აგვისტოდან აგვისტომდე - კვირის პალიტრა

აგვისტოდან აგვისტომდე

The new york times

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს ნათელი ხდება, რომ ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ბუნდოვან

გადაწყვეტილებასთან ერთად, მკაფიო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს საქართველოსთვის და რუსეთის პერიფერიის სხვა ქვეყნებისთვის. ამასთანავე უარი თქვას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან ორმხრივი კავშირების პრიმიტიულ პრაქტიკაზე, რომელიც მოსკოვის ამ ქვეყნებთან დამოკიდებულებითაა ნაკარნახევი. ამ ახალ მიდგომაში უნდა აისახოს რუსული საფრთხის რეალურობა, ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ რეფორმებზე მოთხოვნაც, რაც გადამწყვეტია რეგიონული სტაბილურობისთვის.

ჯერჯერობით, ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ძალიან ჰგავს ბუშის ეპოქის თეთრი სახლის კურსს. განცხადებებით ის თბილისს მხარს უჭერს და, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ ამით რეგიონზე რუსეთის მზარდ გავლენას შეასუსტებს. სამწუხაროდ, მისი წინამორბედის მსგავსად, ობამას ადმინისტრაცია ხშირად ბუნდოვან სურათს ქმნის და საქართველოზე საუბრისას ერთმანეთში ურევს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა "მეგობრობა" და "დემოკრატია". ეს კი ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის საზღვრებს მიღმა დემოკრატიის განვითარებას ზიანს აყენებს, რადგან საქართველოში არსებულ დემოკრატიას ცოტა ვინმე თუ ეკიდება სერიოზულად.

ყველასათვის ცნობილია, თუ რა სირთულეებს აწყდება ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, ისიც ვიცით, როგორი გავლენა მოახდინა ამერიკის და საქართველოს ხელმძღვანელთა ურთიერთობების პირადულმა ხასიათმა ორივე ამერიკული პარტიის სურვილზე - არ გააკრიტიკონ საქართველო იმის გამო, რომ ის ბოლო წლებში დემოკრატიას დაშორდა.

მართალია, საქართველო ამერიკის მეგობარია, რაც მან ერაყსა და ავღანეთში არმიის გაგზავნით დაადასტურა, თუმცა მას ვერ ექნება პრეტენზია, უზადო დემოკრატიად იწოდებოდეს, მაგრამ სწორედ ასე უყურებდნენ და უყურებენ მას ბუშისა და ობამას ადმინისტრაციები. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსეთთან ომის დროს, როდესაც საქართველოს ხმამაღლა აქებდნენ და "დემოკრატიულ დავითს" ეძახდნენ, რომელიც ავტორიტარულ რუსულ "გოლიათს" შეერკინა.

რამდენიმე წლის წინ საქართველო ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, მაგრამ პოლიციის ზედმეტმა სისასტიკემ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, პრობლემებმა სასამართლო ხელისუფლებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვის მცდელობამ სააკაშვილისადმი ნდობა შეარყია. მას შემდეგ, რაც ბუშმა საქართველოს "დემოკრატიის შუქურის" იარლიყი მიაწება, ქვეყანამ დემოკრატიული ნორმებიდან უკუსვლა დაიწყო, ვაშინგტონს კი ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს. საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუკი დემოკრატიულად და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნად ჩამოყალიბდება. ომმა ამ მიზნის მიღწევა არსებითად გაართულა.

რეგიონში დემოკრატიული ინიციატივის დაბრუნებისა და მოსალოდნელი კატაკლიზმების თავიდან აცილების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უნდა განუცხადოს თბილისს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს რა რუსეთთან მეზობლობის სირთულეებს, მისი მეზობლებისთვის დემოკრატიული სტანდარტების თამასას ზრდის და ამიერიდან აღარაა თანახმა ცარიელი დაპირებები მოისმინოს დემოკრატიის განვითარებაზე.

ვაშინგტონი ამის მიღწევას შეძლებს, თუკი თბილისს უარს ეტყვის სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ასე სწყურია საქართველოს და ამ სახსრებს დემოკრატიის განმტკიცებას, ქართული მედიასაშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ასევე საარჩევნო და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებას მოახმარს. ამ კურსის  ნებისმიერი შესუსტება ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში არასტაბილურობის შენარჩუნების საფრთხეს ქმნის და აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე სხვა არამყარ დემოკრატიებს მსოფლიოში არასწორ სიგნალებს უგზავნის.