აშშ - საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

აშშ - საქართველოსთვის

ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის, Center for American Progress-ის ახალ ანგარიშში "აშშ-ის უფრო აქტიური პოზიცია საქართველოს კონფლიქტებისადმი" ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვა, კონფლიქტების გადაწყვეტაზე ფიქრის ნაცვლად, ყურადღებას საქართველოს, რუსეთს,

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალთა ბალანსზე გადაიტანდა და ამით სამუდამოდ შეინარჩუნებდა "ბერლინის კედლის" მენტალიტეტს.

ანგარიში შეიარაღებით მომარაგებასთან დაკავშირებით ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. "აშშ-მა უნდა სთხოვოს რუსეთს სამხრეთ ოსეთში, ავანპოსტებზე დისლოცირებული სწრაფი შეტევის სატრანსპორტო საშუალებებისა და ტანკების რიცხვის შემცირება ან მათი სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთით გადატანა მაინც, რაც არ  შეამცირებს რუსეთის თავდაცვისუნარიანობას.  მომავალში რუსეთმა უნდა განიხილოს აქ განთავსებული ზოგიერთი საბრძოლო შენაერთის შეცვლა არასაომარი პერსონალით".

რაც შეეხება აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვას, დოკუმენტი რუსეთს უთანხმოების ესკალაციაში სდებს ბრალს.

"რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე, საუკეთესო შემთხვევაში არაკონსტრუქციულია, რომ არა ვთქვათ უკიდურესად ფარისევლური. იმის მაგივრად, რომ ძალადობის განახლების შესაძლებლობის შემცირებისკენ გადადგას ნაბიჯები, მისი დიდმოხელეები მუდმივად უყენებენ ყალბ ბრალდებებს ამერიკას საქართველოს წარსული და ახლანდელი შეიარაღების გამო. 2008 წლის აგვისტოს ომს მთლიანად საქართველოს მთავრობას აბრალებენ. იმუქრებიან, რომ დასჯიან (სამხედრო ძალით) მასაც და ნებისმიერ პოტენციურ მომმარაგებელს, თუ ისინი სხვაგვარად მოქმედებას გაბედავენ.

ამ დროს კი თავად რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სამხედრო ძალა ვერაფრით გამართლდება თავდაცვითი მიზნებით. რუსეთმა სამხრეთ ოსეთში ისეთი აღჭურვილობა განათავსა, როგორიცაა "ტოჩკა", თან ეს ნაბიჯი სრულიად გაუმჭვირვალედ გადადგა. ცნობები ამის შესახებ მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოებში ანონიმურად გამოჟონილი ინფორმაციის მეშვეობით გავრცელდა, რამაც გააძლიერა ქართველთა შეშფოთება და ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვია".

მიუხედავად ამისა, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მიერ შეიარაღების მიყიდვა ცუდი აზრი იქნებოდა არა მარტო იმიტომ, რომ ის საქართველოს შეტევისკენ წააქეზებდა, არამედ იმიტომაც, რომ "ბერლინის კედლის" მენტალიტეტს განამტკიცებდა. "შეიარაღების მიყიდვა შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომ აშშ ემხრობა ერთ მხარეს და ეწინააღმდეგება ყველა აქტორის მორიგებას. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი გამოიწვევდა კონფლიქტის ზონის შემდგომ მილიტარიზაციას. არსებობს რუსეთის ქცევის გამოსწორების სხვა გზები, კერძოდ, ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესება და შესაბამისი სტიმულების შექმნა, რასაც  ნეგატიური გავლენა არ ექნებოდა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესზე".

ავტორები არ აჩერებენ ყურადღებას  ქართველთა იმ არგუმენტზე, რომლის თანახმადაც მათ იარაღი რუსების მოსაგერიებლად სჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ მსოფლიოს დიპლომატები მოახერხებენ რუსეთის შეჩერებას. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთის თავდასხმა სავარაუდო არაა და ამიტომ რისკზე წასვლად არ ღირს.

საერთოდ, ეს გონივრული და ჭკვიანური ანგარიშია,  რაც იშვიათია ანალიტიკური ცენტრების მიერ მომზადებული დოკუმენტებისთვის. ანგარიში ზოგად დებულებებსა და გავრცელებულ შეხედულებებს სცილდება და რამდენიმე სოლიდურ რეკომენდაციას შეიცავს. იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი მას სერიოზულად მიუდგებიან.

"ევრაზიანეტი", აშშ