საქართველოს სამთო-სათხილამურო ცენტრად გადაქცევას აპირებენ - კვირის პალიტრა

საქართველოს სამთო-სათხილამურო ცენტრად გადაქცევას აპირებენ

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, საქართველო სამთო-სათხილამურო დასვენების თაყვანისმცემელთათვის სამოთხედ გადააქციოს.

ლიდერისთვის, რომელსაც მთავრობის სხდომა ხასხასა მწვანე ფერის სათხილამურო კოსტიუმში გამოწყობილს მიჰყავს, ასეთი იდეა ბუნებრივია, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელების მაღალი ღირებულება საეჭვოდ მოჩანს, - ეტყობა, ეს ოცნება მხოლოდ ამბიციური პროექტია და არა ეკონომიკურ წარმატებაზე გათვლილი პროგრამა.

კამპანია შარშან შემოდგომაზე, მაღალმთიანი სვანეთის ქალაქ მესტიაში დაიწყო. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სვანეთს ტურისტულ ცენტრად გადააქცევს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და შვეიცარიულ სამთო-სათხილამურო კურორტებს კონკურენციას გაუწევს.

როდესაც იანვარში მესტიაში თოვლი საერთოდ არ მოვიდა, ხოლო ცნობები პირველი ოფიციალური სათხილამურო სეზონიდან მიღებულ შემოსავლებზე ჯერ არ არსებობს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მეორე სამთო-სათხილამურო კურორტს გახსნის, ამჯერად სვანეთის სამხრეთით, შავი ზღვის სანაპირო რეგიონის, აჭარის მთებში. ამ ყველაფრის გარდა, ხელისუფლება ამბობს, რომ ააშენებს თხილამურების დამამზადებელ ქარხანას.

რამდენიმე კვირაში აღმოჩნდა, რომ სათხილამურო ციებ-ცხელებამ ასევე შეიპყრო მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე თბილისის მერი გიგი უგულავაც. ახლა სამთო-სათხილამურო კურორტს თბილისიდან 15 წუთის სავალზეც აშენებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც რეგულარულად ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს და სწავლობს მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის დონეს, ფიქრობს, რომ მთავრობის მოულოდნელი ლტოლვა სამთო-სათხილამურო კურორტების მშენებლობისადმი, ერთგვარი დიდი იდეაა, იმ ტიპის უკვე რეალიზებული იდეების მსგავსი, როგორიც იყო ელექტრომომარაგება, საგზაო პოლიცია და გზების მშენებლობა, რომელმაც სააკაშვილს კარგი სამსახური გაუწია.

"საქართველოს მოსახლეობას სურს ჰქონდეს მეტი ფული და მეტი საქონელი, - ამბობს კაჭკაჭიშვილი, - სააკაშვილს თავისი მოდერნიზაციის სტრატეგიით მოსახლეობის უმრავლესობის მიმხრობა სურს. მას ქვეყნის მოდერნიზაციის საქმიანობაზე დაყრდნობით ხელისუფლებაში დარჩენა აქვს განზრახული."

თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების კამპანია კარგად გათვლილ სახელმწიფო სტრატეგიას ეფუძნება და არა ვინმეს პირად სურვილებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას დაევალა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური ბაზის მომზადება ავსტრიული ფირმა Kლენკჰარტ ანდ Pარტნერს-ის პროექტისთვის. ანალოგიურ პროექტს მესტიისთვის ქართულ-კანადური კომპანია ამზადებს.

კამათის ცენტრალური თემა იყო და დღესაც არის პროექტების ღირებულება. პრეზიდენტის სამთო-სათხილამურო მარგალიტის, მესტიის, პროექტის ხარჯები მთლიანობაში 2010-2011 წლებში 254 მლნ ლარია (145 მლნ დოლარი). სამუშაოებს ბიუჯეტიდან და საერთაშორისო კრედიტების ხაზიდან დააფინანსებენ. ეს იმ სახსრებზე მეტია, რომლის გამოყოფასაც მთავრობა იმავე პერიოდში გეგმავს გარემოს დაცვის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროსთვის. შეძლებს კი მესტია იმ რაოდენობის ტურისტების მოზიდვას, რომელიც მსგავს ხარჯებს გაამართლებს? ეს კითხვა კვლავ ღიად რჩება.

საქართველოს ტურიზმის ნაციონალური სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებს - გუდაურს და ბაკურიანს 56000 მოთხილამურე ესტუმრა. სააგენტოს შეფასებით, მათი 85-90% ქვეყნის მცხოვრები იყო. ასეთი ციფრები პრეზიდენტის პროექტის კომერციულ მიმზიდველობას საეჭვოს ხდის.

"შარშან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 60000-ზე ნაკლები კაცი ჩავიდა, ეს ციფრი ვერ გამოდგება ახალი კურორტების მშენებლობის გასამართლებლად, - აღნიშნავს სამთო-სათხილამურო ინდუსტრიისა და ტურიზმის საკითხების კონსულტანტი ჟენევიდან ლორან ვანატი, - საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტებს წელიწადში საშუალოდ 300 000 ტურისტი სტუმრობს და ეს ციფრი მერყეობს კონკრეტული ქვეყნის მონაცემების მიხედვით. მთლიანობაში პროექტის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, დამსვენებელთა ნახევარი მაინც უცხოელი ტურისტი უნდა იყოს", - ამბობს ექსპერტი.

"ევრაზიანეტი", აშშ