სამხედრო ქალაქი ახალ ათონში - კვირის პალიტრა

სამხედრო ქალაქი ახალ ათონში

ახალ ათონში აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სასაზღვრო სამხედრო ძალების კომფორტაბელური სამხედრო ქალაქის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რუსეთის ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი, რფ-ის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი იური ზვირიკი.

ეს უკვე რუს მესაზღვრეთა მესამე ქალაქია, რომელიც 2009 წლის აპრილში რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების დადების შემდეგ აშენდა. "ეს აფხაზეთის ცხოვრებასა და ჩვენს ურთიერთობაში საეტაპო მოვლენაა, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებების რეალური ხორცშესხმაა, უპირველესად, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარებისა",  - განაცხადა გახსნის ცერემონიაზე სერგეი ბაღაფშმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკა იყო და იქნება რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე. "ჩვენ მადლობელი ვართ ამ დიდი ქვეყნისა, მისი მესაზღვრეებისა იმისათვის, რაც მათ ჩვენი რესპუბლიკის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის გააკეთეს და აკეთებენ. ყოველივე ეს ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, ურთიერთობების გამყარებას", - აღნიშნა ბაღაფშმა.

რუსეთის ელჩმა სემიონ გრიგორიევმა თქვა, რომ სამხედრო ქალაქი გაშენდა "დალოცვილ ადგილას" - ახალ ათონში. "აქედან მოჩანს ახალი ათონის მონასტრის გუმბათები, უძველესი ანაკოფიის ციხე. მჯერა, რომ რუსი მესაზღვრეები ღირსეულად შეასრულებენ თავის მოვალეობას აფხაზეთის წმინდა მიწის უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში", - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

"ნიუსრუ.კომ", რუსეთი