სამხედრო ჩარევა შესაძლებელია - კვირის პალიტრა

სამხედრო ჩარევა შესაძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტმა ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის გადადგომა ურჩია. "მუამარ კადაფიმ ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა წავიდეს. ისინი, ვინც ლიბიის ხალხის მიმართ ძალმომრეობას იჩენენ, დაისჯებიან", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი კრიზისიდან ლიბიის გამოსასვლელად ჰუმანიტარულ ასპექტს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა არც სამხედრო მიდგომას გამორიცხავს.

პენტაგონი აღიარებს, თუმცა ძალიან ფრთხილად, რომ მუამარ კადაფი საბრძოლო ავიაციას იყენებს ამბოხის ჩასახშობად.

ლიბიის სამხრეთით, მსხვილი ნავთობტერმინალის მახლობლად, ქალაქ ბრეგის დაბომბვამ აშშ-ში ნავთობის მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვია. რესპუბლიკელები პრეზიდენტ ობამას ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ. აუცილებელია ლიბიელი ამბოხებულების დახმარება, - აცხადებენ რესპუბლიკელი კონგრესმენები.

ამ მიზნით, ქვეყნის თავზე უნდა შეიქმნას ზონა, რომელშიც ვერ იფრენს ლიბიის ავიაცია. მაგრამ ამ გეგმის რეალიზებამ შეიძლება ვაშინგტონს არა მარტო სამხედრო, არამედ დიპლომატიური გართულებაც შეუქმნას არაბულ სამყაროში. მისი ლიდერები გადაჭრით ეწინააღმდეგებიან დასავლეთის სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში.

ლიბიის თავზე საჰაერო სივრცის დასახურად ჯერ ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურება იქნება საჭირო. ამას გარდა, პენტაგონის თავკაცის თქმით, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია არ ითვალისწინებს სამხედრო ძალის გამოყენებას.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ