"ნაბუკოს" კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

"ნაბუკოს" კვალდაკვალ

რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინი გასულ კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩაფრინდა და თურქეთის პრემიერ რეჯებ ერდოღანთან ერთად

ოცამდე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მათ შორის გაზის სფეროში: გაზსადენის "ცისფერი ნაკადი-2"-ის მშენებლობის დაწყების და "სამხრეთის ნაკადის" მშენებლობისათვის საჭირო კვლევითი სამუშაოების დაწყების ხელშეკრულებებს.

"ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის შესაბამისად, რუსეთის თხოვნით, პროექტს "სამხრეთის ნაკადის" სარეალიზაციოდ აუცილებელი გეოლოგიური სამუშაოების ჩატარების ნებართვა დავუშვით", - თქვა ერდოღანმა.

შეხვედრას ესწრებოდა იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც "ნაბუკოს" გაზსადენთან დამღლელ ბრძოლაში პუტინის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. გარდა ამისა, იტალია რუსეთის გაზსადენ "სამხრეთის ნაკადის" ბოლო პუნქტი იქნება.

ცნობისთვის: "სამხრეთის ნაკადი" შავ ზღვასა და ბალკანეთს გადაკვეთს, ხოლო მისი მშენებლობის ოფიციალურ თანხმობას თურქეთი 2010 წლის 16 ნოემბერს გასცემს.

სავარაუდოდ, სილვიო ბერლუსკონი აქ ევროკავშირის ინტერესებს იცავდა, ოღონდ ისე, რომ იტალიისა და რუსეთის ინტერესები არ შეელახა.

რუსეთ-უკრაინის იანვრის გაზის დავის შემდეგ, რის გამოც ბევრი ევროპული ქვეყანა რამდენიმე კვირა შუა ზამთარში გათბობის გარეშე დარჩა, ევროკავშირი "ნაბუკოს" პროექტს უჭერს მხარს, რომელიც კასპიის რეგიონიდან რუსეთის გვერდის ავლით გავა ევროპაში. თურქეთიც მონაწილეობს "ნაბუკოს" პროექტში, გარდა ამისა, ის უარს არ ამბობს არც ერთ პროექტზე, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელდება - ეს იქნება "სამხრეთის ნაკადი", "ცისფერი ნაკადი" თუ სხვ. გარდა ამისა, მან რუსეთი სამსუნი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაში ჩართო, რითაც რუსეთი აქამდე არ დაინტერესებულა. ეტყობა, ეს დანარჩენი ხელშეკრულებების საზღაური იყო.

პუტინმა აღნიშნა, რომ "სამხრეთის ნაკადი" და "ნაბუკო" კონკურენტი პროექტებია, მაგრამ ერთმანეთს არ გამორიცხავენ...

აქამდე ვლადიმირ პუტინი არასოდეს აღიარებდა ერთდროულად გაზისა და ნავთობის ორ-ორი პროექტის არსებობის უფლებას. როცა ამის შესახებ ეკითხებოდნენ, ირონიულად პასუხობდა, - ნეტა რითი აპირებენ "ნაბუკოს" შევსებასო. და სწორედ პუტინის პოზიციის ეს თვალში საცემი ცვლილება იყო ანკარის შეხვედრის მთავარი ინტრიგა.