მძიმე ტვირთი - კვირის პალიტრა

მძიმე ტვირთი

ფოცხოეწერი ქალაქიც არ არის: აქ მხოლოდ რამდენიმე სახლია, რომელშიც საბჭოთა პერიოდში ენგურჰესის მუშები ცხოვრობდნენ. უახლოესი პურის საცხობი 5 კმ-შია.

თბილისიდან 300 კმ-ში მდებარე ამ ბარაკულ დასახლებაში, დაახლოებით 500-მდე კაცი ნებაყოფლობით არ ცხოვრობს, - ისინი დევნილებად უკვე მეორედ იქცნენ.

2010 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისში დევნილების მიერ დაკავებული ათობით ნაგებობა გაეთავისუფლებინა. ამ შენობების მფლობელებმა თავიანთი საკუთრების დაბრუნება მოითხოვეს. 2011 წლის იანვრის ჩათვლით ამ ბინებიდან დაახლოებით 1 200 ოჯახი გამოასახლეს.

დევნილების 2/3-მა საკუთარი სახლები ერთხელ, დაახლოებით 20 წლის წინ დაკარგა აფხაზეთთან პირველ ომში. დევნილების მომდევნო ტალღა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მონაცემებით, საქართველოში დღეს 251 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.

"ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ დევნილებს ისეთ რეგიონებში ასახლებენ, სადაც არც სამედიცინო მომსახურებაა, არც სკოლები, არც საბავშვო ბაღები, არც სამუშაო, იქ ცხოვრება შეუძლებელია", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტების ასოციაციის"თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. ეს და სხვა ორგანიზაციები ჩივიან, რომ იძულებითი გასახლებები ქაოსურია და კანონი ყოველთვის დაცული არ არის. "დევნილების გასახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი ამით მათი საცხოვრებელი პირობები არ უარესდება", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური. უფლებადამცველთა აზრით კი ეს ასე არ არის.

ჩუგოშვილის შეფასებით, დევნილების შინ დაბრუნების შანსი უმნიშვნელოა. თუ რამდენად დაშორებულია ერთმანეთისგან მხარეთა პოზიციები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ, ეს მოსკოვის "კარნეგის ცენტრში" გამართულ დისკუსიაშიც გამოჩნდა. ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია American Progress-ის ექსპერტის, სემუელ ჩარაპის შეფასებით, დაახლოება მცირე ნაბიჯებით შესაძლებელია, რუსი მონაწილეების განწყობა კი ბევრად პესიმისტური იყო. ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებად რუსეთის პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის რთული ურთიერთობა აღიქმება.

"სტანდარდი", გერმანია