ევროპა დემოკრატებს უნდა მიემხროს - კვირის პალიტრა

ევროპა დემოკრატებს უნდა მიემხროს

ევროკავშირის კომისარი შტეფან ფიულე უპრეცედენტო აღიარებით წარდგა იმ ისტორიული დანაშაულის გამო, რომელიც ევროპას ჩრდილოაფრიკელი დიქტატორების მხარდაჭერის საკითხში აქვს.

ფიულემ, რომლის შეფასებებიც ძალიან პირდაპირი იყო, თქვა, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა დიქტატორებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავენ. მისი თქმით, "ევროპამ უნდა შეძლოს და შეძლებს კიდეც გამოწვევების მიღებას და მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისკენ სვლას ჩრდილოეთ აფრიკაში, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლის რევოლუციების შემდეგ გააკეთა".

მან დასძინა, რომ მიგრაციის ზრდის, ნავთობზე ხელმისაწვდომობის ან ისლამისტების მომრავლების შიშმა ხელი არ უნდა შეუშალოს ევროპას რეგიონში დემოკრატიის მხარდაჭერაში. "დიახ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ტუნისიდან, ლიბიიდან და გარკვეული დოზით - ეგვიპტიდანაც მიგრაციის მზარდი ნაკადის წინაშე; ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის გზას დაადგნენ, გარკვეული პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნება, მათ შორის გაჩნდებიან ისლამისტური პარტიებიც და, სავარაუდოდ, ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიის წესებით თამაში არ მოუნდებათ.

ნავთობის ფასები გაიზრდება, ინვესტიციები დაიკარგება... მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რევოლუციურ ცვლილებებს ძალას უმალ სტაბილური პოლიტიკური სისტემების შექმნა არ მოჰყვება, უნდა გადავლახოთ ეს რისკები და მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ჩვენი გრძელვადიანი საერთო ამოცანა: დემოკრატიული, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი ჩრდილოეთი აფრიკა", - თქვა ევროკავშირის კომისარმა.

ეუობსერვერ.კომ, ბელგია