ავტოკრატები ნებით არ მიდიან - კვირის პალიტრა

ავტოკრატები ნებით არ მიდიან

მართალია, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა რეპრესიული მთავრობების საწინააღმდეგო სახალხო მრისხანებამ მოიცვა, მაგრამ ყოფილ ლენინურ საბჭოთა კავშირში კვლავ რკინის მმართველები იმარჯვებენ:

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა ბელორუსიაში დიდი ხნის პრეზიდენტი დეკემბერში კიდევ ერთი ვადით, ხმების 80%-ით აირჩიეს. ამის შემდეგ მან  სერიოზული დანაშაულები ჩაიდინა - ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, რომელსაც კიდევ მეტი სტაჟი აქვს, საკუთარ თავს "ნაციონალური ლიდერის"“სტატუსი უბოძა.

ყველაზე ძლიერი პოსტსაბჭოთა ავტორიტარი მმართველი ვლადიმირ პუტინია, მაგრამ სხვებთან შედარებით ის ახალბედაა - ხელისუფლებაში მხოლოდ ათი წელია.

თითქმის ოცი წლის წინ, საბჭოთა კომუნიზმის კრახთან ერთად, გაჩნდა იმედი, რომ ახალ დამოუკიდებელ (ყოფილ საბჭოთა) რესპუბლიკებში, რომლებმაც ტოტალიტარიზმს თავი დააღწიეს, თავისუფალი არჩევნები ჩატარდებოდა, გაჩნდებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ენერგიული დამოუკიდებელი მედია.

მაგრამ ეს იმედები ნაადრევი და გულუბრყვილოც კი აღმოჩნდა. დემოკრატიის მოდელმა, რომელიც დასავლეთში დამკვიდრდა, ბევრ (ყოფილ საბჭოთა) ქვეყანაში დისკრედიტაცია განიცადა. ამიტომ იმ ფონზეც კი, როდესაც ეგვიპტის, ლიბიის და არაბული სამყაროს სხვა ქვეყნებმა მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ყურადღება მიიპყრო, რეგიონის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

"ასეთი სცენარი მათ ჩვენთვისაც მოამზადეს და მის განხორციელებას შეეცდებიან, - განაცხადა პუტინის პროტეჟე პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა,„- მაგრამ ეს სცენარი აქ ვერ განხორციელდება".

ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც კი, სადაც უმრავლესობა მუსლიმანი მოსახლეობაა, ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ყოველ შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთის ძალადობამ ხანმოკლე პერსპექტივაში დიქტატორების პოზიცია განამტკიცა, რადგან მას ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა და ისეთ ნავთობ-სახელმწიფოების ეკონომიკას წაადგა, როგორებიც არიან რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.

უკანასკნელი ათწლეულების ე.წ. "ფერადმა" რევოლუციებმაც კი უკრაინაში, ყირგიზეთსა და საქართველოში, რაც ყველგან ავტორიტარიზმზე უარის თქმად აღიქმებოდა, სულისკვეთება დაკარგა. გარკვეული დროის განმავლობაში საქართველო თითქოს დემოკრატიული ტალღის ავანგარდში იყო, მაგრამ 2007 წელს ამერიკის მოკავშირე პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასტიკად ჩაახშო საკუთარი ოპოზიცია.

ახლა მას მოწინააღმდეგეები პუტინზე უკეთ არ აფასებენ. მას მხარდამჭერები იცავენ და ამბობენ, არ შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას, როდესაც 2013 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებაო. ამტკიცებენ, სააკაშვილმა საქართველოს მოდერნიზაციის საქმეში უზარმაზარ წარმატებებს მიაღწია და არ არის რეალური იმაზე ფიქრი, თითქოს საბჭოთა სისტემის ნაწილი ქვეყანა ერთ საათში გარდაიქმნებოდაო.

"ფიგარო", საფრანგეთი