"დანა-ჩანგლის ხმარება ხინკლის ჭამის დროს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ხინკალსა და საქართველოზე? - კვირის პალიტრა

"დანა-ჩანგლის ხმარება ხინკლის ჭამის დროს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ხინკალსა და საქართველოზე?

ბრიტანულ ჟურნალ "ნიუ სთეითესმენ"-ში ("New Statesman") გამოქვეყნდა პუბლიკაცია სათაურით "ხინკალი: რას ამბობს ქართული ეროვნული კერძი თავისი ქვეყნის შესახებ" (ავტორი - იდო ვოკი), რომელშიც საუბარია ხინკალზე, მისი მომზადების წესზე და საერთოდ, ამ საკვები პროფუქტის მნიშვნელობაზე ქართულ კულტურაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

"ქართველები სიამოვნებით აკვირდებიან იმ უცხოელების ქცევას, რომლებიც ხინკალს პირველად ხედავენ, მას გაოცებით უყურებენ და არ იციან, საიდან მიუდგნენ საჭმელად ამ პლისესავით დაკეცილ პროდუქტს - დანით დაჭრან თუ ხელით აიღონ და მოკბიჩონ? ან რა უნდა უყონ იმ მსხვილ ფოჩს ხინკლის ცენტრში?

კეთილი ქართველები სტუმრებს მანამ აუხსნიან ყველაფერს, სანამ ისინი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან: ხელი უნდა მოჰკიდოთ ხინკლის ცენტრში არსებულ ჭიპს, გადმოაბრუნოთ, დაფქული წიწაკა დააყაროთ (თუ დაყრილი არ აქვს), ჯერ მცირედ მოკბიჩოთ, ბულიონი გამოწოვოთ და შემდეგ ნელ-ნელა მიირთვათ. ხინკლის ჭიპი შეგიძლიათ დატოვოთ. დანა-ჩანგლის ხმარება ხინკლის ჭამის დროს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია", - ნათქვამია სტატიაში.

"ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ხინკალი ქართველებმა სპარსელებთან ბრძოლაში დაჭრილი მეომრების საკვებად და მათი გამოჯანმრთელების მიზნით გამოიგონეს. სპარსელები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს დამორჩილებას. დაჭრილი მეომრებისთვის კი ნიორი ერთგვარ ანტისეპტიკის როლს ასრულებდა, ხოლო კალორიებით სავსე ბულიონი და ხორცი მათი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებდა", - აღნიშნავს ავტორი.

"რასაკვირველია, ლეგენდაში ქართული განსაკუთრებულობაა ჩადებული, რეალურად კი შესაძლოა ამ საჭმლის შექმნის სხვა მიზეზებიც არსებობს. ხინკალი, შესაძლოა საქართველოში მონღოლებმა შეიტანეს, რომლებიც კავკასიის მთებში შუა აზიის ტრამალებიდან მივიდნენ. ისინი თავიანთი მეომრებისათვის მსგავს საჭმელს ამზადებდნენ. მონღოლებმა დაკეცილცომიანი პროდუქტი თავიანთი იმპერიის საზღვრებამდე გაავრცელეს და შესაბამისად, ამ იმპერიაში მცხოვრებ ხალხებს ერთმანეთის მსგავსი საჭმელი აქვთ, ეროვნული სპეციფიკით შეზავებული: რუსული პელმენი და კორეული მანდუ ძალიან ჰგავს ქართულ ხინკალს", - წერს იდო ვოკი.

ავტორი ეწვია დაბა ფასანაურს, რომელიც, როგორც ამბობენ, ხინკლის სამშობლოა. იგი შეხვდა გოჩა ქავთარაძეს და მანანა აფციაურს, სტალინის ქუჩაზე მდებარე სახინკლეში სახელწოდებით "ჩვენი უბანი", რომლებიც ხინკლის მომზადების წესს უზიარებენ.

"ქართული სამზარეულოს ერთგვარი ირონია იმაშია, რომ ის დასავლეთში თითქმის არ არის ცნობილი - იმ დასავლეთში, საითაც საქართველო მიისწრაფვის, მაგრამ იმავდროულად ძალიან პოპულარულია რუსეთში. ევროპის დედაქალაქების უმრავლესობაში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ქართული რესტორნებია, მაშინ როცა რუსეთში, რომელსაც საქართველო თავისი ორი რეგიონის ოკუპანტად მიიჩნევს, ყოველ ქალაქში შეხვდებით ქართულ ხინკალს. ეს, ალბათ, კომუნისტური პერიოდის მემკვიდრეობაა, დღეს ქართველი ემიგრანტები რუსეთის ყველა კუთხეში არიან მიმოფანტულნი. "ქართული რესტორნები იმ ადგილებად იქცნენ, სადაც ქართველები საბჭოთა პერიოდში ერთად იკრიბებოდნენ რაღაც მოვლენის საზეიმოდ აღნიშვნის მიზნით", - ამბობს ერიკ სკოტი, წიგნის "ცნობილი უცნობების" ავტორი, - "ქართული რესტორნების პოპულარობის დონე ისეთია, რომ მან გადაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლა და ორ სახელმწიფოს შორის მომხდარი ომიც კი". ქართველი და უცხოელი კულინარ-მზარეულები ხინკალზე ექსპერიმენტებს ატარებენ. მაგალითად, თბილისის რესტორან "კულინარიუმის" შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე ხინკლის სუპს ამზადებს იაპონური ბულიონით, რესტორან "მეტისში", რომლის მფლობელი ფრანგი ემიგრანტია, ხინკალს ლოკოკინით მოგართმევენ (ძველი გალების სტილით), იტალიელი შეფ-მზარეული კი ხინკლის მომზადებას შოკოლადით ცდილობს. "ეჰ, განა სრულყოფილების გაუმჯობესება შეიძლება?", - ბუზღუნებს გოჩა ქავთარაძე. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ