესალმებოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში რესურსების დიდი ნაწილის ტრანსპორტირება რუსეთიდან ცენტრალური ევროპის მილსადენებით გაგრძელდება. საქართველოს შეუძლია გახდეს სამხრეთ კავკასიის სავაჭრო ცენტრი, თუმცა კავკასიის ეკონომიკური პოტენციალი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოტენციალზე მეტისმეტად მცირეა. გარდა ამისა, საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ უდავოა, რომ ის ქალაქი-სახელმწიფო არ არის და, აქედან გამომდინარე, მის წინაშე სინგაპურისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფრასტრუქტურული, დემოგრაფიული და სოციალური გამოწვევებია.

მეორე - უსაფრთხოებაა. მართალია, საქართველოს მთავრობის იურისდიქცია ქვეყნის დიდ ნაწილზე ვრცელდება, თუმცა ქვეყნის დაახლოებით 20%-ს აფხაზი და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტები აკონტროლებენ (ან რუსეთი, როგორც ამას ბევრი დამკვირვებელი ამტკიცებს, ეს განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთს ეხება).

2009 წლის კონფლიქტმა ცხადყო, რომ ეს სიტუაცია საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარ პრობლემად რჩება. სინგაპური უცხოელი ინვესტორებისა და ტურისტებისთვის მიმზიდველი პოლიტიკურმა სტაბილურობამ და უსაფრთხოებამ გახადა. თბილისის ქუჩები რომ უსაფრთხოა, მნიშვნელობა არა აქვს. მანამ, სანამ მთავრობა ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ აკონტროლებს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება გარე სამყაროს დარწმუნება, რომ გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად ეს სტაბილური და უსაფრთხო ადგილია.

დაბოლოს: სინგაპურისგან განსხვავებით, საქართველოს ნაციონალური იდენტობა ასეულობით წლის კულტურული და პოლიტიკური განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, ძალიან ძლიერია. ის საკუთარ თავს ტრადიციებთან და ღირსების ძლიერ გრძნობებთან აიგივებს და მიაჩნია, რომ ერების ევროპული ოჯახის ნაწილია, ბევრად უფრო კონსერვატიულია და სწრაფ ცვლილებებს ეჭვით უყურებს.

მეორე სინგაპურის ერთი ხელის დაკვრით შექმნის მცდელობის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს მისი უნიკალური ძლიერი და სუსტი მხარეები და აწარმოოს თანდათანობით პროგრესზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც ჰარმონიული იქნება მისი ხალხის საჭიროებებთან და სურვილებთან.

"ევრაზია რევიუ", აშშ