სალამი, ბატონო პოლიციელებო! - კვირის პალიტრა

სალამი, ბატონო პოლიციელებო!

ერთ კვირაში რუსეთში ძალაში შევა ფედერალური კანონი "პოლიციის შესახებ", მაგრამ სოჭში, "კრასნაია პოლიანაზე" ყოფნისას, ადგილობრივი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ, საეჭვოა, რომ ამ რეფორმას შედეგი მოჰყვეს.

დაუჯერებელია, რომ ერთ, ან თუნდ ორ კვირაში ეს ხალხი შეიცვლება, კანონებს შეისწავლის, უბრალო მოქალაქეებს პატივით მოეპყრობა და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნებს. არ გვინდა, პატიოსან მილიციელებს ვაწყენინოთ, მაგრამ ასეთები ნაკლებად გვხვდებიან.

უპრიანი იქნებოდა, რუს რეფორმატორებს ქართველი კოლეგებისგან კონსულტაცია მიეღოთ, რადგან ბევრი რამე აქვთ მათგან სასწავლი.

რფ-ის შს მინისტრ ნურგალიევის განცხადებით, "მილიციისთვის პოლიციის დარქმევა მხოლოდ "აბრის გამოცვლას" კი არა, "ღრმა რეფორმას" ნიშნავს.

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ქართული შსს კორუფციის, განუკითხაობის და კანონიერი ქურდების სინონიმი იყო (ზუსტად ისე, როგორც რუსეთშია!), მაგრამ ახლა მოქალაქეების განწყობა ამ უწყებისადმი საპირისპიროდ შეიცვალა - საქართველოს მოსახლეობის 87% თავის პოლიციას ენდობა, რეფორმამდე კი ნდობის ფაქტორი 10%-ზე დაბალი იყო.

2004 წელს, სააკაშვილის არჩევნებში გამარჯვებისთანავე, სამსახურებიდან დაითხოვეს საქართველოს ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი. გასაგები მიზეზების გამო კი რეფორმატორების მთავარი სამიზნე საგზაო ინსპექცია გახდა.

მიშამ (ეს ფამილიარობა არ არის, ასე უწოდებენ პრეზიდენტს ოფიციალურ საიტებზეც), ულტიმატუმი წამოაყენა: - თუ ერთ კვირაში გზებზე არ შეწყდება პოლიციელთა თავაშვებულობა (იგულისხმება ქრთამები და სხვ.) შს მინისტრს უკან მივაყოლებ ყველა პოლიციელსო.

ჩვენთან კი რაშიდ ნურგალიევის მინისტრობიდან გათავისუფლებას არავინ აპირებს...

"საპატრულო პოლიციის შესახებ" კანონის მიღების პირველსავე დღეს 15 ათასამდე პოლიციელი დაითხოვეს. შემდეგ კიდევ ამდენივე. სამი თვე საქართველო საგზაო ინსპექციის გარეშე ცხოვრობდა. ამასობაში შეარჩიეს "ძველ" პოლიციაში მუშაობის გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები, შეასწავლეს მუშაობის ფორმები და მეთოდები. შტატი 85%-ით განახლდა - რუსეთში კი 2012 წლისთვის მილიციელთა მხოლოდ 20%-ის დათხოვნას აპირებენ!

ახალი "პატრულის" თანამშრომლებისთვის ათასობით ახალი Volkswagen Passat-ი, Opel-ი და შკოდა შეიძინეს, რითაც ისინი წარმატებით დასდევდნენ დამნაშავეებს ქუჩებში. იჭერდნენ ყველა ჯურის ბოროტმოქმედს - კანონიერ ქურდებს, ჯიბგირებს. აქაურები ამბობენ, ყველა ქურდი ან ციხეშია, ან რუსეთში გაიქცაო.

მთელ საქართველოში პოლიციის განყოფილებებმა ახალსახლობა იზეიმეს. ზოგი საქართველოდან გაქცეული კანონიერი ქურდების ფეშენებელურ ვილებში განთავსდა, დანარჩენს კი სახელმწიფომ ახალი შენობები აუშენა. თანაც, სააკაშვილის ბრძანებით, ეს შენობები გამჭვირვალეა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - პოლიციის ახალი განყოფილებები აშენებულია მინისა და ბეტონისაგან - ყველა გამვლელს შეუძლია იმის დანახვა, რაც შიგნით ხდება. თბილისში შსს-ს ახალი შენობაც "შუშისაა", მაგრამ ეს უკვე გამჭვირვალობის იმიტაციაა. თანაც მის მისადგომებთან გუშაგები დგანან - გამცილებლის გარეშე ახლოს არ მიგიშვებენ.

მექრთამეობასთან საბრძოლველად, გარდა ადმინისტრაციული მკაცრი სანქციებისა (\2005 წელს 200 პოლიციელი დააპატიმრეს, 2006 წელს უფრო მეტი. ამის შემდეგ მექრთამეობის ფაქტებმა კლება იწყო), კიდევ ერთი ასპექტი გამოიყენეს - შსს-ს ყველა თანამშრომელს ხელფასები გაუზარდეს. ახალი კადრების შერჩევის მეთოდებიც დაიხვეწა.

იმისთვის, რომ ყოველივე ზემოთქმულში დავრწმუნებულიყავით, საქართველოში გავემგზავრეთ და ორი დღე ქართველ პოლიციელებთან ერთად გავატარეთ:

საპატრულო პოლიციის მანქანის საჭეს მაიორი რობერტი მართავს, მარჯვნივ უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე ზის. ორივეს პოლიციაში მუშაობის ექვს-ექვსი წლის სტაჟი აქვს. ხელფასი რამდენი გაქვთ-მეთქი, ვეკითხებით. წოდებით უფროსს, რობერტს 750 დოლარი ჰქონია, ალექსანდრეს - 500-მდე. საქართველოში საშუალო ხელფასი 200 დოლარია, ეს ცოტა არ არის, თუმცა განსაკუთრებით წარმატებული მოსკოველი "გაიშნიკისთვის" ასეთი ციფრები სასაცილოა: "დღეში თუ თვეში?" - იკითხავენ ისინი...

ხელფასების გარდა, პოლიციელებს ჩინებული სოციალური შეღავათები აქვთ: დაზღვევა, შვებულებები და სხვ.

ქალაქის ქუჩებში მანქანების სიმრავლეა. გზაჯვარედინებზე პატრული არსად ჩანს. კი მაგრამ, ვინმემ რომ სიჩქარეს გადააჭარბოს ან შუქნიშანზე გადავიდეს? - გზაჯვარედინებზე კამერებია დაყენებული, მონიტორინგის ცენტრში დარღვევებს აფიქსირებენ, მერე მძღოლებს "ბედნიერების წერილებს" უგზავნიან. ერთ თვეში ჯარიმის გადახდის თხოვნით, - ღიმილით გვპასუხობს რობერტი.

ერთი ეს კამერები დაანახა ჩვენს "გაიშნიკებს"...

შუქნიშანზე ჩვენი მანქანაც შედგა. იქვე, სუპერმარკეტთან "ვოლვო" გაჩერდა. მძღოლი გადმოვიდა, არც მანქანის კარი მიხურა!!! არც მინა ასწია!!! გასაღებიც საკეტში დატოვა და წყნარად შევიდა მარკეტში... "გასაკვირი არაფერია, - ამბობს ლეიტენანტი ალექსანდრე, - აბა, ვინ გაბედავს მანქანის ხელის ხლებას. ხომ გითხარით, ქურდები ან ციხეში სხედან, ან რუსეთში გაიქცნენ".

საქართველოში ყოფნის ექვსი დღის მანძილზე ერთხელაც არავის გავუჩერებივართ! მაგრამ, როცა რუსეთში დავბრუნდით, მინერალნიე ვოდიმდე შვიდჯერ გაგვაჩერეს! ხან საბუთი მოგვთხოვეს, ხან რა შარი მოგვდეს. რაც უნდოდათ, ალბათ, მიხვდებით...

თუმცა იყო ერთი შემთხვევა: ბათუმში პოლიციის ეკიპაჟმა ჩვენი მანქანა გააჩერა. გადმოვიდა უფროსი ლეიტენანტი, ქუდი და ჰალსტუხი გაისწორა და: - საღამო მშვიდობისა, რამით ხომ არ დაგეხმაროთო. მადლობა მოვახსენეთ და ავუხსენით, - ღამის გასათევს ვეძებთ-მეთქი. მაშინვე შემოგვთავაზეს დახმარება. მერე გვკითხეს, მანქანასთან დაკავშირებით პრობლემა ხომ არ გაქვთო... თუ რამე დაგჭირდეთ, 20-22 აკრიფეთ და მაშინვე თქვენთან გავჩნდებით. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ბათუმშიო!..

ისევ საქართველოს რეფორმებს ვუბრუნდებით. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ის, თუ რამდენიმე წუთში როგორ იღებენ მანქანის მართვის უფლებას, აყენებენ და ხსნიან აღრიცხვიდან ავტომობილებს, უპრობლემოდ იღებენ მანქანის ახალ ნომრებს...

კორუფციის ბოლომდე აღმოსაფხვრელად საქართველოში კიდევ ერთ ხერხს მიმართეს: დაადგინეს, რომ მანქანების ტექშემოწმებას, როგორც კორუფციის ბუდეს, უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებლობა და... მინიმუმ 2012 წლამდე გადადეს, მანამ, სანამ ქრთამის გამორიცხვის მექანიზმი არ გამოჩნდება. ამავე მიზეზით გააუქმეს სანიტარიულ-ეპიდემიური ზედამხედველობის და სახანძრო ინსპექციები... ბუნებრივია, ამის გამო საქართველოში არც ტარაკნები მომრავლდება და არც ხანძრები. საქართველოში არც ყოველწლიური სატრანსპორტო გადასახადი არსებობს. ავტომობილები მხოლოდ საბაჟო გადასახადს იხდიან.

აი, ასეთი რეფორმაა საქართველოში, შეიძლება ბევრი რამ გამომრჩა კიდეც...

ისე, ცნობისათვის: "პოლიციის შესახებ" კანონის განხილვისას რაშიდ ნურგალიევმა თქვა, - ამის შემდეგ პოლიციელებს ამგვარად მიმართეთ, - "ბატონო პოლიციელო", რადგან ყველგან ასეა მიღებულიო...

ჟირინოვსკი ამბობს, რუსეთს მხოლოდ მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი გადაარჩენს - რეალური და ფანტასტიკურიო. რეალურია - თუ უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ და ყველაფერს ჩვენ მაგივრად გააკეთებენ, ფანტასტიკური - თუ ყველაფერს ჩვენვე გავაკეთებთ.

ვნახოთ, რა გამოუვათ ჩვენს რეფორმატორებს.

"ლაივჯორნალ", რუსეთი